კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაცემი პატიმარი ციხეზე ექიმის შეყვანას ითხოვს

24 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ეჭვმიტანილის დაკავებისას სამართალდამცავები მუშტებსა და მუსკულებს „შესაშურად“ რომ ავარჯიშებენ, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. ჩხრეკის შედეგად ნაცემ ეჭვმიტანილებს ჯიბეში ხან ნარკოტიკი აღმოაჩნდებათ ხოლმე, ხან „ლიმონკა“ და განაჩენიც გამოტანილია - 15-20 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. 

 დაკავების დროს ცემის ფაქტის დადასტურება მოგვიანებით ადვოკატებისთვის მთავარი პრობლემა ხდება. როგორც წესი, ძალადობის „მოწმეები“ ხშირად მხოლოდ სამართალდამცავები არიან.

დაახლოებით მსგავსი ვითარების მსხვერპლია 29 წლის რამაზ გოგია, რომელიც ქუთაისის №2 საპყრობილეში, გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება. დაკავებისას სასტიკად ნაცემი, ჯერ ზუგდიდის, ხოლო მოგვიანებით ქუთაისის ციხეზე ექიმის შეყვანას ამაოდ ითხოვს.

რამაზ გოგიას, როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, 20 წელი სრულიად უსაფუძვლოდ აქვს მისჯილი. იგი წამების მსხვერპლია და ამის გამო თვითონ კი არა, სხვები (ამ სისასტიკის ჩამდენები) უნდა დაისაჯონ.

„2007 წლის თებერვალში, ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი  სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა გააჩერეს და ჩხრეკა დაუწყეს. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე 30-მდე „უფორმო“ პირი მივიდა და რამაზ გოგიას ცემა დაუწყეს. იგი ჯერ ადგილზე, მოგვიანებით კი, პოლიციის განყოფილებაში სასტიკად ცემეს. მან სერიოზული დაზიანებები მიიღო. ჩაემტვრა მეხუთე და მეექვსე მალა და დღემდე გაუსაძლისი ტკივილები აქვს. მითხრა, რომ ვმოძრაობ, ძვლების ხრჭიალი მესმისო. საქმეში კი, მის წინააღმდეგ, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - აცხადებს რამაზ გოგიას ადვოკატი ინგა გიორგაძე.

ეჭვმიტანილს იმ დროს მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ადგილიდან ამიღებული მართვის მოწმობა ჩაუდეს. მოგვიანებით, გოგიას სახლის ჩხრეკისას სპეცრაზმმა ადგილზე ნარკოტიკი და „ლიმონკა“ ამოიღო. ჩხრეკის ოქმზე ოჯახის სტუმარს ხელი ძალის გამოყენებით მოაწერინეს და ყაჩაღობის საქმე „გახსნეს“. სენაკის რაიონული სასამართლოს განაჩენი - 20 წელი ნარკოტიკის შენახვის, იარაღის ტარებისა და ყაჩაღობისთვის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

„მსჯავრდებულის ადვოკატმა სამართლებრივი დახმარებისთვის ჩვენს ორგანიზაციას მომართა. მე ციხეზე შევხვდი რამაზ გოგის, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, გოგიას ახლობლებმა ცემის ფაქტზე საქართველოს გენერალურ ინსპექციასაც და გენერალურ პროკურატურასაც ერთდროულად მიმართეს. დაიწყო გამოძიება, რომელიც დღემდე საწყის სტადიაშია. ამ დრომდე დაკითხულიც არავინაა. სახეზეა არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და ამით დარღვეულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“  მე-3 მუხლი. ეს არის წამების აკრძალვა“, - აცხადებს „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტი ანა ჩაფიძე.

როგორც ირკვევა, გოგიას ოთხჯერ ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ადვოკატს კი, დღემდე  არ ეძლევა საშუალება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას გაეცნოს. „ზუგდიდის ციხეზე ყოფნის დროს გოგია წამების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ფრანგმა ექიმმა მოინახულა. მაშინ შეიქმნა დოკუმენტი (სამედიცინო დასკვნა), რომლის ნახვის შესაძლებლობას პატიმრის ადვოკატს არ აძლევენ. აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: გოგიას სახლის ჩხრეკის ოქმზე მოწმეს ხელი ძალით მოაწერინეს. როგორც თვითონ ამბობს, ხელი გადაუგრიხეს და ისე აიძულეს ჩხრეკა დაედასტურებინა. ამ მოწმემ მოგვიანებით გენპროკურატურას მიმართა, ხელი ძალით მომაწერინესო. ამ პირის მიმართ მალე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ცრუ ჩვენების მიცემისთვის“, - ამბობს ანა ჩაფიძე.

პატიმრის ახლობლები აცხადებენ, რომ სამართლებრივი დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოსაც მიმართეს. „რამაზ გოგიას შეხვდნენ ჩვენი წარმომადგენლები. პატიმარმა საუბარში ტკივილებზე აღნიშნა და თქვა, რომ განცხადებაში ამის თაობაზე უფრო ჩამოყალიბდებოდა. განცხადება ჩვენამდე ჯერჯერობით არ მოსულა. ასევე, გოგიამ ითხოვა ევროსაბჭოს ტელეფონი და ჩვენ მას, ამ კუთხით, დახმარება გავუწიეთ“, - ამბობს სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე.

 „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“  ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ უდანაშაულო პატიმრის ინტერესების დასაცავად საქმე ევროსასამართლოსთვის მზადდება.

 

ახალი ამბები