კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქუთაისი - მეორე დედაქალაქი“

12 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ეს ფრაზა საქართველოს პრეზიდენტმა წინასაარჩევნო პერიოდში, ქუთაისში სტუმრობისას  გააჟღერა. თან ამ ფრთიან ნათქვამს უხვი დაპირებებიც მოაყოლა, რომ ქუთაისი დაიბრუნებს დაკარგულ დიდებას, გაიხსნება არაერთი დაწესებულება, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება და ა.შ. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი დანაპირებისთვის მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა, ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ „დასაწყისისთვის“ ქუთაისში სამი ცენტრალური უწყება დაიდებს ბინას.

საქართველოს კონტროლის პალატის, საგზაო დეპარტამენტისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისთვის, მართალია, ჯერჯერობით შესაბამისი შენობები არ შერჩეულა, მაგრამ მთავარია, რომ „აღმშენებლობას“ საფუძველი, თუნდაც დაპირების დონეზე, მაინც ჩაეყარა.

საქართველოს პრეზიდენტის პირობამ ქუთაისელებს იმთავითვე არცთუ შორეული წარსული გაახსენა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილი ადგილობრივებს არწმუნებდა, რომ ქუთაისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადმოიტანდნენ, რაც ქალაქს ფუნქციურად დატვირთავდა და გააცოცხლებდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და დაპირება მალევე დავიწყებას მიეცა.

„ასე იქნება ახლაც. დიდი მოლოდინები არც ამჯერად გვაქვს. ხელისუფლებამ ოღონდ არჩევნები მოიგოს და რას აღარ იტყვის. მერე ვიღაცა ამ ნათქვამს წამოეგება, ვიღაცა - არა. ხალხი ბრძენია და ხედავს, რა ხდება სინამდვილეში. ვინ რას გვპირდება და რისი გაკეთება შეუძლია“, - ფიქრობენ ქუთაისში.

როგორც ჩანს, სიტყვას წინასაარჩევნო პერიოდში ოქროს ფასი აქვს. მთავარია, რა ხდება მერე. როგორ აფასებენ მიმდინარე მოვლენებს ადამიანები, რომლებმაც, აღმოჩნდა რომ, ერთ მშვენიერ დღეს „მეორე დედაქალაქში“ გაიღვიძეს.
 
ლალი სანიკიძე, პედაგოგი, 34 წლის: „ვიღაცას შენი ქალაქი რომ ახსოვს, ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ტყუილ-მართალს რომ ერთმანეთში აურევ და მხოლოდ ლაპარაკისთვის ილაპარაკებ, ეს ძალიან ცუდია. კი, ბატონო, მშვენიერია მეორე დედაქალაქელობა, მაგრამ მარტო ეს კმარა?  ქალაქს მარტო სტატუსი კი არ უნდა მიანიჭონ, სამუშაო ადგილები უნდა შექმნან და ხალხი დაასაქმონ. თუნდაც ეს უწყებები ქუთაისში გადმოვიდეს, ვაკანსიები მაინც არ გაჩნდება. იმიტომ, რომ ის ხალხი ჩამოვა, ვინც იქ მუშაობს.“

მადონა გაბუნია, იურისტი, 38 წლის: „ქალაქის ცენტრში დამონტაჟებული ეკრანი გვამცნობს, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქია. სწორედ ამ ეკრანზე ჩნდება ნახაზები, შენობები, რომელიც, ცოტა არ იყოს, გაუგებარია. სინამდვილეში კი, ქუთაისის ქუჩებში გასულს დიდი დაკვირვებულობა გმართებს, რომ შემთხვევით გათხრილ ორმოებსა და თავღია საკანალიზაციო ჭაში არ აღმოჩნდე. რაც შეეხება აღნიშნულ უწყებებს, ეს თუ იმ მიზნით კეთდება, რომ ქუთაისში ცხოვრება აქტიური გახდეს, ნაკლებად მოსალოდნელია. ეს სამსახურები ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ისედაც ვერ იღებენ. ჩემი აზრით, ეს უთავბოლო ცვლილებები იქნება და სხვა არაფერი.“

თემურ კილასონია, პენსიონერი, 76 წლის: „ხედავთ, ყველაფრის ფასები რომ გაიზარდა? ბაზარს და სასურსათო ობიექტებს ვეღარ გაეკარები. რატომ ხდება? იმიტომ, რომ ხაზინა ცარიელია. არჩევნებისთვის უამრავი ფული დაიხარჯა და ახლა ხომ უნდა აანაზღაურონ? ჰოდა, ამას აკეთებენ. ივნისის ბოლის საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობაც ძვირდება. ასე ნელნელა გვაჩვევენ გაჭირვებას, შიმშილს და უბედურებას.“

გიორგი ლაბაძე, პედაგოგი, 51 წლის: „ეს მიხეილ სააკაშვილს საკუთარი რეიტინგისთვის დასჭირდა. მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ (და ახლაც) მისი რეიტინგი დაბალია. ამ აზრის გაჟღერებას მისგან ქუთაისისთვის მალამოს ფუნქცია ჰქონდა. სინამდვილეში, ეს დაცინვაა და სხვა არაფერი. ამ ფრაზის წარმოთქმამ ხალხს ერთადერთი შეგრძნება მოჰგვარა - ღიმილი.“

ანა ლეჟავა, ფარმაცევტი, 58 წლის: „საკონსტიტუციო სასამართლოზეც ამბობდნენ, ქუთაისში გადმოვიტანთო, მაგრამ ასე არ მოხდა. ბათუმში გადაიტანეს მაშინ, როცა ქუთაისია დასავლეთ საქართველოს ცენტრი. ეს სიტყვებით თამაშია და სხვა არაფერი. რაც შეეხება გზებისა და შადრევნების კეთებას, სარფიანი საქმეა თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ამ საქმეში სერიოზული თანხები ტყდება და ხეირს ნახულობენ.“

ნანული აბაშიძე, დიასახლისი, 36 წლის: „ამ ამბავს სერიოზულად არ აღვიქვამ. ეს არის ჩვენი პრეზიდენტის მორიგი არასერიოზული ნაბიჯი.“ 
ნანა ჩაფიძე, იურისტი, 26 წლის: „გზების დეპარტამენტი და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ისედაც უფუნქციო სამსახურებია. რაც შეეხება საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისში გადმოტანას, რომლის ფუნქციაში სახელმწიფო სტრუქტურების ფინანსური საქმიანობის კონტროლი შედის, ხელისუფლებისთვის მომგებიანია. თანაც, იმ პირობებში, როცა მმართველ პარტიას ქვეყნის ბიუჯეტი ჯიბეში უდევს, მაკონტროლებელი ორგანოს პერიფერიაზე გადმოსროლა ლოგიკურია. რაც შეეხება ქუთაისს, სადაც ხალხი მხოლოდ ვაჭრობით ირჩენს თავს, საკონტროლებელი არაფერი დარჩა.“

 

 

ახალი ამბები