კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

‘“თუ ქონებას სახელმწიფოს არ ვაჩუქებდი, ოჯახს ამიწიოკებდნენ“

23 ივნისი, 2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

ფსიქიკური ზეწოლით, ძალადობით და დაპატიმრების მუქარით, სიღნაღში, მოქალაქეებისთვის საკუთრების წართმევის ფაქტებზე კომენტარი საქართველოს პრემიერ - მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, რეფორმების კოორდინაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გააკეთა. მისი თქმით, „ყველა ის პირი, ვინც მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ, უძრავი ქონების მიტაცებაში მონაწილეობდა, მკაცრად უნდა დაისაჯოს“.

- ბატონო კახა, მაგალითად, მანანა მაჭარაშვილს, თამაზ გორელიშვილს და თამარ თარაშვილს ქალაქის ცენტრში მდებარე კომერციული ფართის გაყიდვა, ამჟამად უკვე კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მრჩეველმა, სიღნაღის ყოფილმა გამგებელმა და ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა აიძულეს. სამართალდამცავებმა, დაპატიმრების მუქარით, ისინი 2007 წლის 31 აგვისტოს, ღამის 12 საათზე მიიყვანეს სანოტარო ბიუროში და ყიდვა - გაყიდვის ხელშეკრულებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

- ეს არის ყაჩაღობა. სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ქალაქის გალამაზება არაფრად ღირს, თუ იმ მოქალაქეების უფლებები, რომელთაც საკუთრება კანონიერი გზით აქვთ შეძენილი, ასე უხეშად იქნება დარღვეული. რატომ არ მიმართეს ამ ადამიანებმა პროკურატურას?

- მიმართეს. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ მოკვლევა უსასრულოდ გრძელდება. დაზარალებულებმა წერილი საქართველოს პრეზიდენტსაც გაუგზავნეს, პროტესტსაც გამოთქვამენ, მაგრამ უშედეგოდ.

ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ მთავრობა ამ საქმეებით დაინტერესდება.

მანამდე საკუთრების უფლების ხელყოფის კიდევ ერთ ფაქტზე გიამბობთ.

გელა ბეჟაშვილი 2006 წლის 14 დეკემბრამდე იყო ქ. სიღნაღში, ერეკლე II #1 ა-ს ტერიტორიის მესაკუთრე, რაც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერითაც დასტურდება. ამ ტერიტორიაზე სიღნაღის ბაზარი ფუნქციონირებდა.

2006 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 21 საათზე, გელა ბეჟაშვილს, სახლში, სიღნაღის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა მიაკითხეს და სამსახურში წაიყვანეს. „საგადასახადო ორგანოს ოფისში მისულს 30-მდე ჩემთვის უცნობი პიროვნება დამხვდა. სავარაუდოდ, ისინი ფინანსური პოლიციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ. ორმა მათგანმა ცალკე ოთახში გამიყვანა და დამემუქრნენ, თუ ჩემს საკუთრებაში არსებულ ბაზრის ტერიტორიას სახელმწიფოს არ ვაჩუქებდი, ოჯახს დამიწიოკებდნენ. ჩემს შვილს ჯიბეში ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და დააპატიმრებდნენ. მუქარა იმდენად სერიოზული და კატეგორიული იყო, რომ დავშინდი და მეორე დღეს, ანუ 14 დეკემბერს ჩუქების ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე“, - აღნიშნავს გელა ბეჟაშვილი.

2007 წლის 2 მაისს გელა ბეჟაშვილმა განცხადებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა. განცხადებაში მიუთითებს, რომ იგი აიძულეს თავისი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცა, იძულების გარეშე კი მას ასეთი ნება არ გააჩნდა.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლებიდან გამომდინარე, 2006 წლის 14 დეკემბერს გელა ბეჟაშვილსა (შპს „აჩო“) და სახელმწიფოს (სიღნაღის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილება) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“. გარიგების განმარტებისას კანონმდებელი აღნიშნული მუხლის კომენტარში ეყრდნობა ნების გამოვლენის თეორიას და მიუთითებს, რომ გარიგება არის კერძო ნების გამოვლენა. სრულიად შესაძლებელია, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს, რაც არის საფუძველი ნების გამოვლენის ბათილობისა. მოცემულ შემთხვევაში, გელა ბეჟაშვილის მიერ გამოვლენილი ნება არსებითად ეწინააღმდეგება მის შინაგან ნებას, ვინაიდან იგი განმარტავს, რომ მან იძულებით გამოხატა ასეთი ნება. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს ყველა ის სპეციალური საფუძველი, რაც ახასიათებს იძულებით დადებულ გარიგებებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, „გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება, რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისგან“. ამდენად, იძულების დროს ადგილი აქვს აშკარა ჩარევას ნების გამოვლენაში, რაც მიზნად ისახავს გარიგების დადებას. ჩვენს მიერ განსახილველ შემთხვევაში ჩარევა მოხდა გელა ბეჟაშვილის ნების გამოვლენაში, რაც მიზნად ისახავდა ჩუქების ხელშეკრულების გზით სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასეთი ნება არ მომდინარეობდა თავად ბეჟაშვილის მხრიდან. ის წაიყვანეს, დაემუქრნენ და აიძულეს, რომ გამოეთქვა ქონების გადაცემის სურვილი. სამოქალაქო კოდექსი ადგენს, აგრეთვე, იძულების გამოხატვის ფორმებსა და ხასიათს. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში და მუქარაში. პირველ მათგანს მაშინ აქვს ადგილი, როცა პირს ფიზიკური იძულებით, ძალის გამოყენებით მოაწერინებენ ხელს გარიგებაზე ან მძიმე ფიზიკური ტანჯვის მიყენებით, ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში არწმუნებენ, იკისროს ვალდებულება. მუქარის შემთხვევაში, პირი იძულებული ხდება მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიშით მოახდინოს სხვის მიერ ნაკარნახევი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა, რასაც ადგილი ჰქონდა გელა ბეჟაშვილის მიმართ, ვინაიდან მას დაემუქრნენ ოჯახის დაწიოკებით და შვილის დაპატიმრებით. აღნიშნულს კი, ასევე, სამართლებრივად აწესრიგებს დასახალებული კოდექსის 87-ე მუხლი, რომლის თანახმად, „იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ“. ამდენად იძულება არის რეალური, რადგან იგი განხორციელდა გელა ბეჟაშვილის მიმართ, რომელიც დაკავებული იყო მცირე ბიზნესით, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ხოლო გარიგების მეორე მხარე არის სახელმწიფო თავისი ძლიერი და უზარმაზარი აპარატით. მის დაქვემდებარებაშია ქვეყნის ყველა ძალოვანი უწყება, სახელმწიფოზეა დამოკიდებული კერძო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. ერთი სიტყვით, ერთ მხარეზე დგას აშკარად ძლიერი კონტრაგენტი, რომელსაც აბსოლუტური ძალა შესწევს, განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც უარყოფითად აისახება მეორე მხარეზე, ანუ რეალურად შეასრულოს მუქარა. ამდენად, გელა ბეჟაშვილი განმარტავს, რომ მას ჰქონდა საფუძველი ეფიქრა, რომ პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები ნამდვილად შეძლებდნენ მისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებას და მის დაპატიმრებას. აღსანიშნავია, აგრეთვე, მუქარის განხორციელების დრო, ადგილი და ვითარება. გელა ბეჟაშვილი გამიზნულად მიჰყავთ საღამოს საათებში, ვინაიდან შიშის ფაქტორი ასეთ დროს გაცილებით ძლიერია. ამასთან, მას სახელმწიფო ორგანოში ხვდება უამრავი უცხო პიროვნება, რაც კიდევ უფრო თავზარის დამცემია ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ სურათის წარმოდგენის შემდეგ აღარ არსებობს ეჭვი, რომ გელა ბეჟაშვილმა აბსოლუტურად რეალურად აღიქვა განხორციელებული მუქარა და მეორე დღესვე მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერა ჩუქების ხელშეკრულებას“, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

ეს საქმე ომბუდსმენის 2007 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებაშიც მოხვდა, რომლის მოსმენაზეც 2008 წლის მოწვევის პარლამენტმა უარი თქვა. მოხსსენებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გელა ბეჟაშვილს უნდა დაუბრუნდეს იძულებით გასხვისებული მიწა, ხოლო ბაზრის დანგრევით მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაურდეს სრულად ან, მორიგების შემთხვევაში, ბეჟაშვილს უნდა შეეთავაზოს მისი ქონების ადეკვატური ღირებულების კომპენსაცია.

ტერიტორიაზე, რომელიც 2006 წლის 14 დეკემბრამდე გელა ბეჟაშვილს ეკუთვნოდა, ამჟამად სავაჭრო ქსელი „პოპულის“ სიღნაღის ფილიალი ფუნქციონირებს. გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს რეალური მფლობელი საქართველოს პრემიერ - მინისტრი ლადო გურგენიძეა. ამ დრომდე გელა ბეჟაშვილისთვის არც კომპენსაცია გადაუხდიათ. როგორც ქონების მართვისა და პრივატიზების კახეთის რეგიონულ სამმართველოში განაცხადეს, ამის გაკეთებას არც ფიქრობენ, რადგან „ბეჟაშვილმა სახელმწიფოს ქონება თვითონ აჩუქა“.


ახალი ამბები