კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ფასიანი სწავლება კვლევის პროცესს გააჩერებს

23 ივნისი, 2008
რა ურჩევნია უნივერსიტეტს და რას აკეთებს ამ დროს განათლების სამინისტრო?
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

 უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელია ზოგიერთი ასპექტი, რომლითაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იწყებს ფუნქციონირებას. საბაზრო ეკონომიკაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ სისტემებშიც კი, როგორიც, მაგალითად განათლების ამერიკული სისტემაა, დოქტორანტურა სტუდენტებისათვის პრაქტიკულად უფასოა, რადგან ეს ის საფეხურია, როცა ადამიანი მხოლოდ ცოდნას კი არ იღებს, არამედ ცოდნას წარმოქმნის და მისთვის ამ პროცესში ხელის შეწყობა აწყობს როგორც სახელმწიფოს, ასევე სხვადასხვა კორპორაციებს. სწავლისა და კვლევის დაფინანსება ამ ეტაპზე სწორედ სახელმწიფო და/ან კერძო ფონდების მეშვეობით ხდება.“ - განათლების ექსპერტი ლელა სამნიაშვილი ამ შეფასებას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებს. სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთი ასპირანტი დატოვა ჰაერში გამოკიდებული.

მათ, ვისაც ეგონა, რომ ასპირანტურის დამთავრების შემდეგ უფასო დოქტორანტურაში ჩააბარა და დისერტაციის დაცვასაც მალე შეძლებდა,  უცებ გაიგო, რომ დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში  სემესტრში 1000 ლარი უნდა გადაეხადა.

მაგალითად, უნივერსიტეტის დოქტორანტმა ნათია ნაცვლიშვილმა, რომელმაც ასპირანტურა დაამთავრა და 2007 წლის შემოდგომაზე დოქტორანტურაშიც  ჩააბარა, 2008 წლის მაისში გაიგო, რომ  4200 ლარი უნდა გადაეხადა. მას და მის მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანებს, ვერ გაუგიათ, რის საფუძველზე დაადგინა უნივერსიტეტმა ეს გადასახადი ამ რაოდენობით. ან რატომ მოხდა, რომ უფასო სექტორზე ჩაბარების შემდეგ სწავლა უცებ ფასიანი გახდა.

„გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები“

ნათია ნაცვლიშვილი: „მაგისტრატურა რომ დავამთავრე, ასპირანტურის განყოფილების საბიუჯეტო განყოფილებაზე ჩავირიცხე. ამ პერიოდს დაემთხვა განათლების სისტემის რეფორმა და ყველამ მირჩია, ამ რეფორმის შემდეგ დაიცავი დისერტაცია, ხარისხსაც მეტი წონა ექნებაო. ჩავაბარე დოქტორანტურაში, მეგონა, რომ უფასოდ უნდა მესწავლა, მაგრამ მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა.  გადასახადის ოდენობა ასე დაიანგარიშეს: 60 კრედიტად თვლიდნენ განვლილ ასპირანტურას და 120 კრედიტი გამოდიოდა ფასიანი - ერთი კრედიტის ფასი  35 ლარი იყო და საერთო ჯამში ამ თანხამ  4200 ლარს მიაღწია. საერთოდ არაფერში უნდა გადამეხადა ეს თანხა. ცოტა ხნის შემდეგ მცირე ცვლილებები შეიტანეს  და გვითხრეს, თუ ოქტომბრამდე მოვასწრებდი დისერტაციის მიტანას, მაშინ  თანხას აღარ გადავიხდიდი. ოქტომბრის შემდეგ ერთი სემესტრი კი 1000 ლარი ღირს. უნივერსიტეტში საერთოდ არაფერი დამრჩა გასაკეთებელი, არც ლექცია, არანაირი სხვა პროცესი, მხოლოდ დისერტაციაზე მუშაობა და მისი დაცვა“.

იგივე ამბავს ყვება მეორე დოქტორანტი დიანა ანფიმიადიც:

 „პირველი დარღვევა ის არის, რომ ბრძანება ფასიანი სწავლის შესახებ რექტორმა გია ხუბუამ ისე გამოსცა, რომ არ ჰკითხა აკადემიურ საბჭოს. და ამასაც რომ თავი დავანებოთ, უარესი დარღვევაა, როცა აბარებ უფასოზე და შემდეგ უცებ გადასახადს გიწესებენ.
ფილოლოგიის ფაკულტეტმა ბევრი იბრძოლა და გვითხრეს, რომ ისევ უფასო იყო სწავლა. ანუ საჭირო თანხა რექტორმა კი არ გამოყო, არამედ ფაკულტეტმა გაანაწილა თავისი ბიუჯეტიდან. მერე გვითხრეს, რომ თურმე მარტო ერთი სემესტრი დაგვიფინანსეს და ეს ერთი სემესტრი იყო პერიოდი ჩვენი რეგისტრაციის დღიდან, 14 მაისიდან 14 ივლისამდე.
არაფერი გაგვიკეთებია, სემესტრი ისე ჩაგვითვალეს და დაგვიწერეს, თითქოს 30 კრედიტი ავიღეთ“.

იურისტი ქეთი მეხუზლა განმარტავს, რომ  უმაღლესი განათლების შესახებ კანონი შეეხება დოქტურანტურაში სწავლის დაფინანსების წესს და იქ არის გარდამავალი დებულება (მუხლი 88) სადაც წერია, რომ ახალი დაფინანსების წესი უნდა შეიმუშაოს, უფრო სწორედ, უნდა შეემუშავებინა განათლების სამინისტროს 2007 წლამდე. დღემდე ეს პროცედურა წინ არ წასულა. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში გვითხრეს, რომ დოქტორანტურის დაფინანსების საკითხებს სამინისტრო არ წყვეტს და რომ უნივერსიტეტი აბსოლუტურად ავტონომიურია ამ კუთხით. მეხუზლა ამბობს, რომ მოქმედი წესით, უნივერსიტეტს შეუძლია განსაზღვროს სწავლა დოქტურანტურაში საბიუჯეტო დაფინანსებით იქნება თუ თვითდაფინანსებით:
„ეს პირობა ხელშეკრულებით განისაზღვრება და ცნობილია დოქტორანტისათვის. მან უნდა იცოდეს, იხდის თუ არ იხდის თანხას. აქ დარღვევა ის არის, რომ უნივერსიტეტი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას და თვითნებურად ადგენს დაფინანსების ახალ წესს. მაშინ, როდესაც წინასწარ იყო ასეთი შეთანხმება, რომ დოქტორანტურის დაფინანსების წყარო იქნებოდა საბიუჯეტო სახსრები და არა თვითდაფინანსება. ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და დოქტორანტს შეუძლია  გაასაჩივროს“.
სამინისტროს იურიდიულ სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ არსებობს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც აცხადებს კონკურსს გრანტებზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ფონდს მიმართონ.
თუმცა ეს იმ დოქტორანტებისათვის, ვინც მოტყუებული აღმოჩნდა, ვერაფერი ნუგეშია. რეალურად უნივერსიტეტმა მათ მხოლოდ ნაწილობრივ დაუთმო, როდესაც დრო ოქტომბრამდე მისცა.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #88 დადგენილებაში წერია:

„გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1000 ლარით.
დოქტორანტურაში 2007-2008 წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისგან 2008 წლის ოქტომბრამდე.
დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისგან ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.

თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დადგენილი წესით, დოქტორანტი სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით“ - ამ დადგენილებას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი გია ხუბუა.

დოქტორანტები ამბობენ, რომ  ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უნივერსიტეტიდან ძალიან ბევრი პროფესორი გადავიდა ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ანაზღაურება მაღალია. ვარაუდობენ იმასაც, რომ  მალე უნივერსიტეტიდან წავა ყველა,  ვისაც იქ უკეთესად გადაუხდიან. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში კი, შესაძლოა, აღარ იარსებობს სფერომ, რომლითაც ის  თავს მოიწონებს. აღარ ჩატარდეს კვლევები თუნდაც უძველესი ტრადიციების ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

„მე მაგისტრატურა სამი-ოთხი წლის დავამთავრე და ახლა რომ მივდივარ ხოლმე უნივერსიტეტში, ვხედავ,  რომ არათუ წინსვლა, საერთოდ უფსკრულია იმ პერიოდსა  და დღევანდელ სიტუაცია შორის.
მაშინ კულტურის ინსტიტუტშიც  ვსწავლობდი და იქაურობა უნივერსიტეტის ფონზე ტექნიკუმად მეჩვენებოდა. ახლა კი თითქმის პირიქით...“, - წუხს ერთ-ერთი დოქტორანტი.

დოქტორანტურის დაფინანსების თემის ირგვლივ უნივერსიტეტშიც აზრთა სხვადასხვაობა და გამუდმებული ჭიდილია.

პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ფასიანი სწავლის იდეას ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ იმ ცვლილებებმა და რეფორმამ, რაც განათლების სისტემაში მოხდა, ბევრი სიურპრიზი მოიტანა და ბევრი პრობლემაც წარმოშვა. ერთ-ერთი სწორედ ხარისხების თემაა. სწავლების მესამე საფეხურის - დოქტურანტურის საკითხი.

„რეფორმას მოჰყვა ის, რომ ასპირანტურის განყოფილება უნივერსიტეტში გაუქმდა.  მაგისტრატურის შემდეგ ახლა უკვე დოქტურანტურაში გრძელდება სწავლა. ამაში შედის როგორც აკადემიური სამუშაო, ისე სასწავლო პროცესიც -  დოქტორანტმა  კრედიტების გარკვეული რაოდენობა უნდა შეასრულოს.

რეფორმამდე  ასპირანტურაში მიღებული ხალხი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. მათ სწავლა დაასრულეს, მაგრამ ჯერ ხარისხი დაცული არ ჰქონდათ. საბჭოს მუშაობა შეწყდა და მომზადებულ, უკვე წარმოდგენილ თემებსაც ვეღარ ვიღებდით განსახილველად. ამის უფლებამოსილება აღარ გვქონდა და ხარისხს ვერც მივანიჭებდით. ამან კი დიდი პრობლემები წარმოშვა.
აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტს არ შეუძლია დოქტორანტურის დაფინანსება. დღემდე  ამაზე არის გამუდმებული დავა. ფინანსური განყოფილება ამბობს, რომ ამის საშუალება არ აქვს, მე, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, მოვითხოვ, რომ დოქტურანტურა იყოს უფასო - რადგან აუცილებელია სახელმწიფოს მიერ იზრდებოდეს ახალი კადრი. თუ ყველგან არა, გარკვეულ დარგებში მაინც უნდა იყოს უფასო. სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები. მაგალითად, ფილოლოგიაში შესაძლოა,  ახალგაზრდობა არ წავიდეს დოქტურანტურაში, მაგრამ სახელმწიფოს ეს ხომ სჭირდება? ეს არის ის პრესტიჟული დარგი, რომელსაც მან უნდა უპატრონის და ჰქონდეს გარკვეული კვოტა.

სამწუხაროდ, მე არ შემიძლია უფრო ღრმა ანალიზის გაკეთება, თუ საიდან დადგინდა გადასახადის რაოდენობა ან რატომ არ არის შესაძლებელი იყო ფაკულტეტი უფასო.  უნივერსიტეტს აკადემიური საბჭი განაგებს, ასევე წარმომადგენლობითი საბჭო - მე არ ვარ მათი წევრი, ამიტომ ფინანსურ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით.

მე და მთელი ფილოლოგიის ფაკულტეტი ვამბობთ იმას, რომ დოქტურანტურა  უნდა იყოს უფასო! ყოველ შემთხვევაში, მათთვის მაინც, ვინც ჩვენ რეფორმამდე ჩავრიცხეთ. ეს საკითხი არაერთხელ გავაპროტესტეთ, დიდ თათბირზეც ვთქვით,  მაგრამ აკადემიურმა საბჭომ არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა. მხოლოდ მცირე შეღავათი შემოგვთავაზეს, რაც რექტორის 88-ე დადგენილებაში წერია“.

ასე თუ გაგრძელდა, უნივერსიტეტში კვლევა აღარ იარსებებს

განათლების ექსპერტი ლელა სამნიაშვილი თვლის, რომ  უმაღლესი განათლების პოლიტიკის დაგეგმვის თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელია ზოგიერთი ასპექტი, რომლითაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იწყებს ფუნქციონირებას: "საბაზრო ეკონომიკაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ სისტემებშიც კი, როგორიც, მაგალითად განათლების ამერიკული სისტემაა, დოქტორანტურა სტუდენტებისათვის პრაქტიკულად უფასოა, რადგან ეს ის საფეხურია, როცა ადამიანი მხოლოდ ცოდნას კი არ იღებს, არამედ ცოდნას წარმოქმნის და მისთვის ამ პროცესში ხელის შეწყობა აწყობს როგორც სახელმწიფოს, ასევე სხვადასხვა კორპორაციებს. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გონებრივი რესურსების თვალსაზრისით, კვლევა ყველას არ შეუძლია და არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, ადამიანი გადახდისუნარიანია თუ არა.

ბაკალავრიატში შენ შეიძლება გადაიხადო, რომ კარგი ცოდნა მიიღო, მაგრამ ამის მერე სახელმწიფო თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ადამიანს გადაუხადოს და დაასაქმოს. როგორც წესი, უნივერსიტეტები დოქტორანტებს თავად ასაქმებენ, როგორც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს და შესაბამის ანაზღაურებასაც უხდიან, მათი კვლევა კი ან ხვადასხვა ფონდების ან სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

დღეს რომ ჩვენ ევროპულ სივრცეს ვუერთდებით და ბოლონიის პროცესში ვმონაწილებთ, ეს სივრცე უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემების შენახვაზეა ორიენტირებული. ევროპაში, დოქტურანტურის საფეხურზე სახელმწიფო თითქმის ყველგან ცდილობს დააფინანსოს კვლევა. ჩვენ ვართ იმ საფრთხის წინაშე, რომ გონებრივი რესურსები ჩვენმა ქვეყანამ კიდევ უფრო აქტიურად კარგოს.

სახელმწიფომ ორი-სამი უნივერსიტეტი მაინც უნდა აქციოს ძლიერ კვლევით უნივერსიტეტად და კვლევისათვის პრიორიტეტული სფეროები განსაზღვროს: თუ მას არ სჭირდება ფილოლოგიაში 20 დოქტორანტი, ნუ ეყოლება ამდენი, ჰყავდეს ხუთი, მაგრამ ხელი შეუწყოს მათ ხარისხიანი კვლევის წარმოებისათვის“.

თუ დოქტორანტურაში სწავლის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები არ გადაიხედა, ლელა სამნიაშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები ჩამოიცილებენ სწავლის მესამე საფეხურს. ისინი გადაიქცევიან პერიფერიულ უნივერსიტეტებად, სადაც კვლევითი სამუშაოები აღარ იარსებებს.

სხვათაშორის, ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან არც ისე მოშორებით, ჭავჭავაძის უნივერსიტეტში დოქტორანტურა უფასოა. ამ ფაქტს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახლად გამსხვილებულ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში (რაც თავის მხრივ, სწორი სტრატეგიაა სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის დაფინანსებაზე პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით), პროფესორების გადაბირების ფაქტსაც თუ დავამატებთ, შეიძლება საგანმანათლებლო კულუარებში ამ ბოლო დროს დასმული კითხვა: ხომ არ ძირავენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტს, ამ სტატიის ბოლოშიც დავსვათ.

 








ახალი ამბები