კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„დიდი ყიდვა-გაყიდვა“ ჰოსპიტალურ სექტორში

29 აპრილი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი


 „ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია“ განმარტავს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლითაც დაცული იქნება მისი ჯანმრთელობა და სრულფასოვანი არსებობა. ჯანდაცვის უფლება აქვს, ყველას, განურჩევლად მისი ეროვნების, რწმენისა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა. ბუნებრივია, ამ საერთაშორისო დოკუმენტში ქართველიც იგულისხმება, მისი ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დანარჩენი უფლებით.

ამ უფლებების უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთერთი უპირველესი მოვალეობაა. მთავარია, იგი გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას. „ალბათ ქართველი ხალხი მადლიერი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმა განხორციელდეს. სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოში ჩვენ გვექნება განახლებული საავადმყოფოები და მაქსიმალური პირობები, რათა როგორც ექიმებმა, ისე პაციენტებმა თავი კომფორტულად იგრძნონ“, - ეს განცხადება ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე გააკეთა. ამ განცხადებას საქართველოში საავადმყოფოების პრივატიზაციის პროცესის დაწყება მოჰყვა, რომელიც იმთავითვე საზოგადოების (ძირითადად მედიკოსების) განსჯის საგანი გახდა.

„ყიდიან საავადმყოფოებს და არავინ იცის, სამაგიეროდ რა იქნება. ალბათ, მასიური უმუშევრობა და პაციენტთა გამუდმებული წუწუნი, რომ არ აქვს მკურნალობისთვის საკმარისი თანხა. იმ საავადმყოფოში, რომელსაც ინვესტორი იყიდის და მის ექსპლუატაციაში გაშვებას მილიონობით ფულს დახარჯავს, ბუნებრივია, მომსახურების ღირებულება საკმაოდ სოლიდური იქნება. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ბევრ მოქალაქეს მკურნალობის საშუალება არ ექნება“, - ამბობენ ექიმები.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალური რეფორმის ფარგლებში საპრივატიზაციოდ 193 სამედიცინო დაწესებულებაა გატანილი. აქედან 175 რეგიონში, ხოლო 18 დედაქალაქში არსებული საავადმყოფოა. სახელმწიფო ბალანსზე მყოფი საავადმყოფოები ინვესტორებს ლოტებად გადაეცემათ. მათ სამი წლის ვადაში უნდა შეასრულონ დაკისრებული ვალდებულება და შედეგიც დადონ.

„პრივატიზაციის მიზეზი ის გახდა, რომ სახელმწიფოს აღარ ძალუძს ამ კლინიკების შენახვა. მას  არ ყოფნის რესურსი, რომ უზრუნველყოს პაციენტის მაღალტექნოლოგიური სერვისი. ასევე, ეკონომიური თუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მოუვლის ამ დაწესებულებებს. კერძო სტრუქტურა თავის თავში  თვითრეგულაციას მოიაზრებს. ამის  საუკეთესო მაგალითი ჩვენი სამედიცინო ცენტრია“, - აცხადებს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორი კახა ნურალიძე.

აღნიშნული კლინიკა, რომელიც ქუთაისში 2006 წლის 16 იანვრიდან ფუნქციონირებს, დღემდე რჩება „ვარდების მთავრობის“ გამუდმებული ტრაბახის საგნად. მიუხედავად იმისა, რომ ისიც, ქუთაისის სხვა საავადმყოფოების მსგავსად,  „ბლოკ-ჯორჯიამ“, „ავერსმა“ და „პსპ“-მ შეიძინეს, ამ ეტაპზე მაინც სახელმწიფო კლინიკად რჩება. ამის მიზეზად კი, პრივატიზაციის პროცესის დაუსრულებლობა სახელდება.

„ქართულ-ჩეხური სამშენებლო კომპანია „ბლოკ-ჯორჯიას“ მეშვეობით საქართველომ ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი, უნიკალური კლინიკა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდა და დღესდღეობითაც იგი არ უთმობს პირველობას არც ერთ საავადმყოფოს საქართველოში. აქ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდა, რომლის ჩატარება სხვა კლინიკაში უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ამ კლინიკის აშენება თავის დროზე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისის არარსებობამ გამოიწვია. დასავლეთ საქართველოში, რომელიც ღვთის ანაბარა იყი მიტოვებული, აუცილებლად უნდა შექმნილიყო ასეთი უნიკალური სამედიცინო ცენტრი“, - ამბობს კახა ნურალიძე.

მართალია, ქუთაისის კლინიკა ევროპიდან ჩამოტანილი საუკეთესო ტექნიკით აღჭურვეს და დედაქალაქიდან მაღალკვალიფიციური სპეციალისტებიც ჩამოიყვანეს, მაგრამ საზოგადოებაში უკმაყოფილება მაინც გაჩნდა. მოსახლეობა სერვისის ფასებს დღემდე „უჩივის“.

„კარგია, მაგრამ ძვირია. დედაჩემს ხერხემლის თიაქრის ოპერაცია გავუკეთე და თითქმის 2000 ლარი დამიჯდა. საიდან უნდა მოიტანო ამდენი ფული მაშინ, როცა ქვეყანაში მასიური უმუშევრობაა. რაც შეეხება მედ-პერსონალის პროფესიონალიზმს და მომსახურების კულტურას, ნამდვილად დასაფასებელია. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“, - ამბობს ქუთაისელი ნატო გოდუაძე.

სამედიცინო ცენტრის დირექტორი ფასების სიდიდეს მომსახურების მაღალი დონით ხსნის. ნურალიძის აზრით: „ქუთაისში 64 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია დაიდგა მაშინ, როცა აქ კომპიუტერული ტომოგრაფია საერთოდ არ არსებობდა. ასეთი აპარატი პოსტსაბჭოთა სივრცეში არცერთ ქვეყანაში არ იყო. თბილისში იგი რამდენიმე თვის წინ ჩამოიტანეს. ჩვენ კი, უკვე მესამე წელია გვაქვს. ბუნებრივია, ფასები მიზერული ვერ იქნება. არ შეიძლება იყოს. დამერწმუნეთ, ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ აქამდე თბილისსა და ქუთაისს შორის დარბოდა და გარდა ოფიციალური ღირებულებისა, ექიმებს ე.წ. „ლევ ფულსაც“ უხდიდა, მკურნალობა გაცილებით ძვირი უჯდებოდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენთან ასამდე მაღალპროფესიონალი ექიმი მუშაობს, რომლებიც მოწვეული არიან როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სხვაგან კი, ეს არ ხდება.“

სანამ  ქუთაისის დანარჩენ საავადმყოფოებს ინვესტორები გაარემონტებენ და   „ფუნქციურად დატვირთავენ“, ქუთაისის პაციენტები დასავლეთ საქართველოს ეროვნულ სამედიცინო ცენტრს უნდა დასჯერდნენ. 100-130 საწოლიანი კლინიკა, საკმაოდ სოლიდური ფასების (აქ ოპერაციები 5000-დან 8300 ლარამდე მერყეობს) მიუხედავად, პაციენტთა სიმცირეს არ უჩივის. სამაგიეროდ, არსებობს ინფორმაცია, რომ დანარჩენ ადგილობრივ კლინიკებს „მუშაობა ჩაუვარდათ“. ამის გარდა, ექიმები უკვე მოსალოდნელ შემცირებებზეც ნერვიულობენ.

„ყველას მიეცემა საშუალება გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ექიმები გადამზადდებიან და თუ ვინმე თავს ვერ გამოიჩენს, ამაში დამნაშავე თვითონ იქნება. ადამიანის უფლებები (როგორც ექიმის, ისე პაციენტის) დაცული უნდა იყოს ყოველთვის. ნებისმიერი არაპროფესიონალი კადრი კლინიკაში , ეს ნიშნავს ამ უფლებების დარღვევას. არაპროფესიონალი ექიმი კლინიკაში, ესაა ჩვეულებრივი  შეიარაღებული დამნაშავე. ასე  რომ, დროა, ყვალაფერი თავის ადგილზე დალაგდეს“, - ამბობს ნურალიძე.

და სანამ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და „დიდი ყიდვა-გაყიდვაც“ დასრულდება, ქუთაისის საავადმყოფოების ხელმძღვანელები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათ, ისევე როგორც დანარჩენ ექიმებს,  საკუთარ შესაძლებლობებში არა, მაგრამ იმაში კი ნამდვილად ეპარებათ ეჭვი, რომ პროცესები უმტკივნეულოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით ჩაივლის.

სამაგიეროდ, ამ თემებზე ბევრს საუბრობენ თბილისელი ექიმები. ამ თემაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თბილისის ოფისი მუშაობს ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


ახალი ამბები