კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ამათ გულისთვის მთას გადავდგამ“ - ამბობს მარტოხელა დედა.

3 ივნისი, 2008

გულო კოხოძე, ადიგენი

ისინი სოფლის ვეტერინალურ ამბულატორიაში ცხოვრობენ და გამოსახლების ეშინიათ. ოჯახი მხოლოდ პენსიით არსებობს და გაუსაძლის პირობებს უძლებს. 

"სად ვეძებო სამართალი? ვისთან მივიდე?” – ასე დაიწყო საუბარი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის მკვიდრმა მაია ყიფშიძემ, რომელიც მარტოხელა, ხუთი შვილის დედაა, მათგან სამი ინვალიდია.

სახლი, სადაც ყიფშიძეები ცხოვრობენ ერთსართულიანია. ხის ღობე გვერდზეა გადაწეული და როგორც აქაურები ეძახიან, ,,ბიჯგითაა” გამაგრებული.
 
სახლთან მიახლოვებულებს ღობეზე გადმომდგარი გოგონა გვაკვირდება. პატარა ეზოს გავლის შემდეგ, ხის სამსაფეხურიანი კიბით სახლში შევდივართ. 

სახლი სოფლის ბოლოს დგას, ,,შიფერით“ დახურული, ერთი პატარა ფანჯრით და ასევე პატარა ოთახებით. წლების წინ აქ ვეტერინალური ამბულატორია ყოფილა.

,,22 წელია ბოლაჯურში ვარ. მეშვიდე წელია ამ შენობაში შემოვიხიზნე.
სადაც ვცხოვრობდით, ის სახლი ძალიან ძველი იყო, ინგრეოდა. სხვა რა გზა მქონდა, ხომ არ დაველოდებოდი როდის ჩამოგვენგრეოდა თავზე”, - ამბობს მაია ყიფშიძე.

კანონის მიხედვით, ეს შენობა მათ არ ეკუთვნით. 2004 წელს ადიგენის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახი ამბულატორიის შენობიდან უნდა გამოსახლებულიყო.
 
,,სასამართლოს ჩვენი გასახლების განაჩენი აქვს. სპეცრაზმიც ჩამოიყვანეს თბილისიდან. ხუთი კაცი ყოფილა. მე მინდორში ვმუშობდი.  მეზობლებმა მითხრეს, რომ შევიდნენ, იქიდან მომაკვდავებივით გამოსულან. გადარეულან ეს სად მოვედით, ამათი სახლიდან გამოყრა იქნებაო? პოლიციაც იყო მოსული, მაგრამ ბავშვებს რომ შეხედეს, წავიდნენ”, - გვიამბობს ოჯახის დისახლისი.

სახლიდან არავინ აგდებთ, თუმცა მაია ყიფშიძე თავს მაინც დაუცველად გრძნობს. სპეცრაზმელებისა  და პოლიციელების სიკეთის იმედით ცხოვრება უჭირს. ,,ამათმა დაგვინდეს, მაგრამ ხომ შეიძლება, ვიღაცამ კანონი მართლაც შეასრულოს”, - უბინაოდ დარჩენის ეშინია ხუთი შვილის დედას.

მაია ყიფშიძე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს: ,,იმდენ თანაგრძნობასაც არ მიწევს რაიონი, რომ ამ საქმეში მაინც დამეხმარონ. მომცენ საბუთი, რომ სახლი ჩემია. მეც დაიმედებული ვიქნები და ამ გამწარებულ ყოფაში გარეთ გამოგდების შიში აღარ მექნება”.

მაია ყიფშიძე 41 წლისაა. შვიდი წელია, რაც მეუღლე ოჯახიდან წავიდა.

,,ქმართან უკმაყოფილება მქონდა, სულ სვამდა”, - იხსენებს მაია.

ოჯახის დანგრევის მიზეზიც ეს გახდა. მაიას მარტოს მოუხდა ხუთი შვილის გაზრდა. უფროსი 22 წლის მარინა მეზობელ სოფელშია გათხოვილი, 21 წლის ნინო ქმარს გაცილებულია და ხუთი წლის გოგონასთან ერთად ახლა დედასთან ცხოვრობს, 19 წლის ნანა უსინათლოა, ვერ დადის და მთელ დღეებს საწოლში ატარებს, 17 წლის ნონა გონებაშეზღუდულია: ,,ნონას ,,კრუნჩხვები” აქვს. სულ წამალი სჭირდება”, - გვუბნება დედა. 14 წლის ლელას ნერვიული აშლილობა აქვს. ,,მუდამ დამამშვიდებელი წამლები უნდა. ნერვიულია, ტანსაცმელს იხევს და თმებს იწიწკნის”, - ცრემლიანი თვალებით გვიყვება მაია და თვალს გვარიდებს. აცრემლებულ დედას ლელაც სევდიანი თვალებით შესცქერის.

დიასახლისის თქმით, სახლიდან წასული ქმარი არაფერში ეხმარება: ,,იმდენი საშუალება არ მაქვს, განქორწინება გავაკეთო და ბავშვებმა მისგან ალიმენტი მაინც მიიღონ”.

ექვსულიანი ოჯახი თავს დახმარებებით ირჩენს.

,,პენსია გვაქვს, - 165 ლარი. მეორე დახმარებას - 90 ლარს - სოციალურად დაუცველებისას ვიღებ. არ მყოფნის. წამლებშიც ბევრი იხარჯება. მაგრამ რა ვქნათ“, - ამბობს მაია.

90 ლარის ღირებულების, ოჯახს მარტო პურის ფქვილი სჭირდება.

,,სულ მცირე ორი ტომარა ფქვილი მინდა. სხვა თუ არაფერი პური ხომ მაინც უნდა ვაჭამო ბავშვებს”, - უხერხულობისაგან ხელებს იფშვნეტს იგი.

შვილების დაავადების გამომწვევ მიზეზებზე დედა ვერ საუბრობს: ,,არ ვიცი რატომ არიან ასე. ნონას წლის თავზე ,,ზნემ გაუარა“. ნემსი გაუკეთეს, მერე დამბლა დაეცა. 10 წლისა კი დაბრმავდა, სახეში ირტყამდა ხოლმე ხელებს, ცხრა წელია, რაც მწოლიარეა. სულ ერთ გვერდზე წევს, მხოლოდ ჭამის დროს გადმომყავს“.

მაია ყიფშიძე მიწასაც ვერ ამუშავებს, მცირე მოსავალი მაინც რომ მიიღოს: ,,დრო არ მაქვს, მიწას რომ მივხედო. მთელი დღე ბავშვების მოვლას ვუნდები".

საძინებელი ოთახიდან ტირილი ისმის. 17 წლის ნონა სახლში უცხოების შესვლაზე ასე რეაგირებს.

,,ხალხის დანახვაზე მუდამ ასეა, ხმამაღლა ტირის”, - გვიხსნის დედა.

სახლიდან გამოვდივართ და ეზოში სკამზე ვსხდებით. ლელა ისევ ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და გაურკვევლად ლაპარაკობს. დედა ხვდება შვილს რისი თქმა უნდა: ,,მარინა (უფროსი და) უნდა მოვიდეს და უხარია”.
,,ჭირმა გაკაჟება იცის, ამათ გულისთვის მთას გადავდგამ”, - გვეუბნება იგი.

ყიფშიძეების ეზოში ხასხასა მინდორია. სახლს და ირგვლივ ყველაფერს მშრომელის ხელი ატყვია. აივანზე წყლის ჭურჭელი კრიალებს, გაფენილი სარეცხიც თეთრად ქათქათებს. როგორ ახერხებს ამდენი საქმის გაკეთებას  მაია არ გვპასუხობს, მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და იღიმება.

წამოსვლისას ლელა არ დაგვმშვიდობებია, კვლავ ძველებურად ღობეზე გადმოდგა. ოჯახის დიასახლისმა სევდიანად გაგვიღიმა. შვილიშვილი ლიკა კი ხელს მანამდე გვიქნევდა, ვიდრე მანქანა თვალს არ მოეფარა.


ახალი ამბები