კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყველაზე „ცხელი“ და დაუნდობელი არჩევნები

16 მაისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისიდან რვა მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძვის. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას გაუთავებლად უხდება ყველა მათგანთან შეხვედრა და წინასაარჩევნო დაპირებების მოსმენა. ხვდებიან ქუჩაში, ეზოებში, კორპუსებში - „დავუბრუნოთ ქუთაისს დაკარგული ფუნქცია“, ისმენენ ერთსა და იმავეს. „ნაციონალებიც“, გაერთიანებული ოპოზიციაც, „ლეიბორისტებიც“, „რესპუბლიკელებიც“ და სხვა დანარჩენი ბლოკ-პარტიებიც წინასაარჩევნოდ უკვე 15 წელია ფიქრობენ (მხოლოდ ფიქრობენ), რომ ქუთაისს ძველი დიდება უნდა დაუბრუნდეს.

რას ფიქრობს ხალხი?  როგორ ჩაივლის არჩევნები - 2008, რომელსაც 21 საერთაშორისო  და უფრო მეტი ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება? როგორია მათი წინასაარჩევნო მოლოდინები? ენდობიან თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ზოგადად, ცვლილებებს? - ამ შეკითხვებით „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ ადგილობრივ მოქალაქეებს მიმართა.

100 გამოკითხული ადამიანიდან 80% ფიქრობს, რომ არჩევნები ვერაფერს შეცვლის.

მანანა გოგიშვილი, პედაგოგი, 44 წლის: „ვფიქრობ, საკმაოდ ცხელი არჩევნები იქნება. მაჟორიტარი კანდიდატები უკან არაფერზე დაიხევენ, ოღონდ ეს ბრძოლა მოიგონ. ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ ხალხი არავის გაახსენდება. შეიძლება ასე ნიჰილისტურად არ უნდა ვიყო განწყობილი, მაგრამ გასული წლები მაძლევს ამის თქმის უფლებას.

ლილი იობიძე, გამყიდველი, 54 წლის: „რა თქმა უნდა, არჩევნები გაყალბდება. ისევ ხელისუფლება გაიმარჯვებს და ხალხი დამარცხდება. ორი დიპლომი თაროზე მაქვს შემოდებული და მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობ. აი, ეს გაგვიკეთა ამ ხელისუფლებამ და აწი უარესს უნდა ველოდოთ. მარტო შადრევნები და სათამაშო მოედნები რომ არ შველის ამ ქვეყანას, ვერც ხელისუფლებამ გაიგო და მგონი, ვერც ამომრჩეველთა უმრავლესობამ. დასანანია, რომ ხალხი ასე იოლად ტყუვდება.“ 

სულიკო ჩაჩანიძე, პენსიონერი, 67 წლის: „ჩვენ ვინ გვეკითხება, არჩევნები როგორ ჩაივლის. საერთოდაც, თუ არ მივალთ საარჩევნო ყუთთან, არაფერი დაშავდება. ჩვენი ხმა მაინც სააკაშვილის პარტიის სასარგებლოდ ჩაითვლება. რაც შეეხება კანდიდატებს, ოპოზიციის უფრო მჯერა და არა აქვს მნიშვნელობა, ხმას ვის მივცემ. ოღონდ, ისევ ამ მამაძაღლებით არ გაივსოს პარლამენტი.“

ჯემალ გოგიტიძე, მტვირთავი, 41 წლის: „საერთოდ არ მივდივარ არჩევნებზე. არ მინდა და არ მივდივარ. რა აზრი აქვს? ჩემი შვილები წავლენ და ხმას ოპოზიციას მისცემენ.“

ნანა ყუფარაძე, სტუდენტი, 20 წლის: „საერთაშორისო ორგანიზაციებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. იმედი მაქვს, დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთეს. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში ოპოზიცია ლიდერობს. ვნახოთ, რა მოხდება. ამბობენ, რომ წინ მძიმე და ხმაურიანი კვირა გველის.“

თამარ ახალაძე, დიასახლისი, 35 წლის: „აკაკი ბობოხიძე რომ დანიშნა ხელისუფლებამ მაჟორიტარობის კანდიდატად, მაშინ გაკეთდა პირველი წინასწარი შეფასება. ეს კაცი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუთაისში არჩევნები გააყალბოს. გუბერნატორობის დროს იგი კარგი რეპუტაციით ნამდვილად არ სარგებლობდა და ხალხი მას კარგად იცნობს. ოპოზიციას აქვს შანსები, თუ არ გააყალბეს.“ 

ახალი ამბები