კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წალენჯიხაში გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დააკავეს

6 მაისი, 2008

ნანა ფაჟავა,წალენჯიხა


შსს წალენჯიხის სამმართველოს თანამშრომლებმა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით ბელქანია 4 მაისს, საკუთარ სახლთან დააკავეს. მოგვიანებით იგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ზუგდიდში გადაიყვანეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ბელქანია ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდა, გაათავისუფლეს. ეს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ამავე მიზეზით, ოპოზიციის წარმომადგენლის დაკავების მესამე შემთხვევაა. დავით ბელქანია სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ დევნის ფაქტებს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.

დავით ბელქანია სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან, ღამის 11 საათზე მაშინ დააკავეს, როცა მას საკუთარი, "გოლფის" მარკის ავტომანქანა ეზოში შეჰყავდა.

დავით ბელქანია: "ჩემს სახლთან გაზ-24" მარკის ავტომანქანა გაჩერდა და ოთხი პირი გადმოვიდა. პოლიციის თანამშრომლებად გამეცნენ და მანქანის საბუთები მომთხოვეს. მე მსუბუქად ნასვამი ვიყავი, ორი ჭიქა კონიაკი მქონდა მიღებული. რამდენიმე წუთში პოლიციის დამატებითი ჯგუფი მოვიდა, რომლებმაც დაკავების ოქმის შედგენის მიზნით სამმართველოში გადაყვანა მომთხოვეს. მე კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ადგილზე მოვთხოვე, რაზეც უარი მივიღე."

როგორც ოპოზიციური შტაბის უფროსი აცხადებს, პოლიციის მხრიდან იყო მცდელობა იმისა, რომ დაკავების მიზეზი დაუმორჩილებლობა გამხდარიყო, თუმცა სამმართველოში გადაყვანაზე იგი ნებაყოფლობით დათანხმდა. საბოლოოდ, მას ადმინისტრაციული ჯარიმის, 150 ლარის გადახდა დააკისრეს.

დალი ბელქანია, მეუღლე: "ამაზრზენი ის ფაქტიც არის, რომ ჩემს მეუღლეს პოლიციელებმა ეზოში შეყვანილი ავტომანქანის ქუჩაში გაყვანა აიძულეს, თითქოს მისი გაჩერება მოძრაობის დროს მოხდა. ეს ყველაფერი კი ჩვენი ოთხი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა, რამაც მათი დეპრესიული მდგომარეობა გამოიწვია."

ზუგდიდში ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დავით ბელქანია მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა. ნარკოლოგიურ კაბინეტთან კი მას ჟურნალისტები, გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა დავითაშვილი და პროპორციული სიით დეპუტატობის კანდიდატი კახა მიქაია ელოდებოდა.

კობა დავითაშვილი: "ეს პოლიტიკური ზეწოლა და კანონის უხეში დარღვევაა. კატეგორიულად მოვითხოვთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას იმ პოლიციელების მიმართ, ვინც დავით ბელქანიას დაკავებაში მონაწილეობდა. პირველ რიგში, წალენჯიხის პოლიციის უფროსის, ზვიად გაწერელიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს".

კახა მიქაია: "ეს არის ვანო მერაბიშვილის კანტორის მორიგი პროვოკაცია. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ასეთ პროვოკაციებს ჩვენ უნდა ველოდოთ. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი სააკაშვილისა და მისი ძალოვანების მიერ შემუშავებული არჩევნების გაყალბების გეგმა, მაგრამ ის, რაც იყო 5 იანვარს, აღარ განმეორდება. ჩვენ ღირსეულად დავამარცხებთ სააკაშვილ-მერაბიშვილის ტერორისტულ დაჯგუფებას" .
ინციდენტიდან მეორე დღეს, პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების" ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც დავით ბელქანიამ წალენჯიხის პოლიციის უფროსი, ზვიად გაწერელია მის მიმართ მიზანმიმართულ დევნაში დაადანაშაულა.

დავით ბელქანია: "7 ნოემბრის შემდეგ უკვე მესამედ მაკავებენ. შესანიშნავად იციან, რომ ნარკომანი არ ვარ. პოლიცია ცდილობს ჩემი დისკრედიტაცია მოახდინოს. არ მსურს, ჩემზე ძალადობას შვილებმა უყურონ და მათი მამა ნარკოტიკების მოხმარების საბაბით პოლიციაში უმიზეზოდ წარამარა ატარონ. ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ამიტომაც ვგეგმავ სასამართლოში  გასაჩივრებას."

ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა სორდიამ სამართალდამცველებისაგან იმ ავტომანქანის მფლობელის ვინაობის დადგენაც მოითხოვა, რომელმაც ბელქანია დააკავა და რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მიმართ მუდმივ თვალთვალს ახორციელებს.

პაატა სორდია: "გაზ-24" მარკის ავტომანქანა სანომრე ნიშნით "აცვ-014", როგორც ჩანს, კონსპირაციული გადაადგილების საშუალებაა. იგი პერიოდულად მოძრაობს ჩვენი საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს მანქანა დავით ბელქანიას დაკავებამდე ერთი საათით ადრე შტაბთან გამოჩნდა და იქ მსხდომმა პირებმა ხმამაღლა შესძახეს: "მიშა მაგარია, ოპოზიციის დედა..." კატეგორიულად მოვითხოვ ამ პირების ვინაობის დადგენას და მოვუწოდებ ხელისუფლებას, სამართალდამცველებს, შეწყვიტონ უსაფუძვლო დევნა და ზეწოლა ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებზე".


ახალი ამბები