კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დროში დაკარგული საწვავის ვაუჩერი

23 აპრილი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

სოფლებში ხვნა-თესვა დაიწყო, თუმცა ახალციხის მუნიციპალიტეტში საწვავის ვაუჩერი გლეხების დიდ ნაწილს ჯერ არ მიუღია. მოსახლეობის ნაწილს არც სოფლის სამინისტროს მიერ რაიონებისთვის გადმოცემული ტრაქტორებით უსარგებლია.

სიღარიბის დაძლევის 50-დღიანი პროგრამის ფარგლებში, საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობას საწვავის ვაუჩერი ურიგდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის ალექსი კოსტანიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში 14 945 ოჯახია, თუმცა 28 მარტს სამხარეო ადმინისტრაციამ ვაუჩერი ყველას ვერ გადასცა.

„მალე დანარჩენ ვაუჩერებსაც  მოგვცემენ. ვაუჩერის გარეშე, ძირითადად, ახალციხის მოსახლეობაა დარჩენილი“, - ამბობს ალექსი კოსტანიშვილი.

ვაუჩერების გაცემა ქალაქსა და სოფელშიც არა მიწის ნაკევეთით, არამედ კომლების მიხედვით ხდება.

ახალციხეში ვაუჩერების დარიგებას გამგეობა არ ჩქარობს, რადგან საწვავის ერთბაშად შემოტანა ვერ ხერხდება.

ამ დროისათვის, ახალციხეში, 67 785 ლიტრი დიზელის საწვავია შემოტანილი, რაც მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ვაუჩერებით (13 152 ცალი) გასაცემი საწვავის 25, 76 პროცენტს შეადგენს, ხოლო 14 945 ვაუჩერით დასარიგებელი ოდენობის 22, 67 პროცენტია.

„ვაუჩერის გარეშე არცერთი ოჯახი არ დარჩება. საწვავი მასიურად შემოიზიდება და ყველა დაკმაყოფილდება“, - გვაიმედებს კოსტანიშვილი.
 
მიწათმოქმედ თამაზ გოგოლაძეს მიწა უკვე დახნული აქვს - ,,მაგათ იმედზე ხომ არ დავრჩებოდი? თავის დროზე არ დაარიგეს საწვავი და აწი რაღად მინდა? ღვინოა რომ შევინახო?”, - იუმორის გრძნობას არ კარგავს გლეხი.

2007 წლის ბოლოს ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან საჩუქრად ოთხი ტრაქტორი, სამი გუთანი, ორი სათიბი და ერთი კულტივატორი მიიღო. ტექნიკა სიმბოლურ ფასად მუნიციპალიტეტში შექმნილ ამხანაგობას გადაეცა.

მუნიციპალიტეტის გამგებელის ვაჟა ჩიტაშვილის განცხადებით, ახალციხეში გლეხებს მიწის ნაკვეთებს უფასოდ უხნავენ. ტრაქტორისტებს ხელფასს თვეში 300 ლარის ოდენობით ადგილობრივი ხელისუფლება უნაზღაურებს.

ზიკილიელ ლენა გოგოლაძის ოჯახს ვაუჩერით საწვავი ჯერ არ აუღია, მაგრამ სოფელში ტრაქტორები რომ შემოვიდა, მიწა თავისი საწავით დაახვნევინა.

„მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრაქტორების რაოდენობა სახნავ-სათესი მიწების რაოდენობის გათვალისწინებით განისაზღვრა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ცინცაძემ 7 ნოემბერს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ შეხვედრაზე.

თუმცა 46 სოფელს, ოთხი ტრაქტორი არ ჰყოფნის. მოსახლეობის ნაწილი ტექნიკას კვლავ ქირაობს, ნაწილს საკუთარი აქვს.

„სოფელში საკუთარი ტრაქტორები გვაქვს. მე ხუთ ჰექტარ მიწას ვამუშავებ, ძირითადად კარტოფილი მომყავს“, - ამბობს გაგიკ ბაბოიანი.

„ქერის დათესვა გვიანდება, ტრაქტორებს ხომ არ დაველოდებით? ამიტომ ვქირაობთ“, - ამბობს კლდიელი შოთა კუპრაძე.

მალდინ ბაბოიანს საწვავი ჯერ არ აუღია, მაგრამ ხვნას უკვე მორჩა.

„პამაჯში „პრეზიდენტის ტრაქტორებით“ არ ხნავენ. როგორ არ გვჭირდება, მაგრამ არავინ არ მოგვცა და რა ვქნათ?“ - ამბობს 75 წლის გლეხი. 

„სოფლები - სხვილისი, წყალთბილა, პამაჯი, საძელი თავიანთი ტრაქტორებით არის უზრუნველყოფილი და მათ არც მოითხოვეს. რომელი თემიც ითხოვს, იქ ვაგზავნით“, - ამბობს ალექსი კოსტანიშვილი.

მისი განმარტებით, ოთხი ტრაქტორი საკმარისი არაა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფისათვის კიდევ ოთხი ტრაქტორია საჭირო.


ახალი ამბები