კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექიმები სამედიცინო მონოპოლიის წინააღმდეგ

22 აპრილი, 2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

„ხელისუფლება არ უნდა იყოს ვიღაცისთვის დედა და ვიღაცისთვის დედინაცვალი“

ბათუმის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი უკმაყოფილებას გამოთქვამს მათი საავადმყოფოს გასხვისებასთან დაკავშირებით. ისინი ხელისუფლებას ,,100 ახალი საავადმყოფოს” პროგრამას უწუნებენ.

ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია - 10 ჰექტარი მიწის ფართობითა და შენობებით, სიმბოლურ ფასად, 1 000 დოლარად გაიყიდა. საავადმყოფოების პრივატიზება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მოახდინა. მედპერსონალის განცხადებით, მათთან ახალი მეპატრონის სახელით, კომპანია „ავერსის“ მფლობელი პაატა კურტანიძე იმყოფებოდა.

„დღეს საქართველოში საავადმყოფოს უმრავლესობა ფარმაცევტულმა ფირმებმა შეისყიდეს. რაც იმას ნიშნავს რომ წამლის გასაღებაზე სრული მონოპოლია დაწესდება. ახალმა მეპატრონემ გაგვიმარტა, რომ მოიმატებს ხელფასები, მაგრამ იქვე დაამატეს, რომ ისინი იმუშავებენ ბიზნესის პრინციპით - საავადმყოფო იქნება მომგებიანი და გადახდის უუნარო პაციენტებს არ მიიღებენ. მაღალი ხელფასი ყველას გვაინტერესებს, მაგრამ საავადმყოფოს მარტო კომერციული პრინციპით მუშაობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აცხადებს ბათუმის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მედპერსონალი.

ექიმები ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მათ მფლობელობაში გადაცემას ითხოვენ. ექიმ ზურაბ ჩიხლაძის განცხადებით, „სახელმწიფო ქონების მონოპოლისტურ განკარგვას, სჯობს მართვის ბერკეტი ათას საშუალო შესაძლებლობის ექიმს ჰქონდეს. ჩვენი საავადმყოფოს ექიმები შევიძენდით მას იგივე პირობებით. მე, პაატა კურტანიძეს პირდაპირ ვუთხარი, შენ რომ 5 ლარად გლუკოზა ჩამოგქონდა და ყიდდი, მე იმ ფასად ოპერაციას ვაკეთებდი-მეთქი. სახელმწიფო აბსოლუტურად არაკეთილსინდისიერად გვექცევა ექიმებს. ჩვენ დავიმსახურეთ ის, რომ ჩვენვე გვქონდეს საავადმყოფო და უკეთესად გავაკეთებთ. „ხელისუფლება არ უნდა იყოს ვიღაცასთვის დედა და ვიღაცისთვის დედინაცვალი“.

მედიკოსებს ისიც აშინებთ, რომ საავადმყოფო ტერიტორიული მდებარეობის გამო, წლების შემდეგ სამედიცინო პროფილს შეიცვლის: „გარანტირებული არ არის, რომ ამ დაწესებულებამ პროფილი არ შეიცვლოს. ახალ მეპატრონეს წლების შემდეგ, სრული უფლება ექნება ამ შენობაში საავადმყოფოს ნაცვლად, რაც უნდა ის გახსნას“

მედპერსონალის განცხადებით, ახალი მფლობელის გეგმა ბათუმის მოთხოვნასთან შეუსაბამოა: „ახალი მეპატრონე 10 მილიონის ინვესტირებას და 100 საწოლიან საავადმყოფოს აგებას გვპირდება. გვინდა ხალხმა და სახელმწიფომაც იცოდეს, რომ სტაციონარულ დახმარებას 100 საწოლი ვერაფრით გადაწყვეტს, მაშინ როცა ამჟამად, საავადმყოფოში 15 განყოფილება ფუნქციონირებს. ბათუმს, დღეს, ორი 250 საწოლიანი საავადმყოფო სჭირდება“.
 
 „მუშაობის 44 წლის სტაჟი მაქვს, ყოველი მესამე ღამე ამ საავადმყოფოში მაქვს გათენებული. ჩვენივე კოლექტივი მივხედავთ და უკეთეს საავადმყოფოსაც კი გავაკეთებთ, ჩვენ რომ გადმოგვცენ. ჩვენ ის კოლექტივი ვართ, რომელმაც 90-იან წლებში საკუთარ მხრებზე გადაიტანა უხელფასობა, უშუქობა, მედიკამენტის გარეშე მუშაობა; ნუთუ ამ ყველაფრის შემდეგ კოლექტივი თუნდაც იმის ღირსი არ იყო, ჩვენთვის ეკითხათ აზრი საავადმყოფოს გასხვისებასთან დაკავშირებით?“, კითხულობს ექიმი ნაბრი მიქელაძე.

მედიკოსები მედიკამენტებზე ფასების მომატებასაც ,,100 ახალი საავადმყოფოს” პროგრამას უკავშირებენ. „ზამთართან შედარებით ფასებმა 30 %-ით მოიმატა თითქმის ყველა წამალზე. ეს იმიტომ, რომ მონოპოლიაა მედიკამენტებზე. მას შემდეგ რაც საავადმყოფოებიც მათი იქნება, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა მოხდება?“

საავადმყოფოს მედპერსონალმა აჭარის მთავრობასაც მიმართა განცხადებით. „თხოვნა გვაქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან: ნუთუ არ შეიძლება ერთი საავადმყოფო მაინც დარჩეს აჭარაში, რომელიც მდიდარსაც მოემსახურება და ღარიბსაც“, - წერია მიმართვაში.

ბათუმის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები, ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მათ მიმართ გარკვეულ ზეწოლასაც არ გამორიცხავენ. „შესაძლოა, გაჩუმდითო, მოგვთხოვონ“, - ამბობენ ისინი.

ახალი ამბები