კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველები სიღატაკისგან დაცვას ითხოვენ

9 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება სიღარიბეს დღემუდამ „ებრძვის“, სადაც მოქალაქეებს ანუგეშებენ (განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ), რომ მალე უმუშევრობასაც დავძლევთ და სხვა დანარჩენ პრობლემასაც, სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამების არსებობის მიუხედავად, რომელიც, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში არამიზანმიმართულად ხორციელდება, სოციალურად დაუცველები უკიდურეს გაჭირვებასა და მთავრობის უყურადღებობაზე ჩივიან.

მანანა ხუნდაძე ათი წელია საწოლსაა მიჯაჭვული. მეუღლე ერთი წლის წინ დაეღუპა და ახლა სახლში 15 წლის შვილთან ერთად, მძიმე პირობებში ცხოვრობს. სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 54 ლარიან შემწეობას იღებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი, დახმარება შეუწყვიტეს.

„მეც და ჩემი მეუღლეც მწოლიარე ავადმყოფები ვიყავით, როცა სახელმწიფომ დახმარება დაგვინიშნა. ჩემი მეუღლე, სანამ ცუდად გახდებოდა, ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში მივიდა დახმარების სათხოვნელად. სამსახურის უფროსმა უხეშად უთხრა, ამხელა კაცი აქ რამდენჯერ უნდა მოხვიდე, გითხარით, ვერაფრით დაგეხმარებითო. მე განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ. ინვალიდი ვარ, მარჩენალდაკარგული ვარ, მარტოხელა დედა ვარ... ნუთუ, არ არსებობს გამოსავალი? ნუთუ, ჩემს შვილს მთელი ბავშვობა უნდა გაუმწარდეს? სიარული რომ შემეძლოს, სოციალურ სააგენტოს არ მოვეშვებოდი, მაგრამ არ შემიძლია“, - ამბობს მანანა ხუნდაძე.

სახლში, სადაც მარტოხელა დედა-შვილი ცხოვრობს, გაჭირვება ყველა კუთხე-კუნჭულს ეტყობა. ძველი საწოლი, უფრო ძველი კარადა და კიდევ უფრო ძველი ტელევიზორი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს უსიამოვნების მიზეზი გახდა, ზუსტად აღწერს ოჯახის ყოფას.

„სოციალურ დახმარებას, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახი, თვეების მანძილზე ვიღებდით. მერე მოვიდნენ სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან და ხელახლა გადაგვამოწმეს. სოციალურ აგენტს ტელევიზორისკენ გაექცა თვალი და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებოდა. არადა, ტელევიზორი ნათესავმა მაჩუქა, საწოლად ჩავარდნილი ქალი ხანდახან ჩართავ და გაერთობიო. ის ტელევიზორი მალე გაგვიფუჭდა და საქმეც  გაფუჭებული დარჩა - დახმარება შეგვიწყვიტეს“, - ამბობს ქალბატონი მანანა.

მარტოხელა დედამ იმდენი მოახერხა, რომ ქუთაისში ჩამოსულ სახელმწიფო მინისტრს წერილი გაუგზავნა. დავით ტყეშელაშვილს მანანა ხუნდაძის წერილი დედამისმა პირადად გადასცა. თხოვნა მოკრძალებული იყო - საწოლს მიჯაჭვული დედა 30 ლარიანი შემწეობის აღდგენას ითხოვდა.

„არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. პერიოდულად ხდება ოჯახების გადამოწმება და ასე იყო ამ შემთხვევაშიც. ეს ქალბატონი კონტროლის მიერ გადამოწმებულ იქნა 2007 წლის დეკემბერში. მისი სარეიტინგო ქულა 50570 იყო და დახმარებაც კვლავ აღუდგა. მთავარია, ბენეფიციარმა 57 000-მდე ქულა დააგროვოს და იგი „სიღარიბის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოსგან დახმარებას აუცილებლად მიიღებს“, - ამბობს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა გოგიბერიძე.

მისი განმარტებით, მანანა ხუნდაძე აგვისტოდან სამედიცინო პოლისსაც მიიღებს და შესაბამისად, სანერვიულოც არაფერი აქვს. მაგრამ საქმე მარტო 30 ლარიანი დახმარების აღდგენაში არ არის. მანანა ხუნდაძე იმ გაცდენილი ექვსი თვის თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მისი შვილისთვის დიდი შეღავათი იქნება: „სააღდგომოდ ხორბალი დათესა და ყიდდა. რა უნდა მოვთხოვო 15 წლის ბავშვს, რომელიც ამ ასაკში მხოლოდ სწავლასა და გართობაზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, რა მოიფიქროს, რომ ლუკმა-პურის ფული იშოვოს... სააკაშვილი სულ იმას იძახის, რომ გაჭირვებულებს დახმარება არ უნდა მოეხსნასო და ესაა? პური და ერთი ჭიქა ჩაი ხომ მაინც უნდა გვქონდეს?“

სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მანანა ხუნდაძეს შეძლებისდაგვარად ეხმარება. იგი 30 ლარიან შემწეობას იღებს. რაც შეეხება აღნიშნული 6 თვის თანხას, რომელიც არ მიუღია, ვერავინ მისცემს, თუნდაც ეს მან სასამართლოს გზით მოითხოვოს.

იგივეს ფიქრობენ ქუთაისის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურში. სამსახურის უფროსის არჩილ მუკბანიანის განმარტებით: „მანანა ხუნდაძეს ვეხმარებით მედიკამენტებით, ზოგჯერ სურსათითაც. „სიღატაკის დაძლევის პროგრამის“ ფარგლებში თუ რამენაირი საშუალება გაჭაჭანდა, არასდროს გვავიწყდება. მეტს ვერაფერ გავაკეთებთ. არ შეგვიძლია.“

როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მხოლოდ ლაპარაკის დროს შეუძლია დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა და ზოგადად, მძიმე სოციალური პირობები. სინამდვილე კი, გაცილებით დრამატულია და მის დანახვას, ისევე როგორც აღიარებას, მეტი გულისხმიერება და საქმის  რეალურად  კეთება ჭირდება „ლაპარაკის ნაცვლად“.

ახალი ამბები