კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის საჩუქარი ბურჯანაძეს: მილიონები - ერთ ლარად

30 მაისი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

წყნეთის სამთავრობო რეზიდენციის კარგა მოზრდილი ტერიტორია ახლა ნინო ბურჯანაძის ოჯახის მფლობელობაშია. მას ეს მიწა, თავის შენობა-ნაგებობებიანად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთი თვის წინ აჩუქა - საქართველოს პარლამენტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ საჩუქარი, როგორც ჩანს, მიიღო, რადგან საპირისპირო აზრი საზოგადოებას არ მოუსმენია.

იურისტები განგვიმარტავენ, რომ ასეთი "ჩუქებების" შემთხვევაშიც გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად "სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ მისი ფასი აღემატება 100 000 ლარს", ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოსცეს მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ. იურისტი თათული თოდუა ამბობს, რომ პრეზიდენტი არ იყო უფლებამოსილი თავისი აქტით 100 000 ლარს ზემოთ ღირებული ქონების პრივატიზება მოეხდინა. შესაბამისად, პრეზიდენტის განკარგულება უკანონოდ შეიძლება ჩაითვალოს. მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი  2008 წლის 8 მაისის  # 299 ბრძანებულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ამბობს, რომ საქართველოს ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები საერთო ფართობით 571 კვადრატული მეტრი (ჩამონათვალი გრძელია) ზემოთ აღნიშნული დამსახურებებისათვის გადაეცეს ნინო ბურჯანაძეს. სიმბოლურ ფასად, 1 ლარად.

ოფიციალურად ამ მიწის ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ თუ წყნეთის მიწების საბაზრო ფასებს გავითვალისწინებთ (რაც ერთ კვადრატულ მეტრზე ათას დოლარს ურტყამს), მაშინ, მარტივი გათვლით,  საჩუქრის ფასი 30 მილიონი მაინც იქნება.

ცნობილი არ არის იცოდა თუ არა ამ სიურპრიზის შესახებ თავად ბურჯანაძემ, რომელიც სამშობლოში არ იმყოფება და მისი პასუხი არ ვიცით. თუმცა 8 მაისიდან დღემდე თითქმის მთელი თვეა გასული.

წყნეთის სამთავრობო აგარაკი თავის დროზე, ტრაგიკულად დაღუპული პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ოჯახსაც დაუტოვეს. თუმცა, მისი სიკვდილის შემდეგ. ჟვანიას ქვრივი, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ სიცოცხლეში ასეთ საჩუქრის მიღებას ზურაბ ჟვანია „არც დაუშვებდა“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი, პრეზიდენტის მიერ ბურჯანაძის დასაჩუქრების ფაქვს უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს უფრო მისი მოსყიდვის მცდელობას ჰგავს და არა დამსახურებების დაფასებას:

„ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეეცადა ბურჯანაძის მოსყიდვას, რომ მას თავი შეეკავებინა  საარჩევნო პერიოდში მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებისაგან. ძალიან დაძაბულ პერიოდში მას ბურჯანაძის მწვავე პოზიციის გაჟღერება არ აწყობდა.

მართალია, პრეზიდენტს ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვს და ამ ნაბიჯის გადადგმაც კანონით შეეძლო, მაგრამ მე ვთვლი,რომ ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება, რადგან იმავე წყნეთში, სულ ცოტა ხნის წინ  უამრავი ლტოლვილი გამოყარეს სახლებიდან.

კიდევ უფრო უზნეო საქციელია ამ საჩუქრის მიღება პრეზიდენტისაგან. მითუმეტეს, ასეთ კონტრასტულ ფონზე, როცა ნახევარი საქართველო შიმშილობს. ეს ბურჯანაძის პოლიტიკური კარიერის დასასრულად შეიძლება ჩაითვალოს. თუ, რა თქმა უნდა,  ეს გადაწყვეტილება თავად ნინო ბურჯანაძესთან  შეთანხმებული იყო.  არ გამოვრიცხავ, რომ მან ამ ჩუქების შესახებ არაფერი იცოდა“.

საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის ძალიან ბევრი ასეთი ფაქტი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. მინიმალურ ფასად გარკვეულმა წრეებმა საკმაოდ სერიოზული ქონება ჩაიგდეს ხელში. მათ შორის, არა მხოლოდ დამსახურებებისათვის. ამის მაგალითია თუნდაც სამედიცინო სფეროში უკვე დასრულებული საავადმყოფოების 1000 დოლარად გადაცემის პროცესი.
2006 წლის იანვარში,  მაგალითად, პრეზიდენტმა ასევე სიმბოლურ ფასად, 5 დოლარად აჩუქა ოთხი ავტომობილი „ნივა“  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ასეთ საჩუქრების სია გრძელია..

ჩვენ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს ასეთივე „საჩუქრების“ სია, რომელიც,
სავარაუდოდ ათ დღეზე ადრე ვერ გვექნება, ამიტომ პასუხს არ დაველოდეთ და სტატია მაინც დავწერეთ. 2008 წლის 8 მაისის ბრძანებულება ჯერ პროგრამა „კოდექსში“ განთავსებული არ არის.

 

 

ახალი ამბები