კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მემორიალი „აინაალარა“: შერიგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი

19 მაისი, 2008

 ნონა სუვარიანი, თბილისი

რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში თითქმის ერთი წელია აფხაზური ენა ისმის. სკოლა-კოლეჯი „ლამპარი“ იმით არის გამორჩეული, რომ 2007 წლიდან იქ აფხაზური ენის კაბინეტი ფუნქციონირებს და ბავშვებს აფხაზურის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ. 15 მაისს სკოლის ეზოში, საქართველოში პირველად, ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „შერიგება“ გაიხსნა.

ქალაქ რუსთავის ზვიად გამსახურდიას სახელობის ფართოპროფილიანი დამოუკიდებელი სკოლა-კოლეჯ „ლამპარში“ აფხაზური ენის კაბინეტი 2007 წლის სექტემბრიდან დირექტორის დავით მენაფირეს ინიციატივით დაარსდა. მისი თქმით, ქართველი ბავშვებისთვის აფხაზური ენის შესწავლა მნიშვნელოვანი იმით არის, რომ აფხაზ და ქართველ ბავშვებს მომავალში საუბარი არა მესამე ენის მეშვეობით, არამედ სახელმწიფო ენაზე შეეძლებათ.

ირმა ოსია სკოლაში აფხაზური ენის ერთადერთი მასწავლებელი, თავადაც აფხაზია. ის აღნიშნავს, რომ ამ წამოწყებას თავიდან სკეპტიკურად უყურებდა:
„ხშირად რაღაცას პიარის გულისთვის იწყებენ, შემდეგ კი თავს ანებებენ. როდესაც ბავშვებსა და სკოლის კოლექტივს შევხვდი, მივხვდი, რომ მართლაც მონდომებულები იყვნენ. აფხაზურს მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც სწავლობენ. არსებობს სურვილი, რომ ქართველი და აფხაზი ბავშვები მესამე ქვეყანაში ერთმანეთს შეახვედრონ და მათ ქართულ ან აფხაზურ ენაზე ისაუბრონ“.

 

 

 

 

 

 

 

მეათე კლასელი ლიკა ბიწაზე აფხაზურს კაბინეტის დაარსების დღიდანვე სწავლობს. ის დარწმუნებულია, რომ ამ ენის შესწავლა მომავლაში აუცილებლად დასჭირდება.

„ერთმანეთს როდესაც შევხვდებით, აფხაზური გამოგვადგება. დარწმუნებული ვარ, რომ მათთან აუცილებლად მექნება ურთიერთობა და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ვისწავლო აფხაზური”.

დედით აფხაზი ნესტან სულუხია, სკოლის ერთ-ერთი მშობელი, ამბობს, რომ სკოლებში აფხაზური ენის შესწავლა დიდი ხნის წინ რომ დაწყებულიყო, ის პრობლემები, რომლებიც აფხაზებსა სა ქართველებს შორის დღეს არსებობს, აღარ იქნებოდა.

„როდესაც მასწავლებელი ეტყვის მათ, რომ არსებობს ასეთი ლამაზი კუთხე და იქ მათი ძმები და დები იზრდებიან, ისინი ყველაფერს სხვაგვარად შეხედავენ”.

დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზური ენის კაბინეტი მის დანიშნულებაზე სახელწოდების გარეშეც კარგად მეტყველებს. აფხაზური ანბანი, აფხაზეთის ხედები, ციტატები, რომლებიც აფხაზეთს უკავშირდება... ეს ყველაფერი კაბინეტის კედლებს დაარსების დღიდანვე ამშვენებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნათია მოსიძე: „კაბინეტი 2007 წლის სექტემბრიდან ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ვცდილობთ შევავსოთ აფხაზური ლიტერატურით“.

როგორც ირმა ოსია ამბობს, რომ საქართველოში აფხაზური ენის შესწავლის შესახებ აფხაზეთში იციან. ამასთან დაკავშირებით არა ერთი გადაცემა გასულა.

„ცოტა ირონიულად უყურებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ დადებით შედეგებს მივიღებთ. იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკური მიზანი არ გვამოძრავებს. გვინდა, რომ ბავშვები ერთმანეთს გავაცნოთ. არც აფხაზებმა იციან, ვინ არიან ქართველები და არც ქართველებმა იციან, ვინ არიან აფხაზები. ისინი როგორც მტრები ისე, იზრდებიან“.

15 მაისს  სკოლა-კოლეჯ „ლამპარის“ ეზოში ომში დაღუპული ქართველებისა და აფხაზების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი „შერიგება“ გაიხსნა. მემორიალი, რომელიც ორივე მხარს დაღუპულებს ეძღვნება, საქართველოში პირველია. მისი შექმნის იდეა სკოლის დირექტორს დავით მენაფირესა  და აფხაზური ენის მასწავლებელს ირმა ოსიას ეკუთვნით. მემორიალი წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა მამა პაატამ აკურთხა. 

ირმა ოსია: „მემორიალის გახსნა უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოში ასეთი მემორიალი ჯერ არ გახსნილა. ჩვენ ვართ ძმები და უნდა გადაიგას შერიგების ნაბიჯები. ქართველ მებრძოლებთან ერთად ჩვენ აფხაზი მებრძოლებიც გვახსოვს“.

ესმა კოკოსკერია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის  აფხაზურ ენოვანი  “მოამბის” რედაქტორი გახლავთ, აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ვცდილობთ ვაღიაროთ, რომ დაღუპულები ორივე მხარეს იყვნენ.

„დაიღუპა უდანაშაულო ხალხი, რომელიც ამ პროვოკაციულ ომში იყო ჩაბმული.  მესმის, რომ მსგავსი ინიციატივა ყველას არ მოეწონება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხი, რომელიც ენგურის მეორე მხარეს ცხოვრობს, ჩვენგან პატარი თბილ იმპულსებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ იმ მხარეს ხალხმა გაიგოს, რომ აქ არ ცხოვრობენ მტრები. აქაც არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან აღიარონ, გაიგონ და პირველი ნაბიჯი გადადგან. დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვები, რომლებიც ასეთ სკოლაში, ამ სიტუაციაში იზრდებიან შექმნიან ახალ თაობას. შეიძლება უახლოეს მომავალში არა, მაგრამ ეს მშვიდობამდე აუცილებლად მიგვიყვანს ”.

სოხუმელი ლაშა თოდუა, რომელიც მემორიალის გახსნას ესწრებოდა, ამბობს, რომ ასეთ ნაბიჯებს უფრო მეტი რეზონანსი ექნება, ვიდრე დიპლომატიურ მუშაობას, როდესაც ერთმანეთს ეკინკლავებიან.

“2006 წლის 27 სექტემბერს ე.წ. სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მოედანზე იყო შეხვედრა. იქ ბევრი ადამიანი გამოდიოდა სიტყვით. მაშინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მთხოვა ეს ღონისძიება შემეფასებინა. მე ვუთხარი, ძალიან კარგია, რომ ამდენი პატრიოტი გვყავს, მაგრამ მემორიალს ერთი ნაკლი აქვს. აქ არ უნდა იყოს მხოლოდ ქართველთა გვარები, არამედ აფხაზთა გვარებიც. ისინიც ხომ ჩვენი ძმები არიან“.

აფხაზური ენის შესწავლის და მემორიალის ხარჯებს სკოლა საკუთარი ბიუჯეტიდან ფარავს.

ახალი ამბები