კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარტოხელა დედობა - „უპატრონო“ ქალობა თუ გმირობა?

15 მაისი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„ცოლი ხარ, დამლაგებელი ხარ, ოჯახის შემნახველი ხარ, გინების ამტანი ხარ... და არავითარი პატივისცემა. ჩემს გარშემო სულ ასეთი ფასადური ოჯახებია. მე ამას მარტოხელა დედობა ვარჩიე“, - ამ სიტყვების ავტორმა მილანა ბერიტაშვილმა გულზე ჩვილაკიდებულმა გაიარა გზა - უსახლკარობიდან საარსებო მინიმუმის შოვნამდე.


მარტოხელა დედებს სახელმწიფო ვერ პატრონობს. მათთვის განსაკუთრებული პროგრამები ამ ეტაპზე არ არსებობს. 55 ლარიანი დახმარება მხოლოდ მარჩენალდაკარგულ ქალებზე-დედებზე ვრცელდება. მეუღლეს დაშორებული ქალები და ისინი, ვინც ოჯახის შექმნის გარეშე გახდნენ დედები, ამ კატეგორიაში ვერ მოხვდებიან - საამისო ფინანსები ბიუჯეტს არა აქვს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით პავლიაშვილი გვეუბნება, რომ  დღეს მარტოხელა დედებზე რაიმე განსაკუთრებული დახმარების პროგრამა არ არსებობს:
„ძირითადად ორიენტირებული ვართ სოციალურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დახმარების პროგრამაზე. თუ ამ კატეგორიაში მოხვდება ასეთი დედა, ის, ცხადია, მიიღებს დახმარებას.
მხოლოდ მარჩენალდაკარგული ქალების ბავშვები (18 წლამდე) იღებენ დახმარებას 55 ლარის ოდენობით“.

მარტოხელა დედების დიდი ნაწილისათვის რამდენიმე ლარიანი დახმარება იმდენად დიდი პრობლემა არ არის, რამდენადაც მათი სტატუსი ამ ქვეყანაში და საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ. რა უფრო უღირთ ქართველ ქალებს  შეინარჩუნონ,  „ფასადური“ ოჯახები თუ ატარონ მარტოხელა დედობის ტვირთი? ფსიქოლოგების შეფასებით, უმრავლესობა ირჩევს პირველს. იმ უმცირესობას კი, ვინც ბევრი ქართული ოჯახისთვის დამახასიათებელ დიქტატურას ისევ მარტოხელობა ურჩევნია, ურთულესი ფსიქოლოგიური სიძნელეების გადალახვა უწევს. ოჯახის, სანათესაოს და სრულიად უცნობი ადამიანების მხრიდან წამოსული აგრესიის დახვედრა.

მილანა ბერიტაშვილი რამდენიმე თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც სახლიდან წავიდა. ოჯახური კონფლიქტის მიზეზი, როგორც თავად ამბობს, მეუღლის ღალატი იყო:
„წარმოიდგინე, ჩვენი ტრადიციების მიხედვით შეიძლება მთელი ცხოვრება - გათხოვებამდე ინახო ქალიშვილობა. შემდეგ გათხოვდე და ქმარს შეეძლოს სხვებთან გაერთოს. შენ კი ეს უნდა ითმინო. ეს ითვლება კარგ ქალობად?
კაცისთვის რატომღაც გაცილებით ადვილია შვილის, ცოლის ღალატი და  უმრავლესობისთვის ეს ნორმაა. კაცი - კი არ ცხოვრობს ოჯახისთვის, არსებობს მისთვის. სანამ  შეუძლია, ერთობა და  არ ფიქრობს იმაზე, რომ ამის მერე ოჯახს სჭირდება კი ის ასეთი?

ამის მიზეზი ისიცაა, რომ გოგოს თავის ოჯახში  ყველაფრის მოითმენას აიძულებენ, ურჩევენ, თავი დახაროს. გამოდის, რომ ცოლი ხარ, დამლაგებელი ხარ, შემნახველი ხარ, გინების ამტანი ხარ,.. და არავითარი პატივისცემა. ჩემს გარშემო უამრავი ასეთი ფასადური ოჯახია.  ქმარს რომ მოფერება სთხოვო, შეიძლება ისეთი გეჩხუბოს, ყველაფრის სურვილი დაგეკარგოს. მათ კი საკუთარი მშობლები ზრდიან ასეთებად - 40 წლამდე „ბავშვებს“ ეძახიან. ყველაფერს გავაკეთებ მე, მარტო, რომ ჩემი შვილი, რომელიც ახლა უკვე 5 წლისაა, ასეთი არ გაიზარდოს“, - ამბობს ის.

არჩევანი ასეთი იყო - ან შეგუება ასეთ ცხოვრებასთან და მოთმენა, ან ყველაფრის თავიდან დაწყება. ბავშვი ჯერ დაბადებულიც არ იყო, ქუჩაში რომ დარჩა - უსახლოდ, უფულოდ. ახლობლების და ოჯახის თანადგომის გარეშე.
„ვიფიქრე, რომ თუ ახლა მოვითმენდი, მთელი ცხოვრება  უნდა ამეტანა. წამოვედი.  მოძღვარს ვუთხარი ჩემი გასაჭირის შესახებ. მან კი წალკის რაიონში, ბედიის  მონასტერში გამიშვა, სადაც მთელი ორსულობა გავატარე“. სამედიცინო გამოკვლევების და ყველა საჭირო მედიკამენტის ხარჯს მონასტერი იღებდა:
მე სულ ვფიქრობდი, რომ ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა და თუ ვერ გავთხოვდებოდი, 30 წლამდე, მაშინ ისე გავაჩენდი ბავშვს, მეუღლის გარეშე. ამდენი წამება გამოვიარე და მივხვდი - თუ ღმერთი შვილს მოგცემს, შიმშილით არ მოგიკლავს მას. ასე შრომა და წვალება მერჩივნა ოჯახში დამცირებას და ძალადობას, რაც მხოლოდ ცემა ნამდვილად არ არის“.

შემდეგ იყო “World Vision”-ის პროექტი. მილანა ბერიტაშვილი, შვილთან ერთად, ამ პროექტის ფარგლებში გაკეთებულ თავშესაფარში მოხვდა. მთელი დღეების მანძილზე ქარგავდა. დასაქმების პროგრამა, რომელიც ამავე პროექტით ხორციელდებოდა, მილანასთვის მისწრება იყო. ერთი წლის თავზე დაგროვილი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვაც მოუწყვეს და მაშინ საკმაოდ სოლიდური თანხაც მოუგროვდა. ცოტა დედა მარიამიც წაეხმარა და ბინა იგირავა - საკუთარი ჭერი მაინც სულ სხვა იყო:

„დედა მარიამმა მაშინ ფული დამიმატა და მითხრა, გეხმარები, რადგან შენი მჯერაო და ეს იმხელა სტიმული იყო, მეთქი, ქვას გავხეთქავ და ამას არ დავაღალატებ. ყველაფერს ბავშვაკიდებული ვაკეთებდი. დამტოვებელიც არავინ მყავდა. შემდეგ ისე მოხდა, რომ იმავე პროგრამით თექა მასწავლეს -  უფასოდ. ხოლო ამ კურსებისთვის გადასახდელი ფულით მასალა ვიყიდე. შევუდექი თექას და ვაბარებდი ხან ლესელიძეზე, მაღაზიაში, ხან აეროპორტში. მერე ნელ-ნელა გაჩნდნენ პირადი  კლიენტებიც...

ვფიქრობდი, რომ ბრძოლას არ შევწყვეტდი. გამგეობასაც მივმართე ბინაზე. ბევრი ვიწვალე და საბოლოოდ, მართალია, თავიდან ბოლომდე გასაკეთებელი ბინა, ერთი ოთახი, მაგრამ მაინც მომცეს. უცნაური იყო, რომ უცხოები მეტად მეხმარებოდნენ, ვიდრე ჩემები. კრედიტი ავიღე, გირაოს თანხაც დამიბრუნდა და ასე გაჭირვებით გავაკეთე ეს სახლი. ბავშვი მყავდა ჯერ ბაღში, ძიძას გამოჰყავდა, მას ცალკე ვუხდიდი, ტრენინგებზე დავდიოდი, მოსწავლეც მყავდა და ღამე კი შეკვეთებს ვაკეთებდი. კედელზე მქონდა განრიგი ჩამოწერილი - ხშირად ფეხზე ვერ ვიდექი დაღლილობისგან და საქმეს მაინც  განვაგრძობდი“.
მისი გზავნილი ქალების მიმართ, ვისაც მარტოხელა დედობის ეშინიათ და ამ შიშის გამო აუტანელს იტანენ, ასეთია:

„არ მოითმინონ ის, რისი მოთმენაც ასე ნერვების ფასად უღირთ. ქალმა უნდა დაანახოს კაცს, რომ ის ძლიერია და მონა არ არის. მათ თავად უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები“.  

კიდევ ერთმა მარტოხელა დედამ, რიტა ჯიქიამ, ორი სასამართლო წააგო სამართლის ძებნაში. ის მარტოხელა დედის სტატუსის დადგენა ითხოვდა და შვილის თავის გვარზე გადაყვანა სურდა,  დახმარება რომ მიეღო:
„მაშინ ეს დახმარება  კაპიკები იყო, მაგრამ არ ვმუშაობდი და ძალიან მიჭირდა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. სასამართლომ უარი მითხრა, რადგან ბავშვი დაბადებიდან მამის გვარზე იყო ჩაწერილი. მამამისს ახლა მეოთხე ცოლი ჰყავს, ჩვენ კი ჩემი ყოველთვიური  300-400 ლარით გაგვაქვს თავი. დედაჩემი ონკოლოგიური ავადმყოფია, საოპერაციო, ბავშვს მასთან ვტოვებ ხოლმე, ის ახლა შვიდი წლისაა. ჩემი ხელფასით ოპერაცია კი არა, ადამიანის წესიერი მკურნალობაც შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობ ხალხის, საზოგადოების მხრიდან წამოსულ აგრესიაზე, ჩემი, როგორც მარტოხელა დედის მიმართ“.

რატომ ხდება, რომ ასეთ შემთხვევებში მთავარი დარტყმა ყოველთვის ქალებზე მოდის. კაცებს კი გაცილებით ხშირად ამართლებს ქართული საზოგადოება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოძალადე კაცია? რატომ ითვლება მარტოხელა დედობა დღემდე ერთგვარ სირცხვილად? ქალები, რომლებიც დარჩნენ მარტო, ბევრ კითხვას სვამენ.
 
ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სოფიო ვერულაშვილი განმარტავს, რომ  მარტოხელა ქალი ჩვენს საზოგადოებაში  „უპატრონოდ“ დარჩენილ ქალად ითვლება. ჩვენთან კი „უპატრონო“ სალანძღავ სიტყვად ითვლება: „ასეთ ოჯახებს ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი ფილიპ რაისი „არასრულფასსოვან ოჯახს“ ეძახდა. თუ ერთი მშობელი, ამ შემთხვევაში, მამა გარდაცვლილია, ოჯახში მისი კულტი მაინც არსებობს. ის, მართალია, ფიზიკურად არ არის, მაგრამ მაინც არსებობს.მამის გარდაცვალება შვილზე სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ცოცხალი მამის შემთხვევაში მისგან მოშორებით, ცალკე ცხოვრება. განქორწინებულ ქალებთან მიმართებაშიც უფრო მკაცრია საზოგადოება. მათ ხშირად უჭირთ ადაპტირება,  თუმცა ქალი ფსიქოლოგიურად საკმაოდ ძლიერი არსებაა და  უმრავლესობა ახერხებს გადაიტანოს მსგავსი სტრესები.

ვის მეტი პრობლემა აქვს, მეუღლეს დაშორებულ, ქვრივ თუ ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვის დედას?  - ეს ძალიან ინდივიდუალურია და იმაზეც არის დამოკიდებული, რა ასაკში აჩენს ქალი ბავშვს. საზოგადოება ბევრად უფრო ტოლერანტულია იმ ქალების მიმართ, ვინც შედარებით მოწიფულ ასაკში აჩენს შვილს. და რა თქმა უნდა,  გააჩნია,  რომელი სოციალური წრის წარმომადგენელია, როგორი ოჯახის შვილია ეს ქალი და ა.შ. შეიძლება იყოს დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ოჯახი, მაგრამ ისეთი მაღალი თვიშეგნებით, რომ უფრო მეტად უპატრონონ მარტოხელა დედას, რა მიზეზითაც არ უნდა ჰქონდეს მას ეს სტატუსი“.

ახალი ამბები