კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეიზღუდება თუ არა რადიო „იმედი“?

2 ივნისი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„იმედი“ ძალიან მალე შეიზღუდება“ - ამბობს რადიოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნონა ყანდიაშვილი.
„მე გავაღე კარი ჟურნალისტიკაში და მინდა ეს კარი ღია იყოს“ - პასუხობს „იმედის“ ახალი გენერალური დირექტორი ნინო გაბრიაძე.

რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობის ცვლილება ქართულმა პრესამ უკვე შეაფასა, როგორც „იმედის“ საბოლოო სიკვდილი თუ არა, ცენზურის ქვეშ მისი მოსალოდნელი მოქცევა მაინც. ასეთი ვარაუდების გამოთქმის მთავარი მიზეზი ახალ გენერალურ დირექტორშია - პროფესიით ჟურნალისტ ნინო გაბრიაძეს აქამდე საზოგადოება (უფრო კი მედია) იცნობდა როგორც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების პიარ სამსახურის უფროსად ან წარმომადგენლად. ის მუშაობდა დავით ტყეშელაშვილთან, მისი გარემოს დაცვის მინისტრობის დროს, პრესსამსახურის ხელმძღვანელად,  ჯანდაცვის სამინისტროს ამავე დეპარტამენტში, რეგიონული მართვის მინისტრის (ისევ დავით ტყეშელაშვილის) პრესსამსახურის შეფად... კარიერა „იმედამდე“  - ანუ სამთავრობო წრეებთან სიახლოვე აძლევს სწორედ პრესას ეჭვის საფუძველს - რატომ მაინცდამაინც ასეთი კადრი მივიდა რადიო „იმედში“ რომელიც ბოლო დრომდე მთელ საქართველოზე მაუწყებლობდა და ერთ-ერთ ყველაზე ობიექტურ მედიად ითვლებოდა? შეძლებს კი ამ მთავრობის მაღალი რანგის ჩინოვნიკებთან ასე დაახლოებული ნინო გაბრიაძე არ დაბლოკოს კრიტიკული აზრი, რაც დღეს ელექტრონული მედიის ყველა საშუალებას ისედაც აკლია?

თავად გაბრიაძე ამბობს, რომ რადიოს შეზღუდვა მის გეგმებში არ შედის. მეტიც, ის ამბობს, რომ „იმედის“ ხელმძღვანელად წასვლის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან დაკეტა კარი სამთავრობო სტრუქტურებისაკენ და გააღო კარი ჟურნალისტიკაში:
„მე მინდა, რომ ეს კარი იყოს ყოველთვის ღია. ჩემი პრინციპი რადიოს ობიექტურობა და სამართლიანობაა, დაბალანსებული ინფორმაციის გადაცემა. არც საკადრო ცვლილებებს ვგეგმავ, თუ, ცხადია,  საკუთარი სურვილით არ წავა ვინმე.
დღეს, მაგალითად, ეთერში გვეყოლება კახა კუკავა იმ ადამიანების ცემასთან დაკავშირებით, რომელთა გვარებიც დავით გამყრელიძემ დღეს გააჟღერა. კომენტარს ვთხოვთ შსს-საც და თუ მოინდომებენ, შეუძლიათ განმარტება გააკეთონ. თუ არადა, ეთერში მხოლოდ კახა კუკავა ისაუბრებს“.

რადიოს თანამშრომლები ახალ გენერალურ დირექტორს უკვე შეხვდნენ. ჯერჯერობით ყველას უჭირს პროგნოზის გაკეთება - შეიცვლის თუ არა გეზს რადიო „იმედი“. მაგალითად, მისი ერთ-ერთი სტაჟიანი თანამშრომელი ლელა გაბეჩავა ამბობს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ახალი ხელმძღვანელობისგან რაიმე განსაკუთრებული დირექტივა არ მიუღიათ.

სამაგიეროდ, უარყოფით პროგნოზს აკეთებს „იმედის“ მაუწყებლობის ყოფილი დირექტორი  ნონა ყანდიაშვილი. მას და რადიოს გენერალურ დირექტორს ირაკლი ხეთერელს „იმედის“  ახალმა მფლობელმა ჯოზეფ ქეიმ პარასკევს ამცნო თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. მიზეზად ქეიმ რეორგანიზაცია დაასახელა როგორც ტელევიზიაში, ისე რადიოში.

ამ შეხვედრამდე ყანდიაშვილს ქეისთან კიდევ ერთი შეხვედრა ჰქონდა, აპრილში:
„მაშინ ქეიმ პრობლემების შესახებ გვკითხა და ვუთხარი, რომ რადიო ფინანსური სირთულეების გამო მთელ საქართველოზე არ გადიოდა. მან ეს პრობლემა ორ კვირაში მოაგვარა. მაშინაც თქვა, რომ რადიო უნდა იყოს დაბალანსებული. სხვა შენიშვნა არ ჰქონია.
შესაძლოა, ქეის ჰქონდა შთაბეჭდილება, რომ მე ყოველ დილით ვატარებდი თათბირს ჟურნალისტებისათვის და დირექტივებს ვაძლევდი. ეს ასე არ ყოფილა, რადგან იქ პროფესიონალები მუშაობენ და ჩემი ამ დოზით ჩარევა, ყველა სიუჟეტის დაგეგმვა არც იყო საჭირო.
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ განსხვავევით სხვა მედიისგან, ჩვენთან ინფომაცია გადიოდა სრულად, შეკვეცვის გარეშე. რის გადაცემასაც თავს არიდებდნენ სხვა რადიოები და ტელევიზიები.
ამიტომ მე მგონია, რომ „იმედი“ ძალიან მალე შეიზღუდება, ეს მოხდება არა ბადის ცვლილების, არამედ  შინაარსის ხარჯზე. რადიოდან დაიკარგება ანალიტიკური აზრი. რადგან „იმედი“ იყო მართლა ბოლო შუქურა, საიდანაც  ობიექტურ ინფორმაციას გადავცემდით.
ეს სულ მალე გამოჩნდება, როცა ქვეყანაში საინფორმაციო ვაკუუმი აშკარა გახდება“,  - ამბობს ყანდიაშვილი.

რადიო მაუწყებლობას არ წყვეტს. ახლა საზოგადოებას ერთი რამ შეუძლია - იყოს უფრო მეტად ფრთხილი და ყურადღებით ადევნოს თვალი  - ეს კარი, რომლის ღიაობაზეც ნინო გაბრიაძე დღეს საუბრობს, ამავე საზოგადოებას უცებ ცხვირწინ არ მიუჯახუნონ.

ახალი ამბები