კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ ჰგონიათ ჟურნალისტებს, რომ სიტყვის თავისუფლება მალე მოკვდება?

29 მაისი, 2008

გადაუვლის თუ არა ტელეკომპანიებს შეზღუდვის კიდევ ერთი ტალღა?

ნონა სუვარიანი, თბილისი

ის, რომ 21 მაისის არჩევნები ქართული მედიისთვის ერთგვარი გამოცდა იქნებოდა, არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდნენ. როგორ ჩააბარეს ქართულმა ტელეარხებმა გამოცდა? რატომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ ქართულ ტელესივრცეს შეზღუდვების კიდევ ერთი ტალღა გადაუვლის? რა ბერკეტებს ფლობს მთავრობა იმისთვის, რომ მისთვის სასურველი გარემო შექმნას?

27 აპრილს ოპოზიცის წარმომადგენელთა ჯგუფი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის კაბინეტში შეიჭრა, ამ ფაქტს ლევან ყუბანეიშვილმა “მაუწყებელზე ზეწოლა” უწოდა. ოპოზიცია დღეში ერთსაათიან პირდაპირ ეთერს და მათ მიერ არჩევნების დღეს გადაღებული ფილმის ტრანსლირებას ითხოვდა. ისინი ასევე საუბრობდნენ ჟურნალისტებით დაკომპლექტებული საბჭოს შექმნაზე და ამ საბჭოს მიერ სარედაქციო პოლიტიკის გაკონტროლებაზე. ოპოზიციური ძალების მიერ საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის კაბინეტში შეჭრა თითქმის ყველა ჟურნალისტმა მედიაზე ზეწოლად აღიქვა. თუმცა იმას, რომ ტელეარხი მოვლენებს ხშირად არაადეკვატურად აშუქებს, მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტი ხედავს. სხვებს ამის დანახვა ან არ სურთ, ან ეს მათთვის უკვე მისაღები სტანდარტია.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ტრიპოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დირექტორად არჩევნების შედეგად დაინიშნა, ტელეკომპნიის დატოვება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მაინც გადაწყვიტა. თავად ამ გადაწყვეტილების მიზეზს ასე განმარტავს:

„მთავარი მიზეზი ის არის, რომ კანონმდებლობაში დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ უფლებები არ მაქვს. სამეურვეო საბჭოში მე საზოგადოების ნდობამ მომახვედრა. მეგონა რამეს შევცვლიდი, საბოლოოდ ეს პერსპექტივაშიც ვერ დავინახე. ტყუილად ყოფნა კი ასეთ პოსტზე არ შემიძლია. მერქვას თავმჯდომარე, მქონდეს პასუხისმგებლობა და არ მქონდეს არაფრის უფლება, ძნელია“.

ირაკლი ტრიპოლსკი აღნიშნავს, რომ :საზოგადოებრივი მაუწყებლის: რეორგანიზაცია საზოგადოების დაახლოებას და ნდობის გაჩენას ემსახურებოდა. არხს ადეკვატურად უნდა გაეშუქებინა მოვლენები და ყველა საკითხში ობიექტური უნდა ყოფილიყო.

„ვხედავდი, რომ ასე არ იყო. კანონმდებლობით ჩარევის უფლება არ მქონდა. კანონით  მხოლოდ პრიორიტეტების და ბიუჯეტის დამტკიცება, დირექტორის დანიშვნა და განთავისუფლება ევალება. მეტი არაფერი. დღევანდელ სიტუაციაში, რომც მოინდომო, დირექტორს ვერ გაანთავისუფლებ. სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არც მინდოდა. კონტროლის მექანიზმი მაინც გვქონოდა. უკმაყოფილებას რომ გამოვხატავდი, სულ მეუბნებოდნენ, დღეს ასე მოგვივიდა, ხვალ გამოვასწორებთო. რეალურად არაფერს აკეთებდნენ“.

როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭო ახალი დაკომპლექტებული იყო, ხოლო გენერალ დირექტორად ლევან ყუბანეიშვილი დაასახელეს, ია ანთაძე ამ არხის სამომავლო ობიექტურობის შესახებ მაინც ეჭვობდა. ის აღნიშნავდა, რომ ამ არხისთვის საპარლამენტო არჩევნები ერთგვარი გამოცდა იქნებოდა. თუმცა საპარლამენტო არჩევნები გამოცდა არა მხოლოდ ამ არხისთვის იყო. არჩევნების დღეს წინ   წინასაარჩევნო კამპანია უძღვოდა. ია ანთაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტელეეკრანების მეშვეობით შეძლო საკუთარი დადებითი მხარის ჩვენება და ჩრდილოვანი მხარის დამალვა, რომელიც არჩევნებს ახლდა. არავინ იცოდა პედაგოგებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, პატიმრების საარჩევნო კამპანიაში გამოყენების შესახებ, დამკვირვებლებზე ძლიერი ზეწოლის შესახებ. თუმცა ამ ფაქტორებზე ადეკვატურად არც ერთი ტელეარხი საუბრობდა, მათ შორის, არც  „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. 

„ბევრი ამბობს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაბალანსებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიას. მე ვფიქრობ, მხოლოდ დაბალანსებული გაშუქება საკმარისი არ არის. მედიის უპირველესი მოვალეობაა, ძალიან ზუსტად და ადეკვატურად აღწეროს წინასაარჩევნო გარემო, იმისთვის, რომ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ, რა გარემოში უწევთ მათ ხმის მიცემა და აქედან გამომდინარე, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს მისცენ ხმა. მაშინაც კი, როდესაც გაირკვა, რომ ხელისუფლება მოსახლეობაზე სერიოზულ ზეწოლას ახდენდა, ტელევიზიები არ აჩვენებდნენ ამომრჩეველს, რომ ის ხელისუფლების პირისპირ არ არის მიტოვებული. ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, 150 მანდატიდან, 120 „ნაციონალურ მოძრაობას“ ერგო”.

ია ანთაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არ ისმოდა იმ პერიოდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები.
„ტელეკომპანია „მზე“ რბილად აშუქებდა საარჩევნო პროცესს. „რუსთავი 2“ ნამდვილად ტენდენციური იყო. თუნდაც თოქ შოუებიდან გამომდინარე. მაგალითად, „სამკუთხედი“, მიუხედავად მისი დინამიურობისა, არ სვამდა მნიშვნელოვან კითხვებს“.

ჟურნალისტს არც 26 მაისის მიტინგის გაშუქება მოეწონა. მისთვის მიუღებელია მიტინგზე მისული ადამიანების რაოდენობის გაზრდა. მიუღებელია ისიც, რომ მთელ საქართველოში მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი მოქალაქეები სადღაც იკრიბებიან და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ“.

შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზიების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქება ხელისუფლების მიერ მათი მართვადობის ერთგვარი ინდიკატორი იყო. თუმცა ტელეკომპანიების მართვადობაზე საუბარი ვარდების რევოლუციის შემდეგ იმდენად აშკარაა, რომ ეს თემა  მოძველებულიც გახდა.

ია ანთაძეს მიაჩნია, რომ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში არის ეფექტური, როდესაც არ არის ინფორმაცია. ამიტომაც ჟურნალისტი ელოდება კიდევ ერთი ტალღას, რომელიც ტელევიზიებს გადაუვლის და შეეცდება, ის სატელევიზიო თოქ შოუებიც დახუროს, რომელიც ამჟამად გადის.

„ამას სხვადასხვანაირად გააკეთებენ. ზოგს კონტრაქტი ამოეწურება, როგორც, მაგალითად, ინგა გრიგოლიას. ზოგ შემთხვევაში კი პოლიტიკურ გადაცემებზე ახალ ლიცენზიებს არ გასცემენ“.

ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი იძიებდა, როგორ ართმევდნენ მესაკუთრეებს მათ კუთვნილ ტელესიხშირეებს ვარდების რევოლუციის შემდეგ.

„იმ არხებზე, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ნორმალური საზოგადოებრივი გადაცემების და დებატების გაშვება (ვგულისხმობ, ტელეკომპანია  „202“-ს, „ობიექტივს, სხვა რეგიონულ ტელევიზიებს) დახურეს. ხელისუფლება ამას მფლობელებისგან არხების წართმევით, ლიცენზიის ჩამორთმევით, დაშინებით ახერხებდა. ტელეკომპანიების ხელმძღვანელებს სიხშირეების დათმობის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ, რაც მათ ტელევიზიების დაბრუნების საშუალებას საბოლოოდ ართმევდა. ამ ტელევიზიების წართმევით, ხელისუფლებამ ხელში სწორედ სიხშირეები ჩაიგდო და საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენა. ასე გაჩნდა წართმეულ სიშირეებზე ტელეკომპანიები „ალანია“, „საქართველო“...

როგორც ჩანს, ახლაც ხელისუფლება იმავე მეთოდებს იყენებს, რომლებსაც ვარდების რევოლუციის შემდეგ აქტიურად იყენებდა. მათ შორის ლიცენზიებით მანიპულირებაა.

22 მაისს,  კომუნიკაციების ეროვნულმა  კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიათა გაცემის და  მოდიფიცირების შესახებ  ტელერადიოკომპანია „თრიალეთის“,  სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის”,  სტუდია „მაესტროს“,  შპს „ტელერადიო კომპანია ევრიკას“, სსიპ „სრულიად საქართველოს საპატრიარქოს“,  შპს „იგრიკას“, შპს „სარკე კონსალტინგის“, შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ განცხადებების ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, ლიცენზიების გაცემის შეფერხება საზოგადოებრივი ინტერესების გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობამ გამოიწვია. ეს გამოკვლევა „მაუწყებლის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ბოლოს ასეთი გამოკვლევა 2004 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კანონის ეს პუნქტი არავის გახსენებია. გაახსენდათ სწორედ იმ დროს, როდესაც გარკვეულ მედია სუბიექტებს ლიცენზიის აღება ან მოდიფიცირება დასჭირდათ. ეროვნულ კომისიაში ვერ განგვიმარტეს, რატომ დასჭირდათ საზოგადოების ინტერესების კვლევა 4 წლის შემდეგ და თან ამის გამო ლიცენზიების გაცემაზე უარის თქმა -  „არ ვიცით“ - იყო პასუხი. არც ის იცოდნენ, როდის დასრულდება ეს კვლევა და ტელეარხებს ლიცენზიის მიღება როდის შეეძლებათ. სხვათაშორის, კვლევა პრიორიტეტების გამოკვეთას ემსახურება. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ აღმოჩნდეს: საზოგადოებას მხოლოდ გასართობი გადაცემები აინტერესებს. ასე რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე ლიცენზიები საერთოდ აღარ გაიცემა. „ მცირე რესურსი არის დარჩენილი, ასე რომ, ისეთი ლიცენზიები უნდა გაიცეს, რომლებზეც მოთხოვნა არის. ამისთვის ტარდება კვლევა“, -ასეთი პასუხი მივიღეთ კომისიაში.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ლიცენზიის მოთხოვნაზე უარი მიუვიდა. მისთვის ახლაც გაუგებარია, რატომ უთხრა მას მარეგულირებელმა უარი.

„ჩვენი მაუწყებლობის ზონაში არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობა ჩვენს ტელეარხს ვერ უყურებს. თავად მარეგულირებელი კომისია ითხოვს იმას, რომ ნორმალურად მივაწოდოთ. ჩვენ სიხშირეების გამოყოფას ვითხოვდით, რომ ვინც სიგნალს ვერ იღებს, მათაც მოვუგვაროთ ეს პრობლემა“.

როდესაც ტელეკომპანია „ალანიას“ აძლევდნენ ლიცენზიას, კვლევა მაშინაც არ იყო ჩატარებული, თუმცა ამ ფაქტმა არ დააფიქრა მარეგულირებელი, მიეცა თუ მისთვის არა ლიცენზია...

მამუკა ღლონტი, ტელეკომპანია „მაესტროს“  გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ “მაესტრო”  საკაბელო ტელევიზიაა, ასე რომ პრიორიტეტებში არ უნდა იყოს შეზღუდული.

„სხვათაშორის ტელეკომპანია „ალანია“ ორი წელი ეთერში უკანონოდ გადიოდა. როდესაც მარეგულირებლის მთავარ იურისტს ვკითხე, „ალანია“ როგორ გადიოდა, მიპასუხა, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ „ალანია“ ეთერში გადიოდა“.

იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ამჟამად არის შექმნილი, მამუკა ღლონტს მიაჩნია,  „ქართულ პრესას ცოტა ხანში მეტად უფრო მძიმე პერიოდი დაუდგება, ვიდრე ვარდების რევოლუციის შემდგომ იყო. ის, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგ ქვეყანაში მოხდა, ახლა ჩვენთან ხდება. ძალიან მალე სიტყვის თავისუფლება მოკვდება“.

 


ახალი ამბები