კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოზარ სუბარი: „არჩევნები აღარ უნდა გაყალბდეს!“

2 მაისი, 2008

სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს არ ენდობა


 ნონა სუვარიანი, თბილისი

რატომ არ ენდობა სახალხო დამცველი ცესკოს თავმჯდომარეს? რატომ შევიდა ცვლილებები საარჩევნო  კოდექსში სწორედ წინასაარჩევნოდ? რა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიას და აფხაზეთის პრობლემას? არჩევნებამდე 20 დღე დარჩა. წინასაარჩევნოდ შექმნილ ვითარებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს ესაუბრა.

ჟურნალისტი: შეაფასეთ ის ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო კოდექსში საპარლამენტო არჩევნებამდე შევიდა. რა ტენდენცია გამოიკვეთება? რატომ შევიდა ამდენი ცვლილება სწორედ წინასაარჩევნოდ?

სოზარ სუბარი: ზოგადად, ჩვენი არჩევნების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსი ყირაზე დგება. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციები, მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები ვერ ასწრებენ ბოლომდე გაერკვნენ ამ ცვლილებების არსში. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, ბევრი მათგანი საჭირო და მისასალმებელია. მაგალითად, ბარიერის 5 პროცენტამდე დაწევა, რაც პარლამენტში უფრო ჭრელი პოლიტიკური სპექტრის არსებობას უზრუნველყოფს. არის ცვლილებები, რომლის მომხრეც, მე პირადად, არ ვიყავი. მაგალითად, მაჟორიტარული სისტემის იმ სახით დაბრუნება, როგორც ადრე იყო წარმოდგენილი (ყველა რაიონიდან თითო მაჟორიტარი იყრის კენჭს). ეს გამართლებული იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ორპალატიანი პარლამენტი გვექნებოდა.

კიდევ ერთი, გაუმართლებელი ცვლილება ვიდეოთვალს შეეხება. ამ ცვლილებებიდან გამომდინარე, ვიდეოთვალის ნახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა. ამ ცვლილებების შემდეგ გაუგებარია, ვიდეოთვალის დამონტაჟებისთვის რატომ ვიხდით ფულს? ვიდეოთვალის დანიშნულება არის შევისწავლოთ, დავაკვირდეთ, გამოვავლინოთ დარღვევები, პასუხი მოვთხოვოთ დამრღვევებს, მომავალში პრევენციული ზომები მივიღოთ. ახლა ამ ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვის უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც უბანზე იმყოფება, თუმცა მათაც  მხოლოდ 15 წუთიანი მონაკვეთის ნახვა შეუძლიათ, რა დროსაც მათი გათვლებით მოხდა დარღვევა. თანაც, ნახვა შეუძლიათ მხოლოდ სასამართლოში ან საოლქო საარჩევნო კომისიაში. ასლს კი საერთოდ ვერ გადაიღებენ. ვიდეოთვალმა ფუნქცია მას შემდეგ დაკარგა, რაც ჩვენ დარღვევების შესწავლა დავიწყეთ. მიუხედავად იმ დაბრკოლებებისა, რომელიც საარჩევნო კომისიამ შეგვიქმნა, ჩვენ მაინც ვნახეთ 12 ვიდეოთვალის ჩანაწერი და უამრავი დარღვევა აღმოვაჩინეთ. როგორც ჩანს, ეს არ მოეწონათ ე.წ. გადაწყვეტილებების მიმღებთ.

ცვლილებიდან გამომდინარე დარღვევების შესწავლა და გამოვლინება გაძნელდება. თუმცა კენჭისყრის დროს გამოვლენილი დარღვევების გასაჩივრების პროცედურები გამარტივდა, რაც დადებითია. საერთოდ, ის დადებითი ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა, სამწუხაროდ, დასავლეთის კატეგორიულ მოთხოვნას მოჰყვა. ჩვენ არ აღმოგვაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილებები თავად მიგვეღო. ჩეხეთის ლეგენდარული პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი წერს, როგორც კი კომუნისტური რეჟიმი წავიდა, გარკვეული საკითხები ქვეყანამ მაშინვე გადაწყვიტაო. კერძოდ, _წავიდნენ კომუნისტები და ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. იგივეს ამბობდა პოლონელი ჟურნალისტი ადამ მიჰნიკი. მას ჰკითხეს, ბოლოს როდის გაყალბდა თქვენთან არჩევნებიო და მან უპასუხა _ ჩვენთან არჩევნები საერთოდ არ გაყალბებულა მას შემდეგ, რაც კომუნისტური რეჟიმი მოიშალა. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის პოლიტიკური ნება და კულტურა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ყველაზე გაუყალბებელი და სამართლიანი არჩევნები კომუნისტების დროს ჩატარდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა. მას შემდეგ ნებისმიერი არჩევნები რაღაც დოზით ყალბდებოდა.

ჟ: ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ცვლილება ვიდეოთვალთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ გამოიწვია. საერთოდ, რამდენად გაამართლა ამ ვიდეოთვალმა ბოლო არჩევნების დროს და რატომ არის ასეთი მტკივნეული მისი შეზღუდვა?

ს.ს: ვიდეოთვალი შეიძლებოდა ყველა გამყალბებლისთვის დამოკლეს მახვილად ქცეულიყო. ჩვენ ყველა უბნის გადამოწმება შეგვეძლო, რათა. შემდეგ ყველა გამყალბებლისთვის პასუხი მოგვეთხოვა. ზოგისთვის საყვედური გვეთქვა, ზოგი, ვინც აყალბებდა, ციხეში წასულიყო, ზოგი გაგვეთავისუფლებინა თანამდებობიდან და აღარ შეგვეყვანა კომისიაში, ზოგიც დაგვეჯარიმებინა, ზოგი უბრალოდ გაგვეფრთხილებინა და ა.შ. როგორც ჩანს, სწორედ ეს არ მოეწონათ, ამიტომაც  გაართულეს ასე ვიდეოთვალის ნახვა. ნამდვილად არ ვაპირებდი წინა არჩევნების შედეგების გადახედვის მოთხოვნას, ჩემი მიზანი მომავალი არჩევნების გაყალბების პრევენცია იყო. ახლა უკვე ვეღარაფერს გამოვიკვლევთ.

თუმცა ჩვენ არა მხოლოდ ვიდეოთვალის ნახვა შეგვეზღუდა. კიდევ ერთი რამ, რასაც ვითხოვდით, მოქალაქეთა მიერ ხელმოწერილი სიები იყო, რომელიც გაყალბების გამოსაკვლევად ასევე კარგი საშუალება იქნებოდა. მაგალითად, როდესაც ძირითად სიაში არის 1500 ამომრჩეველი და უცებ აღმოაჩენ, რომ ზუსტად ამდენივე იყო მისული, ეჭვი გიჩნდება, რადგან ასეთი რამ უბრალოდ არ ხდება. სიები საერთოდ არ მაჩვენეს.

ჟ: თქვენ აცხადებთ, რომ ცესკოს თავმჯდომარე ყოველნაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა სიყალბეების გამომზეურებისათვის. რატომ არის დაინტერესებული ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების გაყალბებაში, თან ხელისუფლების სასარგებლოდ?

ს.ს: მე არ მითქვამს, რომ ცესკოს თავმჯდომარე გაყალბებებში არის დაინტერესებული, მე ვთქვი, რომ დაინტერესებულია გამყალბებლებისთვის ხელის დაფარებით. მე ფაქტებზე ვსაუბრობ: მან არ მოგვცა სია, ის გვიშლიდა ხელს, რომ ჩვენთვის ვიდეოთვალის ჩანაწერები გადმოეცათ. ის და მისი პრესცენტრი ორივე ტყუოდნენ, როდესაც ამბობდნენ, თითქოს ჩვენ ეს ჩანაწერები დაუბრკოლებლად გადმოგვცეს და თებერვალში ვნახეთ. სინამდვილეში, იანვარი, თებერვალი გავატარეთ მიმოწერაში, დროის უაზროდ კარგვაში. პრეზიდენტს შევხვდი, ვესაუბრე ამ თემაზე. დაგვპირდა, რომ მოგვცემდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც გაიწელა დრო. პირველად ჩანაწერის ნახვა შევძელით 2 მარტს. ისიც მხოლოდ ადგილზე ნახვის საშუალება მოგვეცა. გადმოწერის საშულებას არ გვაძლევდნენ, ტექნიკურად არ ხერხდებაო. თუმცა გავარკვიეთ, რომ გადმოწერა თურმე შესაძლებელია. 10 მარტს გადმოვიწერეთ პირველი მასალა, 2 აპრილს ბოლო. გვითხრეს, მეტს აღარ გადმოგაწერინებთო, რადგან ახალ ოფისში გადავდივართ და თქვენთვის აღარ გვცალია, რომ გადავალთ, ეს ჩამწერი აპარატურა რეგიონებში უნდა გავუშვათ, თავიდან რომ დაამონტაჟონ, თქვენთვის არ გვეცლებაო.

2-ში მოგვცეს ბოლო მასალა, 3-ში ჩავატარეთ ბრიფინგი. რატომღაც ბრალი დაგვდეს იმაში, რომ ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდით, ანუ რატომ მოვაწყეთ ეს ბრიფინგი სწორედ საპარლამენტო არჩევნების წინ. რატომ და სრულიად შეგნებულად, რომ მოვახდინო პრევენცია და არჩევნები აღარ გაყალბდეს.

არასერიოზული იყო მათი პასუხიც, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნეს. იქ წერია, რომ ჩვენი ანალიზი არასწორია. ჩვენ ვითვლიდით, რამდენი ამომრჩეველი შევიდა საარჩევნო უბანზე და რამდენი იყო ოქმში დაფიქსირებული.
ჩვენ მნიშვნელოვანი განსხვავება დავაფიქსირეთ, ზოგ ადგილას 700 კაცამდე.
წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა იმ უბნებზე, სადაც ვიდეოთვალი არ იყო დამონტაჟებული?
 
ჟ: როგორ, ფიქრობთ, ისეთ პირობებში, როდესაც ყველაზე ნეიტრალური მხარე, ომბუდსმენი, არ ენდობა ცესკო-ს თავმჯდომარეს, რამდენად რეალურია გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარება?

ს.ს: მე ძალიან მინდა, რომ ჩემი უნდობლობა უსაფუძვლო იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის.

ჟ: რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს სახალხო დამცველის აპარატიც აკვირდებოდა. რა დარღვევები აღმოაჩინეთ და რა დარღვევებს ელოდებით, თუნდაც საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე?

ს.ს: ვერ ვისაუბრებ, რა ტიპის დარღვევები ვნახეთ. რადგან დაკვირვებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, მათი მანდატით ვახორციელებდით. დაკვირვებაში ჩვენი წევრები ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 230 საჩივარზე მეტი ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ეს საჩივრები არც სასამართლოს და არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რა განუხილავს.

რა მოხდება ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია შეშფოთება გამოვხატო იმ ინფორმაციაზე დარღვევების შესახებ, რომელიც რეგიონებიდან მომდის. ეს არის ზეწოლა. გავლენიან ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ბიზნესი აქვთ, პროკურატურაში იბარებენ. არსებობს ინფორმაცია, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს გამოიყენებენ, რათა მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებზე ზეწოლა მოახდინონ. ასევე მოგვდის ინფორმაცია მოქალაქეების გარკვეული ნაწილის დაპატიმრებაზე, თუმცა ამაზე საუბარი ძნელია, რადგან ისინი, ვისაც ვესაუბრე, ამჯობინებენ, ეს ფაქტები არ გაახმაურონ.

ჟ: როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო ფონს? გახშირდა თუ არა ძალადობის ფაქტები?
განსხვავდება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისგან,  თუნდაც მონაწილე სუბიექტების მდგომარეობით?

ს.ს: წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია საგანგებო მდგომარეობაში დაიწყო. თუმცა იმ ფონის გამო, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით არის შექმნილი, ქვეყანაში ლამის საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მედია, იმის ნაცვლად, რომ გააშუქოს,  რა ხდება, ვინ რას პირდება საქართველოს, თუნდაც აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ თემატიკაზე საუბრობს. არ ვიცი რა დგას ამის უკან. რეალურად საფრთხე არსებობს თუ ეს დაძაბულობა შეგნებულად იქმნება, რათა არჩევნების პერიოდში მთელი მოსახლეობის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გადაიტანონ, როგორიც აფხაზეთია. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს. კარგად გვახსოვს 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს რუსი ჯაშუშების დაკავების თემა, რის შემდეგაც რუსეთიდან ქართველების გამოყრა დაიწყო. მაშინ ხელისუფლების გვერდით მთელი მოსახლეობა დადგა. ასევე განმუხურის ინციდენტი 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტი არჩევნების წინ. ანუ ეს აპრობირებული მეთოდია. ამიტომ მიჩნდება ეჭვი, ეს რეალური პრობლემაა თუ წინასაარჩევნო ტრიუკი.

ჟ: როგორ შეაფასებთ მედიის მუშაობას? რამდენად ობიექტურად აშუქებს მედია წინაასარჩევნო კამპანიას?

ს.ს: ეს საკითხი ცალკე კვლევის საგნად არ გამიხდია. თუმცა არ შემიძლია ტელევიზიების მიერ პოლიტიკოსებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს ხაზი არ გავუსვა. მართალია, ეს ბოიკოტი მოიხსნა, მაგრამ გარკვეული პერიოდი მაინც იყო. მართალია, არ არის მიზანშეწონილი, როდესაც პოლიტიკოსები ბოიკოტს კონკრეტულ ტელევიზიას უცხადებენ. მაგრამ, კომენტარის მიცემას ვერავის აიძულებ. თუ პოლიტიკოსი იმის შიშით, რომ მის კომენტარს დაამახინჯებენ,  მხოლოდ პირდაპირ ეთერზე თანხმდება, ეს მისი უფლებაა. მაგრამ ჟურნალისტს, ტელეკომპანიას, გაზეთს არ აქვს უფლება ვინმეს ბოიკოტი გამოუცხადოს, რადგან საზოგადოების ინტერესებშია, რომ მას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. განსაკუთრებულად ეს ტელევიზიებს შეეხება. რატომ შეიქმნა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია? სიხშირეების შეზღუდული რაოდენობის გამო, იმისთვის, რომ ეს სიხშირეები საზოგადოებისთვის სასარგებლოდ გამოიყენებოდეს. მარეგულირებელი განსაზღვრავს, რომელ არხს უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობა, რომელს მხოლოდ გასართობი და ა.შ. ანუ სახელმწიფო ამაში ერევა, რადგან სიხშირე ამოწურვადი რესურსია და საჯარო ინტერესი ამ სფეროში დაცული უნდა იყოს. ამ დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მქონე მაუწყებლები გამოდიან და ამბობენ, რომ ვიღაცას ბოიკოტს უცხადებენ და საზოგადოებას აფსაიდში ტოვებენ. ეს იგივეა, რომ ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ, რომელიც ასევე მონოპოლისტია, თქვას, გლდანს აღარ მივაწოდებ დენს, რადგან იქ ვიღაც იყრის კენჭს, ვინც მე არ მომწონსო. ეს კრიმინალია. იგივეს თქმა შეგვიძლია, როდესაც ტელევიზიები ბოიკოტს პოლიტიკოსებს უცხადებენ.

 

 

ახალი ამბები