კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აბონენტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან

5 ივნისი, 2008

ვინ გადაიხდის 18 000 ლარს?!

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდის რაიონის, სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობა ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. 150-მდე აბონენტი ამ დროისთვის შუქის გარეშე რჩება. ელენერგიის  მიწოდება მათ 10 დღის წინ შეუწყდათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთის რეგიონის ენერგოზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილი აქტის მიხედვით, დავალიანებამ 18 000 ლარს მიაღწია. მოსახლეობა თანხის გადახდას არ აპირებს და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

ზუგდიდის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 3 ივნისს უკვე მეორედ შეკრებილი მოსახლეობა დავალიანების გაუქმებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდა, უფრო სწორად „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ შუამავლის როლის შესრულებას. თუმცა ახალაბასთუმნის მოსახლეობას რაიონის გამგებლის მოადგილემ, თენგიზ შანავამ სანუგეშო ვერაფერი უთხრა და კვლავ „ენერგო-პრო ჯორჯიას" მფლობელებისკენ, ჩეხი ინვესტორებისკენ მიუთითა. 4 მაისს კი 200-მდე აბონენტი სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან იგივე მოთხოვნით შეიკრიბა.

ქეთევან ტაბაღუა, აბონენტი: „ხუთი თვის შემდეგ გაახსენდათ, რომ დავალიანება არსებობდა. ჭორი გვეგონა მრიცხველის დაზიანება. 23 იანვარს შეუცვლიათ მრიცხველი და შემოწმების აქტი 15 თებერვალს შეუდგენიათ. ამ პროცესს არცერთი აბონენტი არ დასწრებია და არც არავინ გაუფრთხილებიათ. აქტი კანონდარღვევით შედგა. ინდივიდუალური მრიცხველები რომ გვქონდეს, ასეთი პრობლემის წინაშე ხომ არ აღმოვჩნდებოდით?!“

     

მიზეზების გარკვევას ჩაბნელებული სოფლის მოსახლეობა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის დირექტორთან, გელა კუპატაძესთან შეეცადა.

ნუგზარ თოდუა, აბონენტი: „მე სენაკში პირადად შევხვდი გელა კუპატაძეს. გვაინტერესებდა, რის საფუძველზე მოგვაწერეს ამ რაოდენობის თანხა. დენის ერთი კოჭა ყოფილა დამწვარი, მაგრამ არც დათუთქულს და არც მთელს გვიჩვენებენ. აქტში კი უწერიათ, რომ მრიცხველი იყო დაზიანებული. თუ ეს ასე იყო იმ მრიცხველზე იმაზე მეტი ხომ დაიწერებოდა, ვიდრე ჩვენ გავხარჯეთ. კუპატაძემ მიპასუხა: „მართალი ხარ ბიძაჩემო, მაგრამ აქტი შედგენილია და ფული მაინც უნდა გადაიხადოთო“. ეს არის მათი სამართალი და გლეხი კაცის სიმართლე!“

გელა კუპატაძე უკმაყოფილო აბონენტებთან შეხვედრას და მათთან საუბარს კატეგორიულად უარყოფს. იგი მხოლოდ რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ალექსანდრე ქობალიას ასახელებს, რომელთანაც სატელეფონო საუბარი ჰქონდა. თუმცა დეტალებსა და შედეგებზე ის აღარ საუბრობს. ახალაბასთუმნელები კი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ.

ფრიდონ კორსანტია, აბონენტი: „23 იანვრის შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილან, მრიცხველებიც არ გაუკონტროლებიათ. რისთვის იღებენ ისინი ხელფასს აღარ ვიცით - უმუშევრობისთვის?! ვაუჩერებით სარგებლობის გამო შემოაკლდათ ახლა ამათ ფული, ნაღდი ფული არ ჩაუვარდათ ხელში. მათ აქ არაფერი გაუკეთებიათ, ყველაფერს ჩვენ ვარემონტებდით, სადენები იყო გამოსაცვლელი – ჩვენი ხარჯებით ვიძენდით, ტრანსფორმატორი რომ გამოვცვალეთ -  1 000 ლარი მივეცით, ზეთი გამოვცვალეთ – 800 ლარი გადავუხადეთ. თავის დროზე ტრანსფორმატორი 8 000 ლარად სწორედ მათგან შევისყიდეთ. სად წაიღეს ეს ფული, რომელ ბიუჯეტში შეიტანეს?! მათი მრიცხველი თუ არ მუშაობდა, ჩვენი ხომ ვარგოდა!“

იმას, რომ სოფელ ახალაბასთუმანში ქვესადგურ „ვექტორი“-ს #35 ფიდერის, #2 სატრანსფორმატორო ქვესადგურზე არსებული მრიცხველი არასწორად აღრიცხავდა მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯს, „ენერგო-პრო ჯორჯიაშიც“ ადასტურებენ.

გელა კუპატაძე: „მიმდინარე წლის 15 თებერვალს რეგიონის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა ეს ქვესადგური და დაიწერა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის  შემოწმების აქტი, რომელიც სათაო ოფისში გადაიგზავნა. სემეკის 2001 წლის  31 დეკემბრის #10 დადგენილების საფუძველზე ცენტრალური დამრიცხავი კომისიის მიერ ზემოთაღნიშნულ სატრანსფორმატორო ქვესადგურს დამატებით დაერიცხა აღურიცხავად მოხმარებული ელექტროენერგია 138 00 კვტ/სთ-ის ოდენობით, რაც 17 912 ლარია.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ზუგდიდის სერვისცენტრის ხელმძღვანელებმა ახალაბასთუმნის მოსახლეობას ვალის ეტაპობრივად დაფარვა უკვე შესთავაზეს. თუ ურთიერთშეთანხმება მოხდება მიმდინარე დავალიანებასთან ერთად, აბონენტებმა თვეში საშუალოდ 20 ლარი უნდა გადაიხადონ. მოსახლეობა კი კომპანიის შეთავაზებაზე უარს აცხადებს და ვალის ჩამოწერას კვლავ კატეგორიულად მოითხოვს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ისინი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოში გამოვლენ.

ბერდია გოგლიძე, ზუგდიდის სერვისცენტრის მენეჯერი: „დავალიანება თანაბრად გადავუნაწილე, რომ კისერზე ერთბაშად არ დააწვეთ. სხვაგვარად ვერაფერს გადავწყვეტთ. უარს ამბობენ და რა ვქნათ?! კი ბატონო, იმუქრებიან და დაიმუქრონ, გაასაჩივრონ, მათი ნებაა“

ნების გამოხატვა თუ კანონი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უფრო ავალდებულებს. კომპანიის ვებ-გვერდზე, ელექტროენერგიის მოხმარებისა და მიწოდების წესების დარღვევების შესახებ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ დამატებული კილოვატების  გამოთვლისა და შესაბამისი გადასახდელი თანხის დადგენის შემდეგ შედგენილი ოქმი გადაეგზავნება სასამართლოს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება მოსარჩელე და მოპასუხე, ვინ უფრო არღვევს კანონს - კომპანია თუ მომხმარებელი?!

 

ახალი ამბები