კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელფასო დავალიანებების ისტორია

10 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. მხოლოდ იმას, რომ გაისტუმრონ ჩვენი სახელფასო დავალიანება და მოგვექცნენ ადამიანურად. ქვეყანაში, სადაც ყოველდღე იმაზეა ლაპარაკი, რომ უმუშევრობა დაძლეულ უნდა იქნას და სამუშაო ადგილები შეიქმნას, სირცხვილია, ჩვენი შრომის საზღაურის აღებისთვის ამდენს ვწვალობდეთ. ეს უსამართლობაა და სხვა არაფერი“,- აცხადებს  ნაილი ხვადაგიანი.

მასთან ერთად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა ოცდაათმა  თანამშრომელმა მიმართა. ისინი შრომითი უფლებების დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვენ.

საქმე 1998-2000 წლებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ეხება. 44 268 ლარის გამო თავის დროზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელიც აღიძრა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრის კოლექტივის საინიციატივო ჯგუფმა და ცენტრის დირექტორმა კოტე გვეტაძემ სამართლებრივი დახმარებისთვის სასამართლოს მიმართეს. აღნიშნული ორგანიზაციის თანამშრომლები 17 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვდნენ.

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ის გარემოება მიუთითეს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამხარეო ცენტრსა და ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდს შორის თავის დროზე დადებული ხელშეკრულებით სამხარეო ფონდი ვალდებული იყო მოსარჩელე ორგანიზაციისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება აენაზღაურებინა. როგორც ირკვევა, მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ეს პირობა არ შესრულდა.

„ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 3 თებერვლის №33-ე ბრძანებულების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა. მას შემდეგ, რაც მოგვმართეს ცენტრის თანამშრომლებმა,  ჩვენ გამოვითხოვეთ ცნობები მათ სახელზე რიცხული სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ.  აღნიშნული ცნობების თანახმად, სახელფასო დავალიანების სრული თანხა 10 000 ლარს არ აღემატება. ამიტომ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ  გაურკვეველი გახდა  თუ საიდან დააკისრა სასამართლომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდს ჯანდაცვის ცენტრის სასარგებლოდ 44 268 ლარის გადახდა. დანარჩენი თანხის მიზნობრიობა თავად სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული“,- აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიუროს იურისტი ნანა ჩაფიძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილმა დირექტორმა კოტე გვეტაძე ამბობს, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წლის აპრილში გაუქმდა. მე ვიყავი ამ სარჩელის ინიციატორი, მაგრამ ახლა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას აღარ ვითხოვ.“

რაც შეეხება სხვაობას არსებულ სახელფასო დავალიანებასა და დანარჩენ თანხას შორის,  კოტე გვეტაძე განმარტავს: „არსებობს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს თანხის მიზნობრიობას. გარდა ამისა, იმ თანამშრომელთა გარდა, რომლებმაც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართეს, არიან სხვებიც, რომელთაც ასევე, აუღებელი აქვთ ხელფასები. ეს თანხა სწორედ ამ ხელფასებს გულისხმობს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ხელფასებზე უარს ამბობენ.“

როგორც აღნიშნული სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, არსებულ სახელფასო დავალიანებაზე უარს არავინ ამბობს. უბრალოდ, ხდება მათი დაშინება და იძულება, რომ აღარ მოითხოვონ ეს თანხა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ბიურომ საკითხის მოკვლევისთვის იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართა. პასუხად მივიღეთ, რომ მსგავსი საქმე მათ წარმოებაში არ აქვთ. ასევე, მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, რომელმაც იგივე პასუხი გაგვცა. თუმცა, მოგვიანებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომელი ოლეგ თოფურიძე დაგვიკავშირდა და განმარტა, რომ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი ითხოვს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. თანაც,  ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდი გაუქმებულია. ამდენად, თქვენ („ადამიანის უფლებათა ცენტრმა“) უნდა მიმართოთ სასამართლოს, რათა გადაწყვეტილებაში  ცვლილება შევიდეს.“

არსებობს ეჭვი, რომ თანხა, რომლის გადახდა ქუთაისის საოლქო სასამართლომ ჯანმრთელობის დაცვის იმერეთის სამხარეო ფონდს დააკისრა, აღებულია. მით უფრო, რომ კოტე გვეტაძე, რომელიც თავის დროზე თვითონ იყო სარჩელის შეტანის ინიციატორი, დღეს აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ ითხოვს.

ისმის კითხვა: თუ  სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ აღსრულებულა და შესაბამისად, ათეულობით თანამშრომელს კუთვნილი სახელფასო დავალიანება არ მიუღია, როგორ შეიძლება ეს საქმე  სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არ იყოს?
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“  აგრძელებს საკითხის მოკვლევას, რომელსაც უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ახალი ამბები