კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტპატიმრის დაკავების ისტორია

4 ივნისი, 2008


მერაბ რატიშვილი იმ ზარის საფუძველზე დააკავეს, რომლის ავტორიც დღემდე უცნობია....

 

 ადვოკატი რაულ გამისონია

 ნონა სუვარიანი, თბილისი

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ირწმუნება, თითქოს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ომბუდსმენი და მერაბ რატიშვილის ადვოკატები საპირისპიროს ამტკიცებენ. რატომ ჰგონიათ, რომ პოლიტოლოგი და საქართველოს გოლფის ეროვნული ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში პოლიტიკური ნიშნით იმყოფება? ვის და რატომ აწყობდა მისი დაკავება? საქმეში საეჭვო დეტალები არსებობს.

მერაბ რატიშვილის საქმე სახალხო დამცველის  2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში მოხვდა. სწორედ იმ ნაწილში,  სადაც ომბუდსმენი პოლიტპატიმრებზე საუბრობდა. მერაბ რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებას ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას უკავშირებს. მერაბ რატიშვილის მეუღლე, ეკა ჯიხვაშვილი იხსენებს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში რატიშვილის დაკავების დროს იყო. მას მიაჩნია, რომ სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლებას რატიშვილის გამოყენება დასჭირდა.

„გახსოვთ, როგორ განვითრდა მოვლენები 7 ნოემბრის შემდეგ? საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დოკუმენტური ფილმები აჩვენა, სადაც ოპოზიციას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ურთიერთაბაში ამხელდა. მერაბი 18 წლიდან მოსკოვში ცხოვრობდა, დსთ-ს ადმინისტრაციაში გარკვეული თანამდებობებს იკავებდა. საქართველოში თვეში ერთხელ ჩამოდიოდა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოპოზიციის ლიდერებთან. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ახლობლობდა. როგორც ჩანს, მერაბის  გამოყენება მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით გადაწყვიტეს. ითხოვდნენ, რომ მას ოპოზიციის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. ასევე „ეღიარებინა“, თითქოს თავადაც აგენტია. ვინაიდან დაკავების შემდეგ მისგან ეს ჩვენება ვერ მიიღეს, აგენტობა ვეღარ დააბრალეს. ამიტომაც ნარკოტიკების მოხმარების მუხლით გაასამართლეს“.

მერაბ რატიშვილი საუბრობს იმაზე, რომ მას საპყრობილეში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პერიოდულად აკითხავდნენ. ითხოვდნენ, რომ ჩვენება ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ მიეცა.

მერაბ რატიშვილის უფლებები დაკავების მომენტიდანვე დაარღვიეს და ეს  სუბარის ანგარიშში დეტალურად აისახა. „თავდასხმის“ სქემა აქაც უცვლელია: დახვედრა ჯიპებით,  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული „თანამშრომლები“, ძალადობა, ცემა, ნარკოტიკის ძალით ჩაგდება. რატიშვილმა, რომელმაც დაკავებისას ორჯერ იგრძნო ჩხვლეტა, თავად დაინახა, როგორ გადააწოდა „შპრიცი“ ერთმა თანამშრომელმა მეორეს.  ალბათ, ეს სწორედ ის „შპრიცი“ იყო, რომელიც მოგვიანებით ამავე „სამართალდამცავებმა“ რატიშვილის ავტომობილში აღმოაჩინეს. რატიშვილს სოდის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ ის ნარკოტიკების უკანონო მოხმარებისთვის დააკავეს. აღსანიშნავია, რომ მერაბ რატიშვილი ჰიპერტონიით დაავადებულია.  მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერება გაუკეთეს, რატიშვილი ცუდად გახდა და ექიმის მოყვანა მოითხოვა, თუმცა მის თხოვნას სამართლადამცავებმა ყურადღება არც მიაქციეს. ნარკოტიკების მოხმარებაზე სამედიცინო ექსპერტიზა რატიშვილს დღემდე არ ჩატარებია.

დაკავების შემდეგ სოდის თანამშრომლებმა რატიშვილს სახლში აყოლა და კარის გაღება მოსთხოვეს. დაკავების დროს, ეკა ჯიხვაშვილმა პოლიციელებს კარი მას შემდეგ გაუღო, რაც ამის შესახებ თავად მეუღლემ სთხოვა. სახლში დაახლოებით 10-მდე თანამშრომელი შევიდა. ჩხრეკა კანონდარღვევით მიმდინარეობდა.

„მერაბი სთხოვდა, ჩხრეკას დამასწარითო, მაგრამ მაინც წაიყვანეს. 10 კაცთან მარტო დავრჩი. დავაფიქსირე, ყველა ოთახში შევიდნენ, რადგან ყველგან შუქი აინთო. ვითხოვდი, ჩხრეკას ვინმე მაინც დასწრებოდა. ამაზე უარი მითხრეს. ერთ-ერთი ლაპარაკით მართობდა, რაღაცებს მეკითხებოდა. ჩხრეკა ზედაპირულად მიმდინარეობდა. ალბათ იცოდნენ, რა უნდა მოეძებნათ. პიჯაკი, რომელშიც 9 გრამი „მეტადონი“ აღმოაჩინეს, ნახევარი საათის წინ დავაუთოვე. არ ვიცი ვინ ჩაუდო, მაგრამ იქ რომ არ უნდა ყოფილიყო, ეს გასაგებია. სარდაფიდან გადმოყარეს რაღაცები. მათ შორის მაისურები წარწერით „ჩვენ თვითონ“, რომლებიც პაატა დავითაიამ მე და ჩემს მეუღლეს გვაჩუქა. მაისურები რატომღაც ნივთმტკიცებად ჩათვალეს“.

ეკა ჯიხვაშვილი ყვება, რომ დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ იცოდნენ, რომ მერაბ რატიშვილის უთვალთვალებდნენ და მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ.
„როგორ ფიქრობთ, ადამიანმა თუ იცის, რომ მას უთვალთვალებენ, იცის, რომ შეიძლება სახლშიც მიაკითხონ, შეინახავს 9 გრამ ნარკოტიკს?“

მერაბ რატიშვილის ადვოკატმა, რაულ გამისონიამ, საქმის გამოძიება პროკურატურისგან დამუკიდებლად თავად დაიწყო. როგორც აღნიშნავს, ამ საქმეში უამრავი საეჭვო ნიუანსია.

24 ოქტომბერს, დაკავებმდე 3 დღით ადრე, რატიშვილის სატელეფონო მოსმენის შესახებ მოსამართლის ბრძანება გამოიცა. ბრძანება იმის საფუძველზე გაიცა, თითქოს ვინმე მელაძეს დაუდგენელმა პირებმა მიჰყიდეს ნარკოტიკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში რამდენიმე ადამიანი ფიგურირებს, ცნობილია მხოლოდ ვინმე “მერაბის” სახელი და ტელეფონის ნომერი. თუმცა 6 დღეში გაირკვა, თითქოს მერაბ რატიშვილს ვინმე მელაძის საქმესთან, რომლის გამოც უსმენდნენ, კავშირი საერთოდ არ ჰქონდა. გამოდის, რომ ეს საქმე იმისთვის შეთითხნეს, რომ სატელეფონო მოსმენაზე ნაბართვა მოეპოვებინათ.

3 დღის მანძილზე, როდესაც მას უსმენდნენ (24-26 ოქტომბერი) მის ტელეფონზე 33 სატელეფონო ზარი განხორციელდა. მაგრამ ამ ზარებში პოლიციამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა. 26 ოქტომბერს დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე მას ახლობელმა დაურეკამ რომელისაც შაქრის ბიზნესი აქვს.  საუბარი ამ თემასაც შეეხო და
შესაბამისად, ეს სიტყვაც ახსენეს. სიტყვა „შაქარს“დიდი მნიშვნელობა არც მიექცეოდა, რომ არა უკვე სხვა  ნომრიდან ზედიზედ ორჯერ განხორციულებული ზარი. საუბრის ხანგრძლივობა, მაქსიმუმ, 25 წამს შეადგენდა. მერაბმა ვერ იცნო ის ადამიანი, რომელიც ასევე “შაქარზე” ესაუბრებოდა. ორივე შემთხვევაში მერაბმა ის გალანძღა და ტელეფონი გაუთიშა. უცნობი ადამიანი მას „შაქარს“ სთხოვდა. ამ საუბრიდან შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს რატიშვილი ნარკოტოკის გამსაღებელია, სიტყვა „შაქარი“ კი სამართალდამცავების მიერ გაიშიფრა როგორც „მეტადონი“. თუმცა, ადვოკატისათვის დღედმე გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც ეს ნარკოტიკი და არა ვთქვათ, ჰეროინი. დიალოგიდან, რომლის წერილობითი ვერსია ადვოკატმა გვაჩვენა, კარგად ჩანს, რომ რატიშვილი ვერ ხვდება, რა შაქარზეა საუბარი და ვინ ურეკავს მას. მიუხედავად იმისა, რომ “შაქარზე“ საუბარი ორი ნომრის მფლობელებთან იყო, პოლიცია მხოლოდ ერთი ნომრით, უცნობი ადამიანით, დაინტერესდა და არა რატიშვილის ახლობლით. არადა პირველ შემთხვევაში ეს სიტყვა უფრო მკვეთრად ფიგურირებდა. სწორედ ამ ზარის შემდეგ რატიშვილი დააკავეს, სახლი და ოფისი კი გაუჩხრიკეს.

პოლიციელებს ჩხრეკის ორდერი არ ჰქონდათ. თუმცა ასეთი ქმედება შესაბამისი ნებართვის გარეშეც შესაძლებელია, ოღონდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. ეს აუცილებლობა კი რეალურად არ არსებობდა. ამაზე დაკითხვისას თავად პოლიციელებიც საუბრობენ.

არც ერთმა პოლიციელმა, რომელიც ჩხრეკაში მონაწილეობდა, არ იცოდა, რა საქმეზე მიდიოდა. ჩხრეკის პროცესში ოფიციალურად დაფიქსირებულ რაოდენობაზე გაცილებით მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. მთავარი პიროვნება, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა ეს ჩხრეკა, არ დაკითხეს. მას არც ხელი მოუწერია ოქმზე.

ოფისში პოლიციელებმა გაურკვეველი წარმოშობის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის და სხვადასხვა სახელის და გვარის პირადობის მოწმობები იპოვეს. როგორც კი რატიშვილმა განაცხადა, რომ ის ამ მოწმობების  შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ეს ბრალი მას მოუხსნეს, საქმიდან ამოიღეს და ცალკე წარმოებაში გამოყვეს.

რაულ გამისონია: „ჩემი აზრით, ეს უკავშირდება იმას, რომ მერაბს აიძულებდნენ ოპოზიონერებისთვის უცხო ქვეყნის აგენტობა დაებრალებინა. იმ შემთხვევაში, თუ მერაბი იტყოდა, რომ ის მართლაც უცხო ქვეყნის აგენტია, მაშინ ეს დოკუმენტაცია მისი ბრალის დასამძიმებლად საკმარისი იქნებოდა“.

წინასწარ გამოძიებას 2007 წლის 20 დეკემბრამდე არც კი უცდია გაერკვია, ვის ეკუთვნოდა ის ნომერი, საიდანაც მას დაურეკეს, ვინ ურეკავდა და რა კავშირში იყო დაკავებულთან. მეორე დღეს კი საქმე სასამართლოში გაიგზავნა.

პირი, რომელმაც ზარი განახორციელა, მაგთის აბონენტი იყო. რაულ გამისონიამ აბონენტის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. გაირკვა, რომ პირადობის ნომერი გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა. მისი პირადობის გამოყენება კი შეუძლებელი იყო მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ პირადობის აღება სამოქალაქო რეესტრიდან ვერ მოასწრო. ხოლო ვინმე “მიშიკო კეთილაძე” (ასეთი სახელით არის დარეგისტრირებული აბონენტი), საერთოდ არ არსებობს.

ცხადია, ამ ყველაფერმა ადვოკატი დააეჭვა. ამიტომ მოითხოვა ის ნომრები, საიდანაც ამ ნომერზე დაირეკა. „მაგთიმ“ ამაზე უარი განაცხადა. ნომრების მოთხოვნაზე ადვოკატი მოსამართლემაც უარით გაისტუმრა. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ რატიშვილი მერვე თვეა დაკავებულია, გამოძიება დღემდე არ დაინტერესებულა, ვინ დაურეკა მას. არადა გოლფის ასოციაციის ყოფილი დირექტორის დაკავება სწორედ ამ ზარის საფუძველზე მოხდა...


პირველი ინსტანციის სასამართლო უკვე მერვე თვეა გრძელდება. იმის მტკიცება, რომ მერაბ რატიშვილი მაინცდამაინც პოლიტპატიმარია, დღევანდელი მართმსაჯულების პირობებში ძნელია. თუმცა სოზარ სუბარი ასე აფასებს ამ ადამიანის დაკავებას:

„ეჭვს, რომ რატიშვილს ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო, ადასტურებს შემდეგი გარემოებები: მერაბ რატიშვილის დაკავების შემდეგ, პრაქტიკულად დაარბიეს მისი ოფისი, ხოლო კომპიუტერებში მოთავსებული ინფორმაციული დეტალები შეისწავლეს. ბუნებრივია, თუკი არსებობდა ეჭვი ნარკოტიკულ დანაშაულზე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილიყო მის კომპიუტერში“.

 

ახალი ამბები