კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის ადგილობრივი ბიუჯეტის გაუმჭვირვალობის მიზეზები

29 აპრილი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისი გორში ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტური მუშაობის ნაკლოვანებებზე ამახვილებს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის ზედამხედველობის ორგანო და მისი ხელმძღვანელი რწმუნებულ-გუბერნატორი ბიუჯეტის ხარჯების აბსოლუტურ გამჭვირვალობას შეგვპირდა, დღემდე ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი სენია.

მთავარი პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების ნაკლები აქტიურობაა. ეს  ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გასაიდუმლოებას ხელს უწყობს. ამას მოსდევს საჯაროობის პრინციპის დაუცველობა. მთლიანობაში, ისეთი სურათი იქმნება,  რომ აბსოლუტურად გაუგებარია, თუ სად, რატომ, რისთვის, ვისთვის, როგორ იხარჯება ბიუჯეტის თანხები.

მართალია, ადგილობრივი ბიუჯეტის კანონში პირდაპირ წერია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, დამტკიცების და შესრულების საჯაროობა თავადვე უზრუნველყოს, მაგრამ პრაქტიკულად მსგავსი არაფერი ხდება.

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაგალითად, გორის საკრებულო გამუდმებით ცდილობს ბიუჯეტის საკითხები დახუროს. არაერთხელ გვქონდა შეხვედრები საკრებულოს თავმჯდომარესთან, მოადგილესთან, საკრებულოს ,,ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის“ წევრებთან, თუმცა ამ მოლაპარაკებებს არავითარი შედეგი არ ჰქონია. გამუდემით ერთი და იგივე მეორდება. საკრებულოს სხდომები კვლავ თავისუფალი მედიის და არასამთავრობო სექტორის გარეშე იმართება. საკრებულოს ბიუროების, ფრაქციების, კომისიების სხდომები გასაიდუმლოებულია. წინასწარი განცხადებები არ კეთდება. როდესაც ყველაფერი მთავრდება და ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა სრულდება, მხოლოდ შემდეგ გვეუბნებიან, რომ წინასწარი განცხადება სტენდზე იყო გამოკრული. გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვერ ვიგებთ, რომელი სტენდია ოფიციალური. ერთ შენობაში თავმოყრილ საკრებულოს, გამგეობას, გუბერნიას სხვადასხვა სტენდები აქვს. არ არსებობს ერთი კუთხე, სადაც მოქალაქეს, ჟურნალისტს ან  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეუძლია ერთი მთლიანი სურათის დანახვა, სადაც თუნდაც უბრალო განცხადება იქნება გამოკრული.

არის მეორე მომენტი - არაკომპეტენტური კადრების სიმრავლე. ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა საშიშია. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ზემდგომისგან საყვედურს მიიღებენ და უმრავლეს შემთხვევაში თანამდებობას დაკარგავენ. მაგალითად, როდესაც ჩვენ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, მუნიციპალიტეტის კანცელარიიდან გვაცნობეს, რომ თურმე ჩვენ არაკორექტული განცხადება დაგვიწერია. როგორც გავარკვიეთ, ეს არაკორექტულობა იმაში მდგომარეობს, რომ განცხადების ადრესატი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი და არა მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

საინტერესოა ასევე მუნიციპალიტის საკრებულოს პრესსამსახურის მიერ ჩვენს მიერ მოწერილი პასუხი. 2008 წლის თებერვლის თვეში საკრებულოს წერილობით მივწერეთ, რომ მოეცათ საჯარო ინფორმაცია, თუ რა სახის პასუხი გასცეს გორის სასამართლოს, როდესაც მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა საკრებულოსგან მოითხოვა 2006 წელს ლიკვიდირებული რაიონის გამგეობის ქონების სამართალმემკვიდრის ვინაობის დადგენა. მართალია, გორის საკრებულომ მოსამართლე ძიმისტარაშვილის სახელზე გაგზავნილი საკრებულოს თავმჯდომარის წერილის (პასუხის) ასლი მოგვაწოდა, თუმცა მომართვის ტექსტში ჩაგვიწერა, რომ ,,გეგზავნებათ შპს ,,იბერიას" სარჩელი, რომელიც სასამართლოში იხილება". რა შუაშია შპს ,,იბერიას" სარჩელი საკრებულოს თავმჯდომარის წერილთან, ცოტა გაუგებარი დარჩა.

ჩვენი აზრით, დასახვეწია ,,მოსაკრებლის შესახებ" კანონით დადგენილი ნორმების დაცვის მეთოდები. ჩინოვნიკები ამ კანონს ისე იყენებენ, როგორც თავად სურთ. უამრავი ფაქტი შეგვხვედრია იმისა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე ფოსტით გამოგზავნილ წერილში ქსეროასლის გადაღებისთვის საჭირო თანხის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს გვთხოვენ. მოსაკრებლის შესახებ კანონში წერია, რომ თუ საჯარო დაწესებულება პასუხს ფოსტით და არა ,,დაუყოვნებლივ" გიგზავნის, მაშინ არ არის საჭირო მოსაკრებლის გადახდა.

ასეთი მეთოდები უკვე დიდი ხანია ადგილობრივ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებს წეს-ჩვეულებად ექცათ. რომ შევადაროთ 2004-2008 წლებში სხვადასხვა ინსტანციების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ჩვენთვის მოწერილი პასუხები, ყველგან ერთი და იგივე შინაარსის ტექსტია. ანუ პროგრესი არ შეინიშნება.

ახალი ამბები