06:57, Sunday, 12.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შიდა ქართლის ხელისუფლება ადმინისტრაციულ საჩივრებს სათანადოდ არ იხილავს

02.06.2008
საბა წიწიკაშვილი, გორი

აქვს თუ არა აზრი გუბერნიაში ან გამგეობაში ჩივილს? იპოვით თუ არა სამართალს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებას კაბინეტებში მიაკითხავთ? გქონდეთ თუ არა იმედი იმ შემთხვევაში, თუკი მეზობელს ან მოყვარეს ან კიდევ მტერს სასამართლოს ნაცვლად გამგებელთან უჩივლებთ?

2008 წლის 17 იანვარს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევიდა. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „სასამართლო არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა“. იურისტების თქმით, ეს ცვლილება სასამართლოსთვის მიმართვის თავისუფლებას ზღუდავს და საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის აქტებსაც ეწინააღმდეგება.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშემწყობი პროექტის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი ამბობს:

,,ადმინისტრაციულ ორგანოებს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის პრაქტიკა საერთოდ არ აქვთ. ჩვენს მიერ 2007 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ მათ უბრალოდ არ იციან, რა უნდა გააკეთონ. კვლევის ფარგლებში ჩვენ გავაგზავნეთ წერილები 60 ადმინისტრაციულ ორგანოში. 60 – დან მხოლოდ 10-მა ორგანომ მოგვაწოდა განხილული საქმეების შესახებ ინფორმაცია. სულ 21 ადმინისტრაციული საჩივარი იყო განხილული ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აქედან, 18 საჩივარი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნოდა. 50-მა ადმინისტრაციულმა ორგანომ გვიპასუხა, რომ მათ არ განუხილავთ ადმინისტრაციული საჩივრები. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრებს ძირითადად განიხილავდნენ სამინისტროები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობაა ადგილობრვ ორგანოებში. სტატისტიკური მონაცემებით, გამგეობებს, საკრებულოებს, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოებს და ა.შ, არათუ საჩივრის განხილვის პრაქტიკა, არამედ უნარიც არ აქვთ. ეს მონაცემები და დღევანდელი მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ მოქალაქეებს არანაირი დაცულობა არ აქვთ“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობს. თამარ გურჩიანის განცხადებით, ისინი სასამართლოს სარჩელით მალე მიმართავენ.

როგორ იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს შიდა ქართლის ხელისუფლება

საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა პრაქტიკისათვის ჯერ კიდევ 2008 წლის 4 მარტს ადმინისტრაციული საჩივრით შიდა ქართლის ხელისუფლებას მიმართა. საჩივარი მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსის კანონდარღვევით ჩატარებას ეხებოდა. საჩივრის შინაარსი ასეთია:

,,მას შემდეგ რაც 2008 წლის 7 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რ. ჩოჩიშვილმა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და დაკმაყოფილდა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის 39-ე მუხლის დარღვევით ახორციელებს ახალი გამგებლის არჩევის წესსა და კანონს.

კერძოდ:  აღნიშნული  მუხლის მიხედვით ,,გამგებლის კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს”.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ეთერით 15 თებერვალს საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკრებულოს ბიურო გამგებლის არჩევის კონკურსს ორშაბათს, 2008 წლის 18 თებერვალს გამოაცხადებს, რომლის თავმჯდომარე თავად ზვიად ხმალაძე  გახლავთ. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია ,,თრიალეთის“ ეთერით 2008 წლის 16 თებერვალს საღამოს 6 საათიან და 22 საათიან გამოშვებებში გადაიცა. ფაქტობრივად,  საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან მე-9 დღეს გააჟღერა, რომ კონკურსი მე-11 დღეს გამოცხადდებოდა. ამ კანონდარღვევით საკრებულოს თავმჯდომარემ დაარღვია იმ ადამიანის უფლებები, რომლებსაც გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების სურვილი გააჩნდათ.

უფრო მეტიც, გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის მსურველთა და საერთოდ საზოგადოების ფართო მასების შეცდომაში შეყვანის პროცესი ამით არ დამთავრებულა. 2008 წლის 18 თებერვლის (11 დღის დაგვიანებით) გორის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,ლომჭაბუკში“ (#7(89) - გვერდი 2) გამოქვეყნდა გორის საკრებულოს ბიუროს განცხადება გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გაჩენილი კონკურსის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში მითითებულია, რომ გამგებლის თანამდებობაზე კონკურსი 2008 წლის 8 თებერვალს გამოცხადდა, რაც დაუშვებელია, რადგან კანონის თანახმად, კონკურსი იმ დღიდან უნდა გამოცხადებულიყო, როდესაც ვაკანსია წარმოიშვა. ეს ვაკანსია 2008 წლის 7 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის რამაზ ჩოჩიშვილის მიერ პირადი განცხადების დაწერის და ჩაბარების დღიდან წარმოიშვა. ანუ განცხადებების მიღება უნდა დაწყებულიყო 2008 წლის 7 თებერვლიდან.

იგივე 2008 წლის 18-24 თებერვლის გაზეთ ,,ლომჭაბუკში“ გამოქვეყნებულ საკრებულოს ბიუროს განცხადებაში წერია, რომ ბიურო განაცხადებს მიიღებს ყოველდღე, 8 თებერვლიდან 22 თებერვლამდე, შაბათ-კვირის გარდა.

ესეც მორიგი კანონდარღვევაა საკრებულოს მხრიდან, რადგან ,,ადგილობრივი თვითმმართველოს შესახებ“ კანონის 39-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, განცხადებები მიიღება 14 კალენდარული დღის განმავლობაში. როგორც ჩანს, საკრებულოს ბიუროს შაბათ-კვირა კალენდარულ დღეებად არ მიაჩნია. 8 თებერვლიდან 22 თებერვლამდე ორი შაბათ-კვირაა, ანუ 4 კალენდარული დღე. აქედან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთ განცხადების შეტანისთვის გათვალისწინებულ 14 კალენდარული დღიდან 4 კალენდარული დღის გამოყენების შესაძლებლობაც მოუსპო.
ბატონო რწმუნებულ-გუბერნატორო
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ მითითებული გარემოებები და შეისწავლოთ აღნიშნული საქმე, თუ რამდენად კანონიერად ახორციელებს საკრებულო თავის უფლებამოსილებას.
გარდა ამისა მოვითხოვთ: ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მეოთხე მუხლის შესაბამისად, გამოიყენოთ თქვენთვის მონიჭებული ზედამხედველობის უფლება, რომლის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა კანონიერების პრინციპის შესაბამისად და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნული კანონით მონიჭებული უფლებების ფარგლებში იზრუნოთ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის სამართლიანობის, თანასწორობის და კანონიერების პრინციპით ჩატარებაზე. გარდა ამისა, უზრუნველყავით აღნიშნული კონკურსის ჩატარება 14 კალენდარული დღის განმავლობაში, რაც ჩვენს მიერ ზემოთ მითითებული გარემოებების მიხედვით  არ მომხდარა. უკანონოდ მიიჩნიეთ გორის საკრებულოს ბიუროს მიერ გაზეთ ,,ლომჭაბუკის“ 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული განცხადება და დღეების ათვლა მოხდეს შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლად არჩეული გამგებელი ჩაითვლება უკანონოდ.

დანართი: 1) გაზეთ ,,ლომჭაბუკის“ 18 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებული განცხადება  2) ტ/კ ,,თრიალეთის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია“...(საჩივრის დასასრული).

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა რწმუნებულის მოადგილეს ზურაბ ჩინჩილაკაშვილს დაევალა. ჩინჩილაკაშვილმა ადმინისტრაციული საჩივარი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს გადაუგზავნა, შეისწავლეთო... არადა, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო ქმედების შესწავლას ზედამხედველობის ორგანოს, ანუ გუბერნიას სთხოვდა და არა საკრებულოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში... ანუ ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლებოდა ჩართულიყო  საკრებულოს თავმჯდომარე, რადგან „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებას აპროტესტებდა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC