კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ფიქრობენ ადვოკატები, რომ კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანება უკან გადადგმული ნაბიჯია?

23 აპრილი, 2008

ნონა სუვარიანი,თბილისი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზეც კომისია შეიქმნა. ამ კომისიამ „სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები“ გამოსცა. ადვოკატთა გარკვეულ წრეს მიაჩნია, რომ ეს რეკომენდაციები კანონის იგნორირებას ემსახურება.

„სასამართლოს კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მის მიერ კანონის იგნორირებაზე  მეტყველებს“. განცხადება ასეთი სათაურით ადვოკატმა, საადვოკატო ბიურო „ტურაზაშვილი, ძაგანია, რაზმაძე“-ს მმართველმა პარტნიორმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრმა გიორგი ტურაზაშვილმა გაავრცელა. ასე მან 2007 წლის 5 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის # 3 ბრძანება შეაფასა. ამ ბრძანების შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის შესწავლის, განზოგადებისა და საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადებების განმსაზღვრელი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა. ამ კომისიამ მოამზადა და გამოსცა “სახელმძღვანელო წინადადებები და რეკომენდაციები“, სადაც ჩამოყალიბებული და გაწერილია ის სასჯელები, რომლებიც გარკვეული გარემოებებისას სისხლის სამართლის სასამართლო კოლეგიამ უნდა დაუდგინოს დამნაშავეს.

გიორგი ტურაზაშვილი: „ეს სპეციალური კომისია, რომელიც მოსამართლეების და კიდევ იუსტიციის სამინისტროს  უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ არის დაკომპლექტრებული, მიზნად სისხლის სამართლის სფეროში გარკვეული პრაქტიკის დაწესებას ისახავს. ანუ სისხლის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, და იმ შემთხვევაში, თუ პირი დამნაშავედ იქნება ცნობილი, ის განსაზღვრავს რა გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეცვალოს სასჯელი.

სასამართლო გვეუბნება, რომ ეს ბრძანება, თავის იურიდიული შინაარსით, მოსამართლებისთვის სახელმძღვანელო არის. თუმცა ეს ბრძანება კანონი არ არის. ეს არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ მიღებული აქტი. კანონს კი პარლამენტი იღებს“.

„გვყავდა არადამოუკიდებელი სასამართლო და ამას ისიც დაემატა, რომ გვყავს ღიად კანონის უგულებელმყოფი მოსამართლეები.
 
ქართველ მოსამართლებს თავიანთმა “შეფმა” სპეციალური რეკომენდაციები მოუმზადა, რითაც მათ ადამიანი უნდა დასაჯონ.
 
დღეს პირმა წინასწარ იცის თუ რამდენ წელს მიუსჯის მოსამართლე ამა თუ იმ დანაშაულისათვის“, - აღნიშნულია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

გიორგი ტურაზაშვილი განმარტავს, თუ რატომ აპროტესტებს კონსტანტინე კუბლაშვილის ბრძანებას:
„სისხლის სამართლის კოდექსს აქვს თავი, რომელსაც სასჯელის დანიშვნის საფუძვლები ჰქვია, ანუ ადამიანს როდესაც დამნაშავედ ცნობენ, სასჯელის დანიშვნისას, მოსამართლემ რა და რის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს. ანუ კოდექსში ამისთვის მთელი თავი არის გათვალისწინებული. აქ არის ბევრი გარემოება, რომელიც ადრე კანონმდებლობამ გაწერა და ჩადო ამ კანონში. ეს თავი იმისთვისა, რომ მოსამართლემ პირის დამნაშავედ ცნობის დროს ამით იხელმძღვანელოს. ამ დღებში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მოსამართლე კოდექსით კი არა, გაიდლაინებით ხელმძღვანელობდა. მოსამართლემ პირს თავისუფლების აღკვეთის 7 წელი და 9 თვე მიუსაჯა. მუხლი კი, მაქსიმუმ, 7 წელს ითვალისწინებდა. ამ განაჩენს მოსამართლემ საფუძვლად კანონის არც ერთი თავი მიუთითა, როგორც ხდება ხოლმე. როდესაც ოფისში მოვედი და ეს რეკომენდაციები, გაიდლაინები, გადავშალე, ვნახე რომ ამ გაიდლაინებში სწორედ ის ვადა არის მითითებული, რომელიც მოსამართლემ მიუსაჯა. განაჩენში არ დაწერა, რომ კანონის რომელიმე თავით იხელმძღვანელა. ვერც ჩაწერდა, რადგან გაიდლაინით იხელმძღვანელა“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ელიზბარ ხაჭაპურიძე, ამ გაიდლაინების შექმნაში ცუდს არაფერს ხედავს. მისი აზრით, ეს რეკომენდაციები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპის აღიარებას ხელს არ უწყობს, თუმცა არც უშლის.

„მართლმსაჯულების სისტემაში პრეცედენტუალური სამართლის სისტემის ელემენტების, ანუ გაიდლაინების სისტემის სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების სახით დანერგვა, მართლმსაჯულების სისტემისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი არ არის. ეს კიდევ უფრო გამჭვირვალეს ხდის მოსამართლეთა მოქმედებას და სასჯელის შეფარდების საჯაროობის და გამჭვირვალობის ხარისხს. ეს იმას შესაძლებლობას იძლევა, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაცილებით დემოკრატიული გახდეს.“.

როგორც ელიზბარ ხაჭაპურიძე აღნიშნავს, გაიდლაინები მოსამართლეებს კონკრეტული სასჯელის შეფარდებაში ეხმარება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს, მოსამართლეები აუცილებლად დაცვის მხარის პოზიციას გაითვალისწინებენ, ან შეჯიბრობითობის პრინციპს დაეყრდნობიან და შინაგანი რწმენის საფუძველზე განაჩენს გამოიტანენ. სახელმძღვანელო პრინციპები ამას არ ითვალისწინებენ.

„რეკომენდაციები ხელს უწყობენ იმას, რომ მოსამართლე ზედმეტი ტვირთისგან განთავისუფლდეს, რომ არ გაჩნდეს ეჭვები, თითქოს მან კორუფციული გადაწყვეტილება მიიღო, შეუფარდა ზედმეტად მკაცრი თუ მსუბუქი განაჩენი. თუმცა სანამ აქამდე მივა, მან შინაგანი რწმენით უნდა შეაფასოს გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანოს მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე. მტკიცებულებათა თეორიის მოძღვრება კი, რა თქმა უნდა, ამ სახელმძღვანელო პრინციპში გათვალისწინებული არ არის“.

 


ახალი ამბები