კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მუშტი - კრივი თელავის უნივერსიტეტში

14 მაისი, 2008

პოლიცია ნაციონალების აქტივისტების ხულიგნობის ფაქტს არ იძიებს

გელა მთივლიშვილი, კახეთი

მედიით ინფორმაციის გავრცელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, შს თელავის სამმართველოში ამ დრომდე არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, 2008 წლის 7 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც სასწავლებლის პროფესორ - მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ხვდებოდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის აქტივისტები შეიჭრნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. შეჭრილები, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ლევან გაჩეჩილაძის, სალომე ზურაბიშვილის, კობა დავითაშვილის, ფიქრია ჩიხრაძის და ოპოზიციის სხვა ლიდერების მისამართით უცენზურო სიტყვებით იგინებოდნენ.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა თელაველებს „ქართული აკადემიის“ წევრი ნუკრი ქანთარია მიმართავდა. დარბაზში შეკრებილ ამომრჩევლებს ის 2008 წლის 21 მაისს, თელავში, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის მხარდაჭერას სთხოვდა. მოულოდნელად, დარბაზში ხმაურით რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა. ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც ხელში სახელმწიფო დროშა ეკავა, ყვიროდა, „ვინ მისცა ოპოზიციას უფლება, თელავში შეხვედრები ჩაეტარებინა“. ამასთან ერთად, ამომრჩევლების მისამართითაც იგინებოდნენ და ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ დარბაზში მათი ყოფნის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას მიაწვდიდნენ. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები და მმართველი პარტიის წევრები ერთმანეთის საცემად იწევდნენ.

სიტუაციის განმუხტვას გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ლიდერი შეეცადა. ლევან გაჩეჩილაძე დარბაზში შესულ სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებთან მივიდა და საქართველოს დროშა ვარდში გაუცვალა.

„ეს დროშა მარტო ნაციონალებს არ გეკუთვნით. ეს მთელი საქართველოს დროშაა“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რამდენიმე წუთის შემდეგ ინციდენტი უნივერსიტეტის კორიდორში გაგრძელდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფარნა მაყაშვილი, იმედა კევლიშვილი, დავით თუშიშვილი და სხვები, ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლანძღავდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაწყნარება რომ ვერ მოვახერხეთ, ტელეფონით მმართველი პარტიის რაიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გია პაპუნაშვილს დავუკავშირდი და ვკითხე, იცოდა თუ არა ამის შესახებ. მითხრა, თვითონაც უნივერსიტეტის შენობის წინ ვარ და ეგ ხალხი მე გამოვგზავნეო“, - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ნიკა ვარდოშვილი.

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. შემთხვევის ადგილზე თავად გია პაპუნაშვილიც მივიდა, მაგრამ აგრესიული თანაპარტიელების დაწყნარება არ უცდია. დაპირისპირებული მხარეების გაშველება ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად, თელავის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარმა მამა მიქაელმა შეძლო.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს. როგორც ლევან გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის აქტივისტები მათ საშუალებას არ აძლევენ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში წარმართონ.

„დღევანდელი ფაქტი ნაციონალური მოძრაობის მიერ არის ორგანიზებული. არ შეიძლება ხალხი დაჩაგრო იმის მიხედვით, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერენ ისინი მხარს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მან ყურადღება ახმეტის რაიონში დაძაბულ წინასაარჩევნო მდგომარეობაზეც გაამახვილა. გაჩეჩილაძემ ახმეტის პოლიციის უფროსს და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეუთვალა, რომ თუ მათი მხრიდან ამომრჩევლებზე ზეწოლა და ტერორი არ შეწყდება, თავად მივა მათთან და პასუხს კატეგორიულად მოსთხოვს.

გაერთიანებული ოპოზიციიდან თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს თელავიდან წასვლას მხოლოდ მას შემდეგ დაპირდა, რაც „რაიონს ძალადობისა და შიშისაგან გაათავისუფლებს“.

მომხდარი ფაქტი ტელეეთერით იმავე დღეს გაშუქდა. იურისტების შეფასებით, იყო სისხლის სამართლის დანაშაულის, კერძოდ კი, ხულიგნობის ნიშნები, რაზეც მოქმედი კანონმდებლობით, თელავის პოლიციას გამოძიება უნდა დაეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მოითხოვეს, ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული.


ახალი ამბები