კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ არ უნდა დაიწიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზღვარმა 14-დან 12 წლამდე

11 ივნისი, 2008

 

 სოსო პაპუაშვილი

ნონა სუვარიანი, თბილისი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს 14-დან 12 წლამდე ამცირებს. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციებმა პრეზიდენტის სახელზე საერთო მიმართვა გააგზავნეს.

ეს ინიციატივა პარლამენტმა 2006 წელს მიიღო. სწორედ ამ დროს საქართველოში ექსპერტი ბავშვთა უფლებების სფეროში და ესექსის უნივერსიტეტის იურისპრუდენციის პროფესორი, ქეროლინ ჰამილტონი იმყოფებოდა. ექსპერტი შეშფოთებას გამოთქვამდა იმ მოუქნელი სისტემის გამო, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებობდა. მისი აზრით, ბავშვი, რომელიც ამ სისტემაში ხვდება, უკან თავს ვეღარ აღწევს და ნორმალურ ადამიანად ვერ ყალიბდება. მისი თქმით, აუცილებელია, საქართველოში ბავშვებისთვის ამ სისტემის ალტერნატივა არსებობდეს.
„საქართველო დასავლეთის ქვეყნებისგან იმით განსხვევდება, რომ თქვენთან ბავშვთა კრიმინალიზაცია საკმაოდ სწრაფად ხდება. დასავლეთში კი ბავშვი კრიმინალად და დამნაშავედ არ ცხადდება. ის სოციალური სამსახურების დაქვემდებარებაში გადადის და არა კრიმინალურის“ .
მისი თქმით, ინგლისში 2002 წელს 234 000 ბავშვი დააკავეს და აქედან მხოლოდ 2000 მოხვდა ციხეში, საქართველოში კი დაკავებულ ბავშვთა 75%-ს ციხეში უშვებენ.
ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა მზად არ არის არც 12 და არც 14 წლის ბავშვების მისაღებად, რადგან არ არსებობს სპეციალურად მომზადებული არც პოლიციელები, არც ადვოკატები, არც პროკურორები, არც გამომძიებლები და არც საკნებში მომსახურე პერსონალი. არადა, გაეროს კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ ამას პირდაპირ მოითხოვს“.
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, სოსო პაპუაშვილი იხსენებს, სახელმწიფო სისხლის სამართლის 33-ე მუხლში ცვლილების შეტანას არასარულწლოვანთა შორის დანაშაულის ზრდის ტემპს უკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ქვეყნებში არის გამოცდილება, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცირე ასაკიდან დგება, ჩვენთან ამის დაშვება რეკომენდებული მაინც არ არის.

„გარდა იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ  რა დახვდება არასრულწლოვანს არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. სამწუხაროდ, ის არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომლებსაც საერთაშორისო სამართალი ადგენს. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ ამ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს დაწესებულებაში არ აქვთ სათანადო პირობები. ასზე მეტი მსჯავრდებული  ბარაკის ტიპის დაწესებულებაშია მოთავსებული. რაც მათ პირადი ცხოვრების ელემენტარული ნორმების დაცვის შესაძლებლობას არ აძლევს.

საერთოდ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა, როგორც ასეთი, საქართველოში არ მოქმედებს. უნდა არსებობდეს სპეციალიზებული სასამართლოები და არასრულწლოვანთა საქმეების განხილვა საერთო იურისდიქციის სასამართლოებს არ უნდა ევალებოდეთ. იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ტიპის საქმეებს განიხილავენ, განვლილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება. უნდა არსებობდეს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, რომელიც ამ ადამიანებისთვის მსჯავრდების დროს და შემდგომ პერიოდში იმუშავებს იმისთვის, რომ რეციდივის არ ჰქონდეს ადგილი“.

ეს საკანონმდებლო ინიციატივა გაეროს ბავშთა უფლებების კომიტეტმაც გააკრიტიკა. აი, რას წერს ის 6 ივნისს გამოქვეყნებულ საქართველოს შემაჯამებელ მიმოხილვაში.

„კომიტეტი მოუწოდებს მმართველ პარტიას მხედველობაში მიიღოს კომიტეტის მიერ არასრულწოლოვანთა მართლმსაჯულებაში ბავშვთა უფლებებზე მომზადებული მეათე ზოგადი კომენტარის მოთხოვნები (2007) და დაუყოვნებლივ გაზარდოს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი 14 წლამდე.  დოკუმენტში მოთხოვნილია არ შემცირდეს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის ასაკი 12 წლამდე (სსსკ. მუხლი 33) იმის საფუძველზე რომ უფრო დიდი ასაკი (14 და 16 წელი) გაცილებით ეფექტური იქნება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის. ამ შემთხვევაში ბავშვთა უფლებები მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული იქნება როგორც ეს მოცემულია კონვენციის მე-40 მუხლის პარაგრაფი III (ბ).

ეს ცვლილება ჯერ-ჯერობით ძალაში არ არის შესული. აღნიშნული  ცვლილება ძალაში 2008 წლის 1 ივლისს უნდა შესულიყო. მაგრამ იმის გამო, რომ სისტემა ჯერ ისევ არ არის მზად, ცვლილება ძალაში 2009 წლის იანვრამდე არ შევა. თუმცა 2 თვის წინ ადამიანის უფლებადამცავებთა შეხვედრაზე ნიკა გვარამიამ, რომელიც ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, აღიარა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ნაადრევი იყო.

 

ახალი ამბები