10:56, Thursday, 12.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ციხეში - ფუღუროიანი ნაძვის გამო

09.06.2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

26 წლის როინ გაბაიძეს ფუღუროიანი ნაძვის, მათივე საკარმიდამოდან შინ მიტანის გამო, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ გასული წლის აპრილში აღიძრა. განსასჯელის ადვოკატი წაყენებული ბრალდების მუხლს არასწორს უწოდებს. 

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევით არის დაწყებული. თუმცა, მოგვიანებით ბრალდება დამძიმებულია და ამჟამად, გაბაიძეს ბრალი ქურდობის მუხლით აქვს წაყენებული. თან, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებით.

განსასჯელის ადვოკატის განცხადებით, საქმეში დაზარალებულად შპს. „ცეცხლაურის მეურნეობის“ ქონების მცველი ვახტანგ ბერიძეა გამოყვანილი. ხოლო ზიანი იმის მიხედვით დაიანგარიშეს, რა ზარალიც გარემოს მიადგა. „თუკი გარემოზე აქვს ზიანი მიყენებული, ამ შემთხვევაში, საქმე 303-ე მუხლით უნდა აღძრულიყო, რასაც ამნისტია შეეხო“, აღნიშნავს განსასჯელის ადვოკატი გენო ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.

დასკვნა, რომელიც საქმეშია, გარემოს დაცვის სპეციალისტის, მელოდი ძირკვაძის მიერაა გაკეთებული. დასკვნაში არ ჩანს, იმყოფებოდა თუ არა ის ადგილზე. მოჭრილი ხის დიამეტრიც სხვადასხვაა. სპეციალისტს უწერია: 45, 55 სმ, ხოლო, ამოღების ოქმში - 24, 18, 17 სმ-ია დაფიქსირებული“.    

საქმეს ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძე განიხილავს. სასამართლომ განსასჯელის ადვოკატის შუამდგომლობა გარემოს დაცვის ინსპექციის სპეციალისტის, მელოდი ძირკვაძის დაკითხვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა მოწმის, მერჯივან ქათამაძის დაკითხვის მოთხოვნაც. „ძროხას ვეძებდი და გაბაიძეების იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დავინახე, რომ ქარს ნაძვი მოეტეხა. შემდეგ, მეზობლის ქელეხზე, ტყის მცველ ვახტანგ ბერიძეს შევხდი და ვუთხარი, რომ გაჭირვებული ოჯახია, სახლიც მოსაწყობი აქვს და წაიღონ მეთქი“, განაცხადა განსასჯელის მხარის მოწმემ სასამართლო პროცესზე, 3 ივნისს.

ის, რომ საქმეში დაზარალებულად დასახელებული ვახტანგ ბერიძე გაბაიძის მიერ ნაძვის წაღების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, ამას თავისივე ჩვენებაშიც აღნიშნავს: „მითხრეს, რომ გაბაიძის ნაკვეთში ნაძვი იყო წაქცეული და წაღების ნებართვა ოთხოვეს. მე ვუთხარი, რომ შევამოწმებდი და შემდეგ გადავწყვეტდი. ჩავედი და ვნახე, რომ ხეს ტოტები დაჭრილი ჰქონდა, 4 ცალი მორი იყო 3-3 მეტრიანი. თვითონ ხე ორწვერა იყო. დანარჩენი ნაწილები დამპალი ჰქონდა. მეორე დღეს თვითონ ავედი გაბაიძესთან და ვთხოვე მეურნეობის დირექტორთან ჩამოსულიყო და შეშის სახით გამოეწერა 20-25 ლარად“.

განსასჯელი ამბობს, რომ ნებართვისთვის მეურნეობის დირექტორთან ჩასვლას აპირებდა, მაგრამ საღამოსვე დააკავეს. როინ გაბაიძე იხსენებს, „მცველმა მითხრა, ღამით არ წაიღო, დღისით წაიღე, ვინმემ სხვანაირად არ იფიქროსო“.

დაზარალებული სამოქალაქო სარჩელს არ აყენებს და ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვს: „ამ კაცს განზრახ არ მოუჭრია, ქარმა წააქცია, ჩემი თვალით ვნახე მოტეხილი რომ იყო და არც ასანაზღაურებლად ღირს, რა უნდა აგვინაზღაუროს. ჩვენ არ გვიდავია“.

შპს „ცეცხლაურის მეურნეობას“ ბალანსზე 13 300 ძირი ხე აქვს. ამის მთლიანი საბალანსო ღირებულება კი 1 370 ლარია. თვითონ მეურნეობის დირექტორი ჯემალ თხილაიშვილი კითხულობს: „ჯერ აჭარაში, ერთი ძირი ხე და ისიც -  1500 ლარიანი არ გაზრდილა და მაინცადამაინც იქ გაიზარდა?“

ზიანის ფასი მეურნეობას არ დაუდგენია, მათ შესაბამისი სპეციალისტი არც ჰყავთ. დაზარალებული იხსენებს, რომ ფასი ჩვენების დაწერისას გამომძიებელმა უკარნახა: „პოლიციამ გადაზომა-გადმოზომა, დაიანგარიშა, მერე ამოვიდნენ და ხელი მომაწერინეს, ამდენია ზარალიო“.

ზიანი გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა სპეციალისტმა ინსპექტირების დარგში, მელოდი ძირკვაძემ დაადგინა. თუმცა, ძირკვაძე აცხადებს, რომ მათზე გაგზავნილ მიმართვაში მხოლოდ ორი ხის ზიანის დაანგარიშებას ითხოვდნენ: „მასალის შესაფასებლად მე ადგილზე არ გავსულვარ. თუ მომმართავენ, გადი და შეამოწმეო, გავდივარ და ვამოწმებ. თუ მომცეს, რომ დაიანგარიშეო, პირდაპირ ვანგარიშობ. ამ შემთხვევაშიც დაანგარიშება მოგვთხოვეს. ჩვენ მოგვწერეს მონაცემები, რომ 51 სმ და 55 სმ-იანი ორი ძირი ხე იყო. იქ მითითებული არ ყოფილა, რომ  ხე ზეხმელი ან  დაზიანებული იყო. იქედან გამომდინარე, რომ ქარისმიერი ეროზიის ფუნქციის, ანუ ქარსაფარი ზოლის 3 კილომეტრიან რადიუსში იყო მოქცეული, ჩვენ მივანიჭეთ მაღალი კატეგორია და დაიწერა, რომ ზიანი შეადგენდა 1 560 ლარს“.

საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო ბრალმდებელმა ნუგზარ ჯიქიძემ კომენტარი არ გააეკეთა. როინ გაბაიძის სასამართლო პროცესი კი 24 ივნისისთვის გადაიდო. განსასჯელს აღმკვეთ ღონისძიებად 5 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული. მას თანხის ნაცვლად საცხოვრებელი აქვს ჩადებული.

გაბაიძეების ოჯახი

გაბაიძეების ათსულიანი ოჯახი სოფელ ცეცხლაურში, ერთ სახლში ცხოვრობს. სოფელში ამბობენ, რომ მათ ყველაზე მეტად უჭირთ. „მაღაზიაში ვალი აქვს, მაგრამ როგორ არ გავატანო ბავშვს შაქარი, როცა ვიცი, რომ ჩაის ვერ დაალევინებენ. იმასაც ვხედავ, რომ თვითონ მას მოსვლა ერიდება და პატარა ბავშვს უშვებს ნისიად წასაღებად, როგორ არ გავატანო“, - ამბობს გაბაიძეების მეზობლად მაღაზიის გამყიდველი.

თვითონ როინ გაბაძეს მეუღლე და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
ოჯახი ვერც სოციალური დახმარების სიაში მოხვდა, რადგან მამია გაბაიძეს (როინის მამა) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის პასპორტი გააჩნია. ახალი კი, იმის გამო ვერ ამზადებს, რომ ძველ პასპორტში მისი მხოლოდ დაბადების წელი წერია, თვე და რიცხვი კი - არა. მათი რაიონის, ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირის არქივი განადგურებულია (სოფელ ცეცხლაურში გაბაიძეები წლების წინ გადმოასახლეს). ჯარიმის სახით კი მას 60 ლარს სთხოვენ, რაც ოჯახს არ გააჩნია.

ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ჩოლოქზე მიწის დამუშავებით მიღებული გასამრჯელოა. „მიწებს ვამუშავებ და მცირეოდენს მიხდიან, რომ ოჯახი მშიერი არ დამრჩეს“, - ამბობს მამია გაბაიძე.

ორსართულიანი ქვის სახლში, იატაკიც მხოლოდ ერთი წელია რაც გაუკეთებიათ. კედლები კი კვლავ ბათქაშის გარეშეა. „რძალი ტუბერკულოზით არის დაავადებული, საშუალება არ მქონდა და მამამისმა წაიყვანა. ყველზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩემი შვილიშვილები მშიერი იქნებიან და მე არაფერი შემიძლია“, ასე იწყებს საუბარს განსასჯელის მამა, მამია გაბაიძე. „სიძე გურჯაანიდან მყავს - მამუკა ბეჟანაშვილი. ხორცზე ჩალიჩობდა, კანონიერად ყიდულობდა და ბათუმში ყიდდა. მაგრამ საქონლის მოპარვა დააბრალეს. დაკავებამდე, როინს მოსთხოვეს, გვითხარი სად არის შენი სიძე, დაგვაჭერინეო. როინმა უთხრა, აგერ ტელეფონის ნომერი და მისამართიო. ამას მაშინ დაემუქრა მუხაესტატეს პოლიციელი ნოდარ ცეცხლაძე, რომ შენ თუ ჩამივარდი ხელშიო...“. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიციელებმა მუქარა შეასრულეს.

გაბაიძეები იმასაც აცხადებენ, რომ მათი სოფელში ნაძვების გაჩეხვის არაერთი ფაქტი მომხდარა. „12 ქარსაფარი ზოლია, მაგრამ ნაძვები განადგურებულია. ერთ ძირ ნაძვზე კი ასეთი ამბები ატეხეს. ერთ ღამეს 16 ძირი მოჭრა ერთმა აქაურმა, წაიღო და გაყიდა. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილებამ ცული ჩამოართვა მხოლოდ. ახლა ის კაცი თავისუფალია. ჩვენ კი ფუღუროიან ნაძვზე ასეთი ამბავი ატეხეს“.

ეს მასალა გამოძიებამ საქმეში დაზარალებულ მცველს, ვახტანგ ბერიძეს ჩააბარა. ბერიძე გაბაიძეების ოჯახს ენდობა და მასალა მაინც მათთან დატოვა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC