კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალდატანებითი შეხვედრა ნაცმოძრაობასთან

6 მაისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

"სოციალური პირობები გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ; გაზი გაქვთ, სასმელი წყლის პრობლემები გადაჭრის პროცესშია; პირველადი ჯანდაცვის პროგრამა ყველაზე აქტიურად კახეთში განხორციელდა. ქუჩები განათებულია, ბევრი რამ არის შეცვლილი და კიდევ ბევრს შევცვლით", - ამ სიტყვებით მიმართავდნენ კახელ ამომრჩეველს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ნომრები დავით ბაქრაძე, კობა სუბელიანი, გიგი წერეთელი, გია როინიშვილი, ნუგზარ წიკლაური და ხათუნა ოჩიაური.

დარბაზი სავსე იყო საგარეჯოშიც, გურჯაანშიც და თელავშიც, ოღონდ შეხვედრას მხოლოდ გამგებლების დავალებით საგანგებოდ მიყვანილი პედაგოგები, ექიმები და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

"ჩვენ გვქონდა მტკივნეული შეცდომები, შენიშვნები და დაბრკოლებები, მაგრამ ხალხთან ერთად ყველაფერი გადავლახეთ. დღეს გვყავს ყველაზე განახლებული გუნდი, ისეთი, როგორიც არასდროს გვყოლია. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე არასოდეს ყოფილან პოლიტიკაში.

...მოკლედ იმ მიღწევების შესახებ მინდა გითხრათ, რაც გავაკეთეთ. ვხედავ, რომ ყოველდღიურად უმჯობესდება რეგიონის მოსახლეობის სოციალური პირობები. ცხადია, არის პრობლემები, რაზეც ვმუშაობთ. მაგალითად, ყველაზე აქტიურად პირველადი ჯანდაცვის პროგრამა კახეთში განხორციელდა. სამედიცინო ცენტრები ტექნიკით აღიჭურვა. პროფესიულად გადამზადდნენ ექიმები, რაც გამოიხატება კიდეც პაციენტების მხრიდან. ერთად კიდევ უფრო მეტს მივაღწევთ"- გიგი წერეთელს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა რეგიონული ჟურნალისტებისთვის სამწუხარო ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი. შეგვატყობინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანებით მისვლის გამო, გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, 55 წლის თამაზ ნიკოლაშვილი გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდნენ.
წერეთელისთვის, უკიდურესად მძიმე სოციალური პირობების თაობაზე სურდათ ეთქვათ თამარ ზირაქაშვილს და მის პატარა შვილთაშვილს, რომლებიც დარბაზში შემთხვევით მოხვდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. მოხუცი ქალბატონი ამაოდ აფრიალებდა პატარა გოგონას დედის, ბებიისა და პაპის გარდაცვალების დოკუმენტებს, სადაც სიკვდილის მიზეზად რკინადეფიციტური ანემიაა მითითებული, რომელიც დოკუმენტის მიხედვით შიმშილით არის გამოწვეული.
ადამიანის უფლებების დაცვაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ, რომელსაც გიგი წერეთელმა "დიდ არენაზე საქართველოს პრესტიჟი" უწოდა.

"მადლობა იმისთვის, რომ უპრეტენზიოდ და ერთგულად ისხედით დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავაგვიანეთ. საქართველოს სხვა კუთხეებში უკმაყოფილებას ვერ დამალავდნენ", - აღნიშნა ბაქრაძემ, რის შემდეგაც თანაპარტიელებთან ერთად ამომრჩეველს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თბილისის ყოფილი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი წარუდგინა. "იცით, ამ ადამიანმა რა უზარმაზარი თანამდებობა დატოვა, რომ უშუალოდ გურჯაანელების სამსახურში ჩამდგარიყო? გიორგი ღვინიაშვილი იქნება თქვენი მყარი დამცველი. ჩვენ ერთად დავიცავთ ადამიანის უფლებებს", - განაცხადეს მმართველი პარტიის წევრებმა.

იყო კონკრეტული კითხვებიც დარბაზიდან, მაგრამ ბევრი მათგანი უპასუხოდ დარჩა. დანარჩენს ზოგადად უპასუხეს. "ჩვენ შევცვლით სოციალური დახმარების პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმებს. სასმელი წყალი ყველა სოფელს ექნება და ამის დასტურად, სამუშაო საათებში სცენაზე მდგომი მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხალხს, თავის ქნევით ანიშნებდა.
შეხვედრა 2 საათს მაინც გაგრძელდა და სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, მქუხარე ტაში არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში დეპუტატობის კანდიდატებმა არაერთხელ დაიქადნეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს მხარდაჭერა, რაც, მათივე თქმით, დარბაზში მყოფი ადამიანების ოდენობითაც ჩანს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პედაგოგები და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. როგორც ისინი ამბობდნენ, დაიღალნენ ასეთ შეხვედრებზე ძალდატანებით სიარულით.

 

ახალი ამბები