კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციური ტერორი თუ პოლიციის დაუმორჩილებლობა?

19 მაისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ მომხდარმა ფაქტმა, რომელიც ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ ტელეშოუში გაახმაურა, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში მაღალჩინოსნების თვითნებობა კვლავაც გრძელდება. თუმცა ეს არ არის წინასაარჩევნოდ დაფიქსირებული ერთადერთი ფაქტი. არსებობს თუ არა საქართველოში პოლიციური ტერორი? რატომ გრძელდება პატრულის თვითნებობა, როდესაც მის წინააღმდეგ საზოგადოება საპროტესტო აქციებით გამოდიოდა?

ფაქტი #1: 26 აპრილი, 2008

ზაჰესში გოჩა ცქიტიშვილი, აკაკი ხმალაძე, გიორგი ხალოევი და შალვა ყორღანაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ დააკავეს, სიტყვიერი და ფიზიური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციელები ითხოვდენენ, რომ მათ ყაჩაღობის ფაქტი ეღიარებინათ, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ახალგაზრდების დაკავების ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს. სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბრისას ისინი ადასტურებდნენ პოლიციელების მხრიდან არსებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამ ადამიანებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლა დაკავების შემდეგაც გრძელდებოდა.
„12 მაისს, მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ დაიბარა ა. ხმალაძე და გ. ცქიტიშვილი მშობლებთან ერთად და მოსთხოვა პოლიციელების მხრიდან მათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის უარყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათთან საპროცესო შეთანხმებას არ გააფორმებდნენ“,-აღნიშნული სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზში.

ფაქტი #2: 8 მაისი

პოლიციის თანამშრომელმა დევნისას ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გოირგი გამცემლიძე მოკლა. 32 წლის გიორგი გამცემლიძე ნაციონალური მოძრაობის ვაკის ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის წევრი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გამცემლიძე BMW-ს მარკის ავტომობილით გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა. ის პოლიციის ეკიპაჟის მოთხოვნას არ დაემორჩილა. დევნის დროს ის ბორდიურს შეეჯახა, თუმცა მანქანაში არ დარჩა და მიმალვა სცადა. პატრულმა ის პირველი და ერთადერთი გასროლით მოკლა.

ფაქტი #3: 9 მაისი

12 მაისს ტელეშოუ „პრაიმ ტაიმ“-ში ლევან ბერძენიშვილი საუბრობდა კიდევ ერთ ფაქტზე, რომელიც, მისი თქმით, ექვსმა  წყარომ და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოირგი გაბაშვილმა დაუდასტურა. 9 მაისს რესტორან „მეტეხის ჩრდილში“ ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წევრებთან ერთად (სავარაუდოდ იგივე შემადგენლობა, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება) ქეიფობდა. რესტორანში დაპირისპირება მათსა და ვინმე იკა ფერაძეს შორის მოხდა. როგორც ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებს, დაპირისპირების შემდეგ ეს ადამიანი 3 საათით „გააქრეს“. მხოლოდ მის მიერ გიგა ბოკერისთან განხორციელებული ზარის შემდეგ, იკა ფერაძეს  გათავისუფლება მოხერხდა. ასე რომ, რომ არა მისი სიახლოვე გიგა ბოკერიასთან, არავინ იცის როგორ და სად დასრულდებოდა ეს ამბავი - ისევ ოქროყანის სასაფლაოზე თუ სადმე სხვაგან.  სხვათაშორის, ამ ფაქტს არ უარყოფდა ამავე გადაცემაში მოწვეული გიორგი გაბაშვილი. თუმცა ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გაცილებით შერბილებული ფორმით მოხდა.

ეს არის სამი გახმაურებული ფაქტი, როდესაც პოლიციის თუ მაღალი თანამდებობის პირების მიერ ადამიანის უფლებები, მათ შორის, სიცოცხლის უფლება დაირღვა. სამწუხაროდ, ეს ეს მხოლოდ გახმაურებული ფაქტებია, თორემ ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და ამის დასტურად თუნდაც „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ დასახმარებლად მოსული ადამიანები შეგვიძლია მოვიყვანოთ.   მთავარი ის არის, რომ სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციების მიუხედავად, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას მოყვა, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა კვლავაც გრძელდება.
გარდა ამისა, ყველა ეს შემთხვევა წინასაარჩევნოდ მოხდა. ანუ მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას წესით, არ უნდა აწყობდეს. თან პატრულის მიერ გასროლილი ტყვიის მსხვერპლი სწორედ  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი  გახდა.

რატომ გრძელდება მსგავსი ქმედებები, მიუხედავად იმ საპროტესტო ტალღისა, რომელმაც საზოგადოებაში არსებობდა? ნუთუ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურა იმდენად უმართავი გახდა, რომ მას მმართველი პარტიის ინტერსებიც არ აინტერესებს? თუ, პირიქით, ისინი სწორედ მმართველი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ?

რესპუბლიკური პარტიის მაჟორიტარ დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი ორივე ვარიანტს უშვებს. ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ადამიანის მოკვლას არავინ არავის ავალებს.

„ეს ყოველთვის იმიტომ ხდებოდა, რომ პოლიცია უკონტროლო იყო. პატრულის ასეთი თვითნებობის მიზეზი კი პრეზიდენტის სიტყვები „ნუ გეშინიათ ხალხის, არ დაინდოთ არავინ“ გახდა. ეს არის პირდაპირი შედეგი ნულოვანი ტოლერანტობისა და გამოცხადებული ტერორის, და დგას იმ ძალადობის რიგში, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამის ავტორი, არქიტექტორი, პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია. როდესაც გაგიხსნიან ხელ-ფეხს ძალადობისთვის და გეხმარებიან ასე რომ მოიქცე, ასეთი შედეგი მოსალოდნელია“.

ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აწყობს წინასაარჩევნოდ მსგავსი ფაქტების დაფიქსირება, რესპუბლიკელის აზრით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეს არ ჩაუდენიათ.
„ასე ადრე იქცეოდნენ და მას დღესაც აგრძელებენ. სულ არ აინტერესებს ვინმე თაკო სალაყაიას არჩევნები მოდის თუ არა“.

ლევან ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ ასეთი სკანდალი ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება კიდეც. სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნების დროს ამ სკანდალის უკან დაიმალოს, თუ როგორ არბევენ ოპოზიციონერების შტაბებს, უთიშავენ ტელეფონებს და ა.შ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, რეზო შავიშვილი აცხადებს, რომ პოლიციური ტერორით ნაციონალური მოძრაობა ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. ის ასევე იხსენებს პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლებს პარლამენტში, როდესაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამაშრომლებს პირდაპირი მითითება მისცეს, ლიკვიდაცია მოახდინონ ნებისმიერი ადამიანის, თუკი ოდნავ მაინც ხიფათს შეატყობენ.

„შესაძლებელია გარკვეული შემთხვევები რომელიმე თანამდებობის პირის თვითნებობის შედეგი იყოს. ის, რომ დღეს ნებისმიერ რაიონში აგიტაციას პრაქტიკულად პოლიცია ატარებს, ეს თვითნებობის შედეგი ვერ იქნება. ეს მოდის ზემოდან. ამის ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის მიერ გაიცა. ბევრი ახსნა ამას არ სჭირდეაბ. ეს ადამიანები არჩევნების წაგების შემთხვევაში ყველაფერს კარგავენ. ეს ფაქტია. არსებობს მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაული. კარგად იციან, რომ მათ ყველა ამ დანაშაულზე პასუხი მოეთხოვებათ. ამიტომ ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის“.

რეზო შავიშვილი ამბობს, რომ გიორგი გამცემლიძეს მკვლელობის განზოგადება არ სურს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში 37 ახალგაზრდაა მოკლული. მას პოლიციური ტერორის უამრავი ფაქტი აქვს.

„მაგალითად, მცხეთაში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვაჟა თათარაშვილი გახლავთ. 15 წლის წინ 16 წლის ვაჟი დაეღუპა. ახლა 11 წლის ვაჟი ჰყავს. როდესაც ის მობილურით მეუღლეს ელაპარაკებოდა, ვიღაც ჩაერთო და უთხრა: „ვაჟა, გიღირს შვილის სოცოცხლედ დეპუტატობა?“ როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია ორი ადამიანის სატელეფონო საუბარში ჩაერთოს, თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. მათ შეუძლიათ დაადგინონ, ვინ ჩაიდინა ეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს და უამრავი ანალოგიური ფაქტი გამოქვეყნდა, არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა. ეს სისტემა შექმნილია სწორედ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში კარგავენ ყველაფერს“.

„ტრადიციონალისტები - ჩვენი საქართველო და ქალთა პარტიის”  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ადვოკატ ლია მუხაშავრიას თქმით, ეს სამი ფაქტი საკმარისია, რომ სახიფათო ტენდენცია გამოიკვეთოს: ხელისუფლებას არ აინტერესებს რამის შეცვლა იმ სისტემაში, რომლის გამოც ათასობით ადამიანმა პროტესტი გამოაცხადა, პოლიციის ძალადობა და უკანონო მოქმედებები საჯაროდ დაგმო. ასევე იმ ტენდენციას ავლენს, რომ დღეს პოლიციას საკუთარი ძალისმიერი სტრუქტურების კონტროლისა არ სცალია და ისინი უკონტროლონი გახდნენ.

„ეს ფეთქებადსაშიში ვითარებაა, ძალისმიერი  სტრუქტურები არიან კონტროლის გარეშე, ქვეყანაში სასამართლო კი არ ფუნქციონირებს. ვფიქრობ, რომ საარჩევნო სუბიექტებმა ამაზე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ. შევამჩნიე, ხშირია მოსმენების თემა, თუმცა ძალისმიერ სისტემაში სტრუქტურული რეორგანიზაციის წინანადადებით არავინ გამოდის“.

ლია მუხაშავრიას აზრით, სტრუქტურული რეორგანიზაცია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ რეორგანიზაციის შემთხვევაში საპატრულო პოლიცია ამ სახით მოქმედებას ვეღარ შეძლებს. აუცილებელია, რომ პოლიცია ადგილობრივ თვითმმართველობებზე იყოს მიბმული. ამ შემთხვევაში მასზე კონტროლი გაცილებით ქმედითი და ეფექტური იქნება, ვიდრე ცენტრალიზებული სისტემის მიერ, რომელიც პოლიციასაც და უშიშროების სამსახურს აერთიანებს.

 

ახალი ამბები