კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაქირავებულის უფლებები ქვეყანაში არავის ადარდებს

13 ივნისი, 2008

სახელმწიფო კი დამსაქმებლებს ღიად ლობირებს

ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველომ დღემდე  უამრავი საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვას ითვალისწინებს. თუმცა, ჩვენთან დასაქმებულთა უფლებები მაინც ირღვევა. ექსპერტების აზრით, თუ ადრე სახელმწიფო ამას დაფარულად აკეთებდა, დღეს ის დასაქმებულების ინტერესების საწინააღმდეგოდ დამქირავებლების ინტერესებს ღიად ლობირებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 11 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში შრომითი მიგრაციის მენეჯმენტს  შეეხებოდა, საუბარი ასევე დასაქმებულთა მდგომარეობასაც შეეხო.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს სამსახურით ვერ უზრუნველყოფს, ის იძულებულია სამსახური საზღვარგარეთ ეძებოს. ამ შემთხვევაში, ქვეყნიდან ლეგალურად გასვლის შესაძლებლობა ძალიან მცირეა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თბილისის რესურსცენტრის კოორდინატორი ნათელა მჟავანაძე, საუბრობს ყველა იმ პროცედურაზე, რომლის გავლაც საზღვარგარეთ ლეგალურად მუშაობისთვის არის საჭირო. რესურსცენტრები, რომლებიც თბილისში, გურჯაანში, ქუთაისში, ბათუმში მუშაობდნენ, პოტენციურ შრომით მიგრანტებს საზღვარგარეთ მუშაობის, კანონიერი მიგრაციის, სწავლის, ძიძების პროგრამების, თავშესაფრის და სხვა საკითხების შესახებ კონსულტაციებს უწევდნენ.

როგორც ნათელა მჟავანაძე ამბობს, მოქალაქეები, ძირითადად, საზღვარგარეთ მუშაობის, სწავლის, თავშესაფრის მოძიების, ემიგრაციის, სამშობლოში დაბრუნების, შემოთავაზებული სამუშაოს სანდოობის შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით რეკავდნენ. მოსახლეობის სასოწარკვეთილება თუნდაც იქიდან ჩანს, რომ დანიშნულების ქვეყნად  უმრავლესობა „ნებისმიერ ქვეყანას“ ასახელებდა (ასეთი ტიპის პასუხი მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილზე აშშ-ა). მათთვის სულ ერთია სად გაემგზავრებიან და სად იმუშავებენ. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სამუშაოს დასაწყებად მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი სჭირდებათ. ეს საბუთი საქართველოშიც არის საჭირო. თუმცა ამის შესახებ მოქალაქემ იქამდე არ იცის, სანამ ამ პრობლემას უშუალოდ არ შეეჯახება. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება.  ხშირად ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, სად შეუძლიათ შესაბამისი დოკუმენტის მიღება.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გამგზავრებას, ამ შემთხვევაში, აუცილებელია დამსაქმებლისგან შრომითი ვიზის მიღება,რაც ძალიან ძნელია. ევროკავშირის ქვეყნებში, როგორც წესი, კადრებს ვაკანსიის შესავსებად ჯერ საკუთარ ქვეყანაში, შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში და ბოლოს უკვე საქართველოსნაირ ქვეყნებში ეძებენ. გარდა ამისა, უამრავი სხვა პროცედურაცაა ჩასატარებელი. თან დამსაქმებელს ხშირად უცხოელი მუშა საკმაოდ ძვირი უჯდება. ქართველებს კონკურენტები რუსეთსა და უკრაინაში ჰყავს. ამ ქვეყნებს ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი აქვთ. ევროკავშირს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ღიად სურვილი არ გამოუთქვამს. თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა.

ხშირად რეჟიმის გამარტივების სასარგებლოდ საქართველო აფხაზეთში რუსული პასპორტების დარიგებას ასახელებს. ანუ აფხაზები დაინტერესებულები იქნებიან, რომ აიღონ რუსული პასპორტი, რადგან ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება გაუმარტივდებათ. მიგრაციის საერთაშორისო  ორგანიზაციის თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკ ჰულსტის თქმით, ეს არგუმენტი არც ისეთი მყარია, რადგან, როდესაც ეს ადამიანები მივლენ ევროპის ქვეყნის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში, მათ თბილისში გადაამისამართებენ, რადგან პასპორტში  აფხაზეთი იქნება მითითებული.

როგორც ჯეპლაკი-ის ("ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელება საქართველოში") წამყვანი ექსპერტი ნინო ჩოხელი ამბობს,  ასეთი ტიპის სავიზო რეჟიმის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან  დაკავშირება არის აუცილებელი. აქ იგულისხმება მიგრაციის, საზღვრის მართვის, თავშესაფრის, ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. დემოკრატიის და კანონის უზენაესობა, ნინო ჩოხელის თქმით, აქ ახალი არაფერია. საქართველომ ეს ვალდებულებები სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში უკვე აიღო.  მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ გარკვეული წარმატებები არის, ევროკავშირს გარკვეული შენიშვნები მაინც აქვს.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შრომითი კოდექსი საერთაშორისო კონვენციებს ეწინააღმდეგება. ამ შრომითი ხელშეკრულებით ისეთი ნორმები გაუქმდა, რომლის შესრულებასაც საერთაშორისო კონვენციები გვაკისრებენ. თუმცა საქართველოში არსებობს ხისტი პოზიცია, რომ შრომითი კოდექსი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროკავშირს კი ამ კოდექსთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია აქვს. ყველა ფორუმზე ამ საკითხზე მკვეთრად კეთდება აქცენტი.

მარკ ჰულსტის თქმით, ბოლო დროს მთავრობა უფრო მიზნობრივად ასახავს თავის პოლიტიკაში დამსაქმებლის და დასაქმებულის  შორის ურთიერთობის რეგულირებას დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს ადრეც იყო, თუმცა ახლა ეს უკვე მთავრობის ოფიციალური პოლიტიკაა. არ მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკმაოდ ხარისხიანი კანონპროექტი, რომელიც დასაქმებულების ინტერესებს იცავდა.
 
„ეს, ჩვენ აზრით, არასასურველია, მით უმეტეს, მათთვის, ვინც საზღვარგარეთ მიდის. მათი ინტერესები დაცული არ არის. ვფიქრობთ, გაერთიანებული ძალებით, საქართველოს და საერთაშორისო დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართულობით გავაგებინოთ მთავრობას, რომ აუცილებელია იყოს შესაფერისი კანონმდებლობა. მიგრანტთა უფლებები კი დაცული.

საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ორგანიზიის „ამაგდარის“ დირექტორის, ნინო შიოშვილის თქმით, დღეს არ არის ჩამოყალიბებული საკანონმდებლო ეროვნული ბაზა, რომელიც  სახელმწიფო დონეზე დასაქმების პოლიტიკის რეგულირებას მოახდენს. სახელმწიფო სხვადასხვა ინიციატივებით გამოდოდა, თუმცა ამ ინიციატივებს დიდი ხარვეზებიც ახლდა. ხშირია ასაკობრივი დისკრიმინაციის ფაქტებიც.

„მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებით იყოს დარეგულირებული. შრომის კოდექსის ყველაზე დიდი ხარვეზი კი ის არის, რომ მის მიხედვით, დასაშვებია ისიც, რომ ხელშეკრულება ორ მხარეს შორის  არ გაფორმდეს. ეს კი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დაქირავებულთა  მომავალ უზრუნველყოფას, შვებულებას, მომავალში საპენსიო უზრუნველყოფას. კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზას, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაც სერიოზულ აღშფოთებას გამოხატავენ.  ეს კოდექსი, პირველ რიგში, დამსაქმებლების ინტერესებზე უფრო არის მორგებული“.

მისი თქმით, პრობლემა მას შემდეგ გართულდა, რაც დასაქმების კანონი გაუქმდა. არ აღირიცხება დაუსაქმებელთა რაოდენობა საქართველოში. დასაქმების და სუბსიდირების სახელმწიფო სააგენტო კი უფრო სიღარიბის დაძლევის პროგრამაზეა ორიენტირებული.

„როგორც ვიცი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშიც არ არის პასუხისმგებლობა აღებული. დასაქმების პოლიტიკის შესაბამისი სტრუქტურა გაუქმებულია. ძალიან ძნელია, როდესაც საკანონმდებლო ბაზა და დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს.

ბიზნესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, არის გარკვეული ინიციატივები, მაგრამ არ არის მობილიზება, შრომითი რესურსების აღრიცხვა, განსაკუთრებით დაზარალებულები არიან ის ქალბატონები, რომლებსაც უჭირთ მცირეწლოვანი ბავშვების გამო ასეთ სიტუაციაში ყოფნა, რადგან მათი სოციალური უფლებები არ არის გათვალისწინებული. არსებობს ასაკობრივი დისკრიმინაციაც. მართალია, ამის დასაბუთება ძნელია, რადგან დამსაქმებელი სამუშაოს მაძიებელს კონკრეტულად არ პასუხობს, რომ ასაკის გამო არ იღებს, მაგრამ ცნობილია, რომ 30-35 წლის შემდეგ შრომითი რესურსის აყვანა სამუშაოზე შეზღუდულია. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს“.

ნინო შიოშვილი საუბრობს ხელისუფლების მიერ ასე ფართოდ გაპიარებული იაფფასიანი კრედიტის ნაკლოვანებებზეც:

„უმუშევარს არანაირი შესაძლებლობები არ აქვს, რომ პროცენტები გადაიხადოს, გირაო უზრუნველყოს. მარტო ბიზნესი ვერ იქნება დასაქმების ხელშემწყობი საშუალება, იმიტომ, რომ ბიზნესს კიდევ სხვა უნარები ესაჭიროება, აუცილებელია, რომ მას კაპიტალის მოძიების შესაძლებლობაც ჰქონდეს“.

ყველა ამ მიზეზიდან გამომდინარე, ნინო შიოშვილი, მოსახლეობის სოციალურ უკმაყოფილებაზე საუბრობს. მოსახლეობა ვერ ხედავს სოციალურ გარანტიას და სახელმწიფოს დაინტერესებას. ყველაფერი დროშია გაწელილი, რაც სიღარიბის მასშტაბებს აღრმავებს.

ახალი ამბები