კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატობის კანდიდატები ამომრჩევლის მოსყიდვით არიან დაკავებულნი

29 აპრილი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ამომრჩევლის მოსყიდვას საქართველოს საარჩევნო კოდექსთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსიც კრძალავს. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ძირითადად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ამომრჩევლებს საჩუქრებს და სხვა მატერიალურ ფასეულობებს უსასყიდლოდ, ან შეღავათიან ფასებში მაინც გადასცემენ. ასეთი ფაქტები ადგილობრივი და ცენტრალური ტელეკომპანიების მიერ თითქმის ყოველდღიურად შუქდება, მაგრამ ამ დრომდე არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა ლევან ბეჟაშვილმა ახმეტის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი წარუდგინა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბეჟაშვილმა და ცისკარიშვილმა პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს საჩუქრად ავტობუსი გადასცეს, რომელიც მოსახლეობას მეზობელ რაიონებთან დაკავშირებას გაუადვილებს. ამასთან, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, 2 ლარის ნაცვლად 30 თეთრი ეღირება.

ცისკარიშვილის მსგავსად, ამომრჩეველი ავტობუსით დაასაჩუქრა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გია არსენიშვილმაც. შევარდნაძის მთავრობის სახელმწიფო მინისტრი თელავის რაიონის სოფელ კონდოლის მოსახლეობას რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად ესტუმრა. მუნიციპალური ავტობუსით ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დეპუტატობის კანდიდატმა თელავიდან კონდოლამდე ერთად იმგზავრეს. მათ მრავალშვილიან დედებსა და უსინათლოებს ბარათები დაურიგეს, რომლითაც ისინი მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. შეხვედრის ბოლოს გია არსენიშვილმა კონდოლის მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა, სანაცვლოდ კი სოფლის გაზიფიცირებას დაჰპირდა.

ყვარლის რამდენიმე სოფელში, რაიონული ბიუჯეტიდან საკრებულოს გადაწყვეტილებით გამოყოფილი თანხებით, სასმელი წყლის ბურღვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში, გავაზსა და სანავარდოში, მოსახლეობისა და რაიონის ხელმძღვანელობის შეხვედრებს, მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გელაშვილიც დაესწრო. როგორც მან ამომრჩევლებს განუცხადა, სასმელი წყლის ბურღვითი სამუშაოები მისი ინიციატივით სრულდება და საპარლამენტო არჩევნებში მხარდაჭერის შემთხვევაში, წყალი ყველა სოფელს ექნება.

26 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სახელისუფლებო პარტიიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნუგზარ აბულაშვილმა, სოფელ ულიანოვკაში მცხოვრებ რუსებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცა. მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, დეპუტატობის კანდიდატის სახელით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ულიანოვკის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბაადურ ბაიდოშვილმა, სოფლებში მაღაროსა და ულიანოვკაში მცხოვრებ პენსიონერებს, ათ – ათი კილო პურის ფქვილი დაურიგა.

რა შეზღუდვებია კანონმდებლობით დაწესებული? არის თუ არა სურსათისა და ავტობუსის ჩუქება ამომრჩევლის მოსყიდვა? ამ კითხვებით მივმართეთ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თელავის ოფისის ხელმძღვანელს ლელა ტალიურს.

"მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ჩვენი კანონმდებლობა მსგავსი ტიპის საქმიანობას კრძალავს. კანონით დადგენილი პირობების დარღვევისას, საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში არ გატარებას, ხოლო უკვე რეგისტრირებულისათვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას", - ამბობს ლელა ტალიური.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, "აკრძალულია საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად, ან ვინმეს მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;
ამავე მუხლის მე-9 პრიმა ნაწილის თანახმად, "საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის, ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით, ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში". ლელა ტალიურის თქმით, ზემოთ დასახელებული აკრძალული საქმიანობა არის ასევე საფუძველი იმისა, რომ არა მხოლოდ პარლამენტის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციაში არ გატარება, ან არსებული რეგისტრაციის გაუქმება მოხდეს, არამედ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, თავად საარჩევნო სუბიექტის, მოცემულ შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის" რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა დადგეს"

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2008 წლის 22 აპრილს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს და საარჩევნო სუბიექტის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის” რეგიტრაციიდან მოხსნა მოითხოვა. სასამართლომ 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლოს  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მართალია, საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 73-ე მუხლის მე-9 პუნქტი კრძალავს საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემას, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი ასეთ აკრძალვას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ან ასეთი გადაცემის დაპირების მიზანია ამომრჩევლებისგან მხარდაჭერის, მათი საარჩევნო ხმების მიღება. სასამართლოს მოსაზრებით, მცირე ღირებულების მქონე სუვენირების გადაცემა, არ შეიძლება წარმოადგენდეს ისეთ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნოდ ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას"

იურისტებმა საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ამომრჩევლის მოსყიდვა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. სსკ-ის 161-ე მუხლი ამ დანაშაულისათვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

 

ახალი ამბები