კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დროებითი მოთავსების იზოლატორებში პატიმრები ჭლექით ავადდებიან

19 ივნისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში პატიმრები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. ყველაზე რთული ვითარება რეგიონულ იზოლატორებშია, სადაც უკიდურესად მძიმეა სანიტარული მდგომარეობა. არ არის საპირფარეშო, საკნებში ჩამოდის წყალი, ჩამსხვრეულია მინები ან საერთოდ არ აქვს ფანჯრები, არ არის ნარები და დაკავებულებს ბეტონის იატაკზე უწევთ დაძინება. პრობლემაა მათი კვებაც. მძიმე პირობები განსაკუთრებით აუტანელია ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირებისათვის, რომლებსაც 30 დღემდე უწევთ იზოლატორებში ცხოვრება. საკნებში ვირთხების, ბაღლინჯოების, რწყილებისა და ტილების მეშვეობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ექიმი - ეპიდემიოლოგები ინფექციური დაავადებების მასობრივად გავრცელებას ვარაუდობენ.


დროებითი მოთავსების იზოლატორები რაიონებში ძირითადად შს განყოფილებების შენობებშია განთავსებული. მართალია, ბოლო დროს პოლიციის რაიონული სამმართველოების ზოგიერთ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა და პირობები შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ შეხებია დროებითი მოთავსების იზოლატორებს. როგორც ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ანტისანიტარიის, სიცივისა და შიმშილისაგან მას ტუბერკულოზი განუვითარდა. "რაიონული სასამართლოს დადგენილებით, წვრილმანი ხულიგნობისათვის 30 დღიანი პატიმრობა შემეფარდა. შს დედოფლისწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მომათავსეს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები მანამდე არასოდეს მქონია, მაგრამ იზოლატორში მოთავსებიდან მეხუთე დღეს ავად გავხდი. პოლიციის თანამშრომლებს, რამდენიმე წუთით მაინც საკნიდან გარეთ გაყვანა ვთხოვე, რაზეც უარი მითხრეს. საკანს ფანჯარა არ ჰქონდა. ვერაფერს ვხედავდით და სუნთქვაც ძალიან გვიჭირდა. არც გათბობა იყო. კიდევ უფრო საშინელი იყო ის, რომ საწოლისა და ფიცრის უქონლობის გამო, პირდაპირ ბეტონის იატაკზე გვეძინა. სიცივისა და შიმშილისგან ფილტვების ანთება დამემართა. მიუხედავად ამისა, სამედიცინო დახმარება არავის აღმოუჩენია. პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ექიმებმა ტუბერკულოზის დამიდგინეს. შეძლებისდაგვარად ვმკურნალობ, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა“, - ამბობს ს. მ.

კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის, თ. გ-შვილის თქმით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ის ვირთხებმა დაკბინეს. "საკანში ყოფნისას შევნიშნე, რომ ფეხზე ნაკაწრი მქონდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ერთი თვე არ იყო გასული, ავად რომ გავხდი. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად ცოფის დიაგნოზი დამისვეს, რომელიც ვირთხის დაკბენის შედეგად გამიჩნდა.
მახსოვს, 24 წლის ბიჭი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის იმავე საკანში უნდა მოეხადა 10 დღე - ღამით პატიმრობა, სადაც მე ვიყავი, იზოლატორში მოთავსებიდან მესამე დღეს გაგიჟდა. პირობებს ვერ გაუძლო", - გვითხრა ყოფილმა პატიმარმა.

კანონის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილმა პირმა დროებითი მოთავსების საკანში 72 საათზე მეტი არ უნდა დაჰყოს. აქედან 48 საათი, როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილმა და 24 საათი ბრალდებულის სტატუსით. ექიმების თქმით, ეს დრო სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ იზოლატორების აუტანელ პირობებში ჯანმრთელი ადამიანიც კი მძიმედ დაავადდეს.

„იზოლატორებში, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ყველა პირობაა იმისა, რომ ადამიანი წვეთოვანი ინფექციებითა და გადამდები დაავადებებით დაავადდეს, გარდა იმისა, რომ მოსალოდნელია მხედველობის მოშლა და ფსიქიური მოშლილობა. საკნები ვირთხებით, ბაღლინჯოებით, რწყილებითა და სხვა მწერებით არის სავსე. ვირთხები კი მრავალი ინფექციური დაავადების გადამტანები არიან. მაგალითად, ცოფი, ლეპტოსპიროზი, ლეიშმანიოზი და ა.შ, რამაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას“, - ნანახით გაკვირვებულები არიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგები თინა წვერიკმაზაშვილი, ლალი ბაცანაძე და მარინა კაპანაძე. ექიმებმა ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარი დაკავების საკნები რამდენიმე დღის წინ მოინახულეს.

საქართველოში დროებითი მოთავსების იზოლატორებს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს. მონიტორინგისა და მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის გიგა გიორგაძის განცხადებით, 2008 წლის იანვრიდან 16 ივნისამდე, მონიტორინგის ჯგუფმა საქართველოს მასშტაბით შსს დროებითი მოთავსების იზოლატორსა და პოლიციის განყოფილებებში არაერთი ვიზიტი განახორციელა. "ისევე როგორც წინა წლებში, მონიტორინგის განხორციელებისას დაკავებულ პირებზე ფიქსირდება ფიზიკური დაზიანების ნიშნები. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ ჩამორთმეული ახსნა-განმარტებებისას, დაკავებულები ადასტურებენ, რომ მათზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ხორციელდებოდა ფიზიკური ზეწოლა. ხშირია შემთხვევები, როდესაც თავისუფლებააღკვეთილი პირები მიუთითებენ, რომ არ კეთდება შეტყობინება მათი დაკავების შესახებ“, - აცხადებს გიორგაძე.

- ბატონო გიგა, როგორი ტექნიკური მდგომარეობაა შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში?

- თითქმის არც ერთ იზოლატორში არ არის საშხაპე, სამედიცინო ოთახი, მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობის და სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირთათვის, რომელთაც ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოხდა კოსმეტიკური გარემონტება, რამაც იქ არსებული ტექნიკური მდგომარეობა ვერ გამოასწორა. პრობლემატურია ბუნებრივი ვენტილაცია, არ მოდის წყალი და საწოლის ნაცვლად გამოიყენება ფიცარნაგები. შეზღუდულია ასევე გასეირნების უფლება.

- რაც შეეხება რეგიონებს, რამდენადაც ვიცით, რაიონულ იზოლატორებში უფრო რთული ვითარებაა.

- გეთანხმებით და ამის საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან:
ტყიბულის შს რაიონული სამმართველოს შენობაში განთავსებულია დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ფუნქციონირებს ოთხი საკანი. იზოლატორში არ არის საშხაპე, ხოლო საპირფარეშო არის საერთო და იქვეა ხელსაბანიც. გარდა ამისა, ტყიბულის დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია სასეირნო ეზო. შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს არ ეძლევათ გასეირნების საშუალება. ანალოგიური მდგომარეობაა თერჯოლის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დაკავებული პირები ვერ სარგებლობენ სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით.

ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ხუთი საკნიდან მხოლოდ ერთს აქვს სარკმელი. საკნებს არ აქვთ ბუნებრივი განათება, ვენტილაციის სისტემა და საპირფარეშოები. არ არის საშხაპე. ფიცარნაგებზე არ არის ლეიბები. არ არსებობს სასეირნო ეზო, რის გამოც პატიმრებს არ ეძლევათ ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე გასეირნების საშუალება. გარდა ამისა, იზოლატორის სამორიგეო ოთახიდან სარკმელი გადის პატიმართა დასაკითხ ოთახში, საიდანაც შესაძლებელია ადვოკატსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის საუბრის მოსმენა, რაც არღვევს საუბრის კონფიდენციალურობას.

შსს-დან მიღებული ინფორმაციით, მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა, თუმცა ტექნიკური მდგომარეობა იქაც არადამაკმაყოფილებელია.

დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის ოთხი საკანი. საკნებში არ არის გათბობა და სავენტილაციო სისტემა. საკნები ნათდება შესასვლელი კარის ზემოთ დამონტაჟებული ნათურებით. იზოლატორს არ გააჩნია ნორმალური საპირფარეშო, არ არის საშხაპე. გარდა ამისა, იზოლატორში, ისევე როგორც პოლიციის შენობაში, არ მოდის წყალი.

გარდაბნის დროებითი მოთავსების იზოლატორში არის ხუთი საკანი. საკნები არ თბება, საკნების ფანჯრებზე არ არის ჩასმული მინები, რის გამოც სიცივეა; არ არსებობს სავენტილაციო და საშხაპე სისტემები; საკნები ვერ ნათდება საკმარისად.
      
დედოფლისწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორში არის სამი საკანი, საიდანაც ორ საკანს არ აქვს ფანჯარა, ხოლო ერთი საკნის სარკმელი დაგმანულია თუნუქით. გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად არც ერთ საკანს არ აქვს ფანჯარა, ამავდროულად საკნებში არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, არ თბება არც ერთი საკანი და ბუნებრივი განათება არასაკმარისია. დედოფლისწყაროს დროებითი მოთავსების იზოლატორს არ გააჩნია დასაწოლი ნარები და იქ არსებული ანტისანიტარული პირობები გაუსაძლის ხდის დაკავებული პირების მდგომარეობას.

საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორი მიუხედავად იმისა, რომ გარემონტდა, იქ არსებულ საკნებში არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, განათება არასაკმარისია და საპირფარეშო მოწყობილია დერეფანში.

თელავის იზოლატორში არსებულ საკნებში ასევე არ არსებობს სავენტილაციო სისტემა და საკნები ძლიერ ნესტიანია, რაც საფრთხეს უქმნის იქ განთავსებულ პირებს.

გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, არ მოდის წყალი. საკნები არ თბება და არის ანტისანიტარიული პირობები.

რაც შეეხება ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორს, აქაც, ისევე როგორც ზემოაღნიშნულ იზოლატორებში არ არის სავენტილაციო სისტემა, წყალგაყვანილობა და გათბობა.

- დანარჩენ იზოლატორებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა?

- არა, მსგავსი პრობლემები არსებობს სხვა რაიონების იზოლატორებშიც. ზოგიერთი რაიონული განყოფილებისა და იზოლატორის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ჰიგიენის დაცვის კუთხით არც იქ გვხვდება სახარბიელო მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მძიმე პირობები და ანტისანიტარია იქ მყოფი დაკავებული პირების ადამიანურ ღირსებას ლახავს და არღვევს ადამიანის უფლებებს. შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტექნიკური მდგომარეობა და იქ განთავსებული პატიმრების პირობები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ მოთხოვნებს.

- რა მოთხოვნებს აწესებს როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებები ადამიანის უფლებათა, კერძოდ კი პატიმართა და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით?

- საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ათავსებენ ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენისთვის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით პატიმრობაშეფარდებულ პირებს. წევრ სახელმწიფოთათვის "ციხის ევროპული წესების შესახებ" ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1987 წლის 12 თებერვლის #რ(87)3 რეკომენდაციის 99-ე პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც კანონით დაშვებულია დაპატიმრება სასამართლოს განკარგულების საფუძველზე, ნებისმიერი არა-სისხლის სამართლის პროცესზე დაყრდნობით, ასეთი პატიმრები არ უნდა დაექვემდებარონ იმაზე მეტ შეზღუდვებსა და სიმკაცრეს, რომელიც აუცილებელია უსაფრთხო განთავსებისა და წესრიგის დაცვისთვის. მათდამი მოპყრობა არ უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირებისადმი მოპყრობაზე უარესი. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს კანონით პატიმრობის შესახებ განსაზღვრულია, რომ ყველა პატიმარმა უნდა ისარგებლოს სუფთა ჰაერზე დღეში ერთსაათიანი გასეირნებით.

განათება-ვენტილაციასთან დაკავშირებით გაეროს პატიმრებთან მოპყრობის „მინიმალური სტანდარტული წესების" მე-11 წესის მიხედვით: დაწესებულებებში, რომლებშიც ცხოვრობენ და მუშაობენ პატიმრები: (ა) ფანჯრები უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა დღის შუქზე, და ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ უზრუნველყოს სუფთა ჰაერის მიწოდება, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ვენტილაციის ხელოვნური სისტემა; (ბ) ხელოვნური განათება საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ პატიმრებს შეეძლოთ კითხვა და მუშაობა მხედველობის გაუარესების საფრთხის გარეშე. 
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი ადგენს, რომ ჰაერისა და საკმარისი განათების უქონლობა ქმნის დამამცირებელი მოპყრობის პირობებს. ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ თითოეული პატიმრის შემთხვევა ცალ-ცალკე, რათა დადგინდეს, გამართლებულია თუ არა უსაფრთხოების ზომები ცალკეულ შემთხვევაში და თუ ასეთი ზომების მიღება საჭიროა, პატიმრები უნდა უზრუნველყონ საჭირო ჰაერითა და შუქით.

პატიმრებთან მოპყრობის გაეროს „მინიმალური სტანდარტული წესების“ მე-13 წესის თანახმად, საბანაო მოწყობილობანი და შხაპების რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ყოველ პატიმარს შეეძლოს და იყოს ვალდებული იბანაოს ან მიიღოს შხაპი შესაბამის ტემპერატურაზე (კლიმატის მიხედვით) და ისეთი სიხშირით, როგორც ამას მოითხოვს ჰიგიენის საერთო პირობები, წლის პერიოდისა და გეოგრაფიული რაიონის გათვალისწინებით, ანუ, ზომიერი კლიმატის პირობებში - კვირაში ერთხელ მაინც. ამავე ნორმის მე-15 წესის თანახმად, პატიმრებს მოეთხოვებათ, რომ ყოველთვის იყვნენ სუფთად. ამისათვის საჭიროა მათი მომარაგება წყლით და პირადი ტუალეტისთვის საჭირო ისეთი ნივთებით, რომლებიც აუცილებელია სისუფთავისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სისუფთავის და პირადი ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პატიმართა ღირსების შენარჩუნების თვალსაზრისით. ამდენად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნებისმიერ პატიმარს მიეცეს შხაპით სარგებლობის და სხეულის სისუფთავის დაცვის საშუალება, რაც მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისთვის და ღირსების შენარჩუნებისთვის.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის „ციხის ევროპული წესების“ მე-17 წესის თანახმად, სანიტარული სათავსოები უნდა იყოს ადექვატურად მოწყობილი და განლაგებული, რათა ყველა პატიმარს შეეძლოს ნორმალურად დაიკმაყოფილოს თავისი ბუნებრივი მოთხოვნილებები საჭიროებისამებრ სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში. გაეროს „მინიმალური სტანდარტული წესების“ მე-10 წესის თანახმად, ყველა ადგილი, რომლითაც სარგებლობენ პატიმრები, განსაკუთრებით ყველა საძინებელი ოთახი, სრულიად უნდა პასუხობდეს  სანიტარულ მოთხოვნებს. ამასთან, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით ამ ოთახების სიმაღლეს, მინიმალურ ფართობს, განათებასა და ვენტილაციას.

- ანუ, შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა საერთოდ ვერ პასუხობს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნებს? ამ პრობლემების მოსაგვარებლად რა ღონისძიებებს ატარებს სახალხო დამცველის აპარატი?

- სახალხო დამცველმა, აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, არაერთი რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მოხდეს დროებითი მოთავსების იზოლატორების შენობების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და იქ არსებული მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არაფერი შეცვლილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2008 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობა შეეფარდა 1069 პირს, 2007 წელს კი 5102 სამართალდამრღვევს. ამას ემატება სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა ოდენობაც, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იყვნენ განთავსებული. საბოლოოდ, 2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში იზოლატორში მყოფ პატიმართა საერთო რაოდენობა 10 ათასს აღემატება.
     

 

 

ახალი ამბები