კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის პროკურორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირეს

24 აპრილი, 2008

 ნატალია ბეგაშვილი - გურჯაანის #12 საოლქო
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის #12 საოლქო - საარჩევნო კომისიამ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კანონის უხეში დარღვევით დაარეგისტრირა. საქართველოს საარჩევნო კოდექსით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, ღვინიაშვილს საოლქო - საარჩევნო კომისიაში, ამ დრომდე არ აქვს წარდგენილი სამართლებრივი აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის თბილისის პროკურორად აღარ მუშაობს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლის I პუნქტის, "ჟ" ქვეპუნქტის თანახმად, "საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები". ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, "ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი, დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, რეგისტრაცია უქმდება".

კანონის ამ იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, #12 გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიამ, გიორგი ღვინიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მაინც დაარეგისტრირა.

"არსებული დარღვევების გამო, კომისიის წევრებიდან მხოლოდ ერთმა წევრმა, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა ნანა ჯადუგიშვილმა გამოთქვა პროტესტი და უარი განაცხადა ღვინიაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაზე. მან თავისი პოზიცია სამართლებრივად დაასაბუთა, მაგრამ უშედეგოდ", - აღნიშნავს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი #12 გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიაში ზურაბ დანელიშვილი.

კომისიის სხდომას, რომელზედაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად რეგისტრაციის საკითხზე იმსჯელეს, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" რეგიონული კოორდინატორი ნანა დევიძეც ესწრებოდა.

"კომისიას რომ სხდომა ჰქონდა, ამის შესახებ მოულოდნელად გავიგე, რადგან სხდომის თაობაზე საინფორმაციო დაფაზე ინფორმაცია გამოქვეყნებული არ ყოფილა. არც თავად კომისიის ხელმძღვანელობას შეუტყობინებია. დაინტერესებულ პირებს არ აქვთ სხდომებზე დასწრების საშუალება, რათა შემდეგ შეფასება გააკეთონ, განიხილავს თუ არა კომისია კანონიერად ამა თუ იმ საკითხს. სასურველია, რომ საოლქო - საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები იყვნენ კორექტულები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ. გარდა ამისა, რეგლამენტით თითოეულ გამომსვლელს, თუ მიეცა მას ამის საშუალება, 2 წუთის გამოყენების უფლება აქვს. სათქმელი რომ ვერ დაამთავროს, მეტს აღარ ალაპარაკებენ, რაც ძალიან ცუდია", - აცხადებს ნანა დევიძე.

მომხდართან დაკავშირებით გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა კომენტარი არ გააკეთა. ჩვენთან საუბრის უფლება მან არც მოადგილეს ზაზა ყვირალაშვილს მისცა. მას ხელი ჩაავლო და ყვირილით კაბინეტში შეიყვანა.

აგრესიული იყო საოლქო - საარჩევნო კომისიაში ცესკოს წარმომადგენელი ანდრო შინჯიკაშვილიც. დამკვირვებლების პრეტენზიებსა და ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება თავდაპირველად არც მან ისურვა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ კომისიის წევრებს კანონი არ დაურღვევიათ. მისი თქმით, გიორგი ღვინიაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაშიც არის შეყვანილი და მან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, დადგენილ ვადაში ცესკოს წარუდგინა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 6 აპრილის #19/2008 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, "პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პარტიულ სიაში შეყვანილი მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში ცესკოში წარდგენის შემთხვევაში, ცესკო ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია, მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის საკითხის გადასაწყვეტად, დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას". ამ დრომდე, საოლქო - საარჩევნო კომისიას, თბილისის პროკურორის თანამდებობიდან გიორგი ღვინიაშვილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ აქვს.

როგორც #12 გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ დანელიშვილმა გვითხრა, ისინი საოლქო -საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილებას ცესკოსა და სასამართლოში გაასაჩივრებენ. დანელიშვილი არ გამორიცხავს, რომ საოლქო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნატალია ბეგაშვილმა, შესაძლოა, წერილობითი, ოფიციალური სახით, კომისიის 24 აპრილის სხდომის ოქმთან და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, გიორგი ღვინიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც წარმოადგინოს ძველი რიცხვით. საოლქო - საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ამ მოსაზრებას, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებიც ეთანხმებიან.

"ბეგაშვილმა 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას, არაერთი დოკუმენტი გააყალბა. მას ამის გამოცდილება უკვე აქვს. ცხადია, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ შემთხვევაშიც გააყალბოს დოკუმენტაცია. მას ამისთვის არათუ დასჯიან, არამედ დააფასებენ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების გაყალბების ფაქტებზე, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ გამოძიებას ბეგაშვილი მოწმის სახითაც კი არ დაუკითხავს",- აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".

იურისტების შეფასებით, დარღვევა იმდენად აშკარაა, რომ გადაწყვეტილება, გიორგი ღვინიაშვილის დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, უნდა გაუქმდეს.

#12 გურჯაანის საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ, კანონის უხეში დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე გაეცნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებელთა მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები ტორსტენ დერიკი და სევერინ ჩაპაზი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბარში მათ აღნიშნეს, რომ ამ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდებიან.

ახალი ამბები