კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვიდი დევნილი ოჯახი კომპენსაციას ვერ იღებს

30 აპრილი, 2008
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელია

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

კომპენსაცია დევნილმა მოსახლეობამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სიაში შეყვანის შემდეგ, უცხოურმა კომპანია  „Adjara Resorts Holding B. V“-სგან  უნდა მიიღოს. თუმცა, აჭარის მთავრობასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ამ უკანასკნელს ეს არ ევალება. მიიღებს თუ არა  შვიდი დევნილი ოჯახი კომპენსაციას და როდის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დღემდე გაურკვეველია.

სააღსრულებო ფურცელში წერია: „დაევალოს აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შეიყვანოს რადმილა კალანდია ნომრით 00051-ით, საკომპენსაციო თანხების გამცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში, დარეგისტრირებული და შესწორებული სია გადაუგზავნოს კომპანია „Adjara Resorts Holding B.V”-ს მასზე საკომპენსაციო თანხების გასაცემად“. 2008 წლის 27 თებერვლის, იგივე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, შვიდი სააღსრულებო ფურცელი არსებობს.

2006 წლის 29 ივნისს, დევნილი მოსახლეობის სასტუმროებიდან „მესხეთი“ და „მედეა“, სპეცრაზმის დახმარებით გამოასახლეს. მოსახლეობა ნებაყოფლობით სასტუმროებს არ ტოვებდა, რადგან საკომპენსაციო თანხის ოდენობით უკმაყოფილო იყო. ზოგიერთ მათგანს კი საერთოდ არ შეხვდა, რადგან საოჯახო ნომრები გაუერთიანეს. მათ შორისაა, ეს შვიდი ოჯახიც.

საბოლოოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებითა და ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპენსაცია მხოლოდ 1921-მა ოჯახმა მიიღო. სწორედ, ამ რაოდენობაზე კომპენსაციის გასაცემად გაფორმდა ხელშეკრულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „Adjara Resorts Holding B.V”-ს შორის. ხელშეკრულების 4.4 ნაწილის თანახმად, „გამყიდველის მიერ წარმოდგენილი დევნილების ოჯახების სიის თანახმად, საკომპენსაციო თანხა უნდა გაიცეს 1921 ოჯახზე. გამყიდველი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ დევნილთა ოჯახების სიით განსაზღვრული ოჯახების რაოდენობა საბოლოოა და გამყიდველის მხრიდან არ ექვემდებარება შემდგომ გაზრდას“.

სასტუმროებიდან გამოსახლებული დევნილებიდან, ასზე მეტმა ოჯახმა კომპენსაციისთვის დავა დაიწყო. ზოგიერთი მათგანი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგებით იძულებული გახდნენ შეთავაზებულ ფართს დათანხმებოდნენ. ზოგიც კი სასამართლოს ყველა ინსტაციაში საქმის მოგების შემდეგ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას ელოდება. მათ შორისაა გალიდან დევნილი კახა არონიას ოჯახიც: „თავიდან სიაში ვიყავით, მეც და ჩემი ძმაც, მაგრამ თანხის დარიგებისას აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს აძლევდნენ ამ თანხას.. ვის არ მივმართე გასარკვევად, სახელმწიფო სტრუქტურებსაც. ყველა ამბობდა, რომ კომპენსაცია გვეკუთვნოდა, თუმცა შედეგს კი ხედავთ. შემდეგ სასამართლოში დავიწყეთ ჩივილი. თუმცა, როგორც ჩანს, არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას გვიპირებენ. მოკვლით ვერავის მოვკლავ, მაგრამ ჩვენი მდგომარეობაც ხომ უნდა გაითვალისწინონ?“.

არონიების ოჯახი სასტუმრო „მედეადან“ გამოსახლების შემდეგ ნაქირავებ ბინაში, ბათუმში მელიქიშვილის ქუჩის #13-ში ცხოვრობენ. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვია. „თვეში 200 ლარს ვიხდით. ამაზე ნაკლებად ბინას ვერ იშოვი. ერთ ოჯახზე გაცემული კომპენსაციით, შვიდი ათასი დოლარით ვარსებობთ დღემდე, ჩემი ძმასთან ერთად. იმ თანხით ვერაფერი შეიძინა და არსებობისთვისაც მასზე, ერთ ოჯახზე გაცემულ კომპენსაციას ვიყენებთ, რადგან სამუშაო ადგილები არ არსებობს“.

იგივე მდგომარეობაშია დევნილ ოზოლდა ჯანჯღავას ოჯახიც. მისი განცხადებით, თავიდან საკომპენსაციო სიაში მისი ოჯახიც იმყოფებოდა: „შემდეგ ოჯახის ნომრები გააერთიანეს და თანხა აღარ მომცეს“. ამჟამად, ქალბატონი იზოლდა, ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობს.

კომპანია „Adjara Resorts Holding B. V” ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. მათ აჭარის სახელწიფო საკუთრებაში არსებული ქონება - 21 ობიექტი  (მათგან, რამდენიმეში დევნილები კომპაქტურად იყვნენ შესახლებულები) შეიძინეს. ობიექტთა ნაწილი ბათუმშია, ნაწილიც - ქობულეთის სანაპირო ზოლში. საინვესტიციო თანხამ 17 500 000 აშშ დოლარი შეადგინა. ოჯახებზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა  13 500 000ი დოლარი იყო.

დევნილ ოჯახთა სია, რომელშიც დევნილების სრული ასახვა არ მოხდა, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეადგინა. თუმცა, ეს არ იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სია. „სიები, ჩვენ სასტუმროების ადმინისტრაციების მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით შევადგინეთ“, - აცხადებს აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი ბარამიძე.

მინისტრის მოადგილე ჯერ სამინისტროსა და უცხოურ კომპანიას შორის გაფორმებულ, 2006 წლის ხელშეკრულებას „კარგად არ იცნობს“. თუმცა აცხადებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას შეასრულებენ: „სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება. რამდენადაც წავიკითხე და გავერკვიე, გვევალება სიებში შეყვანა ამ ოჯახებისა და სიის გადაცემა კომპანიაზე, ამას ჩვენ გავაკეთებთ“.

თუმცა, დევნილთა ადვოკატის გელა სირაძის განცხადებით, სამინისტროს მიერ ვალდებულების შესრულებით, დევნილი მოსახლეობა კომპენსაციას ვერ მიიღებს, „რადგან კომპანიას, ხელშეკრულების თანახმად, შესწორებული სიით კომპენსაციის გადახდა არ ევალება. თავის დროს, კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიასთან იმ რაოდენობის დევნილ ოჯახის დაკმაყოფილება მოსთხოვა, რამდენის სიაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. ზიანის მიმყენებელი დევნილებზე, მაინც აჭარის შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. ამ გადაწყვეტილებით კი ვალდებულება დაეკისრა სწორედ  სამინისტროს, თუმცა დევნილებს საკომპენსაციო თანხა ჯერ კიდევ არ აუღიათ“.

კომპანიის წარმომადგენლის, ლიკა ბასილაიას განცხადებით, კომპანიისთვის მოწოდებული სია, გაზრდას არ ექვემდებარებოდა და ისინი კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ: „Adjara Resorts Holding B. V.-სთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავდა ლტოლვილთა ოჯახების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა მიეღოთ კომპენსაცია ინვესტორისგან. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ლტოლვილთა ოჯახების სია, არ ექვემდებარებოდა გაზრდას. „Adjara Resorts Holding B. V.“-მა პირნათლად შეასრულა თავისი ვალდებულება და კომპენსაცია გადაუხადა ლტოლვილთა ყველა იმ ოჯახს, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ბიურომ, დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა: „ის, რომ დევნილების საოჯახო ნომრები თავიდან კომპენსაციის გასაცემ სიაში არ მოხდა, ადგილობრივი მთავრობის, კონკრეტულად კი, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამო მოხდა. სწორედ, ეს არასრული სია, ამ სამინისტროს მიერ მომზადებული, გადაეცა კომპანია „Adjara Resorts Holding B. V“-ს, დევნილთათვის კომპენსაციის გასაცემად. ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა დევნილთა უფლებები, და ეს დღესაც გრძელდება. 

ჩვენ დავუკავშირდით, კომპანიის წარმომადგენლობას. ისინი, დამატებითი სიით კომპენსაციის გადახდას არ აპირებენ. ამის გამო, დევნილი ოჯახები კვლავ არ უნდა დაზარალდნენ. სამინისტრომ თავისი „შეცდომა“, ამ ეტაპზე მაინც უნდა გამოასწოროს და კომპენსაცია დევნილ ოჯახებს თვითონ უნდა გასცეს“.

ახალი ამბები