კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს საპატიმროებში ფილტვების ანთებით 21-ე საუკუნეშიც იხოცებიან

25 ივნისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

 

 ლევან ლაბაური

საქართველოში  პატიმართა უფლებები კვლავ ირღვევა. კერძოდ, მათზე არ ვრცელდება წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვა.  სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დღემდე ფილტვების ანთებით კვდებიან. საქართველოში კი თითქმის არ არსებობს კვალიფიციური ექსპერტი, რომელიც ზუსტ სამედიცინო დასკვნას დაწერს. სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შექმნილ ვითარებაზე „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამედიცინო ექსპერტს, ლევან ლაბაურს ესაუბრა.

უკვე მესამე წელია ლევან ლაბაური გაეროს მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობს, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებას ემსახურება. მას ხშირად უწევს საქართველოს საპყრობილეებში პატიმრების მონახულება.

ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მიერ ერთობლივად შექმნილი კომისია, 2 წელია რაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე უწყება შექმნილი ვითარების გამოსწორებას ცდილობს, მათ მომზადებული სამოქმედო გეგმა ან კონცეფცია დღემდე არ გააჩნიათ.

„სწორედ ამ კომისიამ უნდა დადოს ეს კონცეფცია, მერე ყველაფერი ამ მიმართულებით აიწყობა. ამ კომისიის შემადგელობა, ფაქტობრივად, უმოქმედოა, ორი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე კომისიას წერილი მივწერეთ და ანგარიში მოვითხოვეთ, თუ რა გაკეთდა 2 წლის განმავლობაში. ჯანდაცვის სამინისტროდან ასეთი პასუხი მივიღეთ -  კომისია კონცეფციის შემუშავებაზე აქტიურად მუშაობს. ორი წლის განმავლობაში, თურმე, ორი საპყრობილეც გამოუკითხავთ. პატიმრებს ეკითხებოდნენ, რის შეცვლას მოისურვებდნენ. საბოლოოდ განგვიმარტეს, რომ ეს ინფორმაცია კონკრეტული მიზნის დასახვისთვის არ იყო საკმარისი... ამ რეალობის გათვალისწინებით, ეს კომისია უკვე არაკომპეტენტურია. არც ის მგონია, რომ ამ კომისიაში მთლად კომპეტენტური ექსპერტები ან სპეციალისტები არიან. გამონაკლისებიც არიან, ვინც სისტემას იცნობს, მაგრამ ეს რეალურ სურათს ვერ ცვლის. ყველაფერი ქაოტურად მიმდინარეობს. იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე დღესაც შეგიძლიათ ნახოთ 2005-2006 წლების ბატონი ლადო ჭიპაშვილის განცხადებები, რომ ციხის საავადმყოფო 3 თვეში მეხუთე საავადმყოფოში გადავიდოდა. ორი თვის მერე აცხადებდა, რომ შესაბამისი დოკუმენტები ხელმოწერილია და პატიმრებს სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოებში უმკურნალებენ. კონცეფცია სერიოზული დოკუმენტია და სჭირდება სერიოზული ინტელექტუალური რესურსი. მაგრამ ყველაფერი გაუთვლელად მიმდინარეობს. ამის გამო კი კრიზისი უფრო გაღრმავდა. ყოველი ახალი ხელმძღვანელობა ახალ “ინიციატივებს” გამოთქვამს“.

ლევან ლაბაურის აზრით, არაკომპეტენტური გადაწყვეტილება იყო, როდესაც მკურნალობის უფლება სადაზღვეო კომპანია “ალდაგს” გადაეცა. მდგომარეობა ამის შემდეგ არ გაუმჯობესდა. უცვლელია დაავადებების და სიკვდილიანობის მიზეზებიც.

ჯანდაცვაში არსებობს სპეციალური ინდიკატორები, რითაც ეს სისტემა ფასდება. არსებობს 7 თუ 8 ფაქტორი, რომელიც სიკვდილიანობაზე უშუალოდ მოქმედებს.

„იუსტიციის სამინისტრო ითვლის და ყოველწლიურად აქვეყნებს ინფორმაციას საპატიმროში დაღუპული ადამიანების შესახებ. ეს სამეცნიერო თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, იმიტომ რომ სიკვდილიანობა პროცენტებში არ იზომება. შესაბამისად რიცხვი, რომელსაც ისინი წერენ, აბსურულია. სიკვდილიანობა ასეთი ფორმულით გამოითვლება: ყოველ ათასი პატიმრიდან რამდენი გარდაიცვალა.  აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობის პროცენტული დათვლა ხელოვნურად არის მოგონილი იმისთვის, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა ვერ მოახერხონ ამ მონაცემების ინტერპრეტირება. ეს მონაცემები არც საქართველოში ესმით. თუ დიდი პროცენტული მაჩვენებელია, ამბობენ,  სიკვდილიანობა გაიზარდაო. მაგალითად, თუ 2007 წელში სიკვდილიანობა 0.1 პროცენტი იყო, 2008 წელში 0.2 პროცენტი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა გაუარესდა. რადგან შეიძლება 2007 წელს პატიმრების რაოდენობა, პირობითად, 10 ათასი იყო, ხოლო 2008 წელს – 13 ათასი.  წლის განმავლობაში პატიმრების რაოდენობაც იცვლება. გაუგებარია, ეს 0.1 პროცენტი წლის დასაწყისს ეკუთვნის თუ წლის ბოლოს. თუ საპატიმროში, მაგალითად, ონკოლოგიური ავადმყოფები არიან და მათი 90 პროცენტი დაიღუპა, ეს კატასტროფას არ ნიშნავს“.

ლევან ლაბაური საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რითაც სიკვდილიანობა ფასდება. პირველ რიგში, ეს ასაკობრივი ფაქტორია. ექსპერტის მონაცემებით, 2007 წელს სიკვდილიანობის ყველაზე მაქსიმალური პროცენტი 21-30 წლამდე იყო. ეს საგანგაშოა, რადგან გარდაცვლილები ახალგაზრდა და შედარებით ჯანმრთელი ფენაა. მეორე ადგილზე 41-50 წლამდე ასაკობრივი კატეგორია იყო.

სიკვდილიანობის გამომწვევი ფაქტორები ცუდი კვება და საცხოვრებელი პირობები შეიძლება იყოს. ორგანიზმი სტრესს უფრო უძლებს, თუ კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. კარგ ფიზიკურ მდგომარეობას კი კარგი კვება უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ასევე პატიმრებისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება.

„ეს პრობლემა ზოგიერთ საპყრობილეში 2006-2007 წლებშიც არსებობდა. მაგალითად, რუსთავის მე-6-ე საპყრობილეში წყალი სასმელად უვარგისი იყო. როდესაც პატიმრებისთვის ე.წ. „პერედაჩი“ შეჰქონდათ, წყალს წონაში უთვლიდნენ. მეტი არც არაფერი ერგებოდათ. ქსნის საპყრობილეში ერთი პერიოდი პატიმრები მასობრივად იწამლებოდნენ წყლით. ათეულობით გადმოჰყავდათ თბილისში. ეპიდემიური სიტუაცია შეიქმნა. მიუხედავად ამისა, სიტუაციის შესწავლა არავის უფიქრია“.

კიდევ ერთი ფაქტორი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებია. ლევან ლაბაურის აზრით, მეხუთე საპყრობილის დაშლით ეს პრობლემა მნიშვნელოვნად გადაწყდა. მერვე საპყრობილეშიც, საერთო ფონის გათვალისწინებით, პრობლემა შედარებით მოგვარებულია.

ინფექციური დაავადებების თვალსაზრისით, ტუბერკულოზი კვლავ პრობლემად რჩება. 101 ავადმყოფიდან 39 ტუბერკულოზით გარდაიცვალა. მეორე ადგილზე ფილტვების ანთებაა.

„ფილტვების ანთებით 21 –ე საუკუნეში მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში თუ კვდებიან. სიკვდილის მიზეზი ხშირად ძალადობრივი დანაშაულიცაა. ანუ სიკვდილის ყველა ის სახეობა, რომელიც ბუნებრივად არ დგება“.

საგანგაშო მდგომარეობაა ექიმთა რაოდენობისა და სამედიცინო მომსახურების დონის თვალსაზრისით. როგორც წესი, ის სიკვდილიანობის მაჩვენებლის პროპორციულია.

„დღეს საქართველოში 21 საექიმო სპეციალობა არსებობს. მათგან ერთ-ერთი სასამართლო მედიცინაა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეისთვის 70-75 ლიცენზია სასამართლო მედიცინის მიმართულებით გაიცა. ამ 75 ექიმიდან ზოგი გარდაიცვალა ზოგი სასჯელს იხდის. რეალურად დღეს 40-45 მუშაობს. უმრავლესობა თბილისში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რეგიონებში დაწერილი დასკვნების უმრავლესობა კატასტროფულია.ექიმების უმრავლესობა დაბალი კვალიფიკაციისაა. 2004 წლიდან სასამართლო მედიცინა იუსტიციის სამინისტრის დაქვემდებარებაში გადავიდა, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. დღეს რეალურად დამოუკიდებელი ექსპერტი არ არსებობს. აბსოლუტური უმრავლესობა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ალტერნატივა თითქმის არ არსებობს. ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფნისას მათი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის უკეთესი პირობები იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან შეზღუდულია ექიმთა ავტონომიურობა. არ შეიძლება რომელიმე ძალოვანი უწყების წარმომადგენელი გადაწყვეტილების მიღების დროს ექიმზე ზემოქმედებას ახდენდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი გელა გელაძე, რომელიც ბათუმის საპყრობილის მონიტორინგს ახდენს, ამბობს, რომ გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა მათთვის შეუძლებელია. ხშირად ექიმები შიდსით დაავადებულებს იმ მიზეზით არ კვეთენ, რომ „დაცულები არ არიან“.

„სერიოზულ პრობლემას სტომატოლოგების მუშაობაც წარმოადგენს. პატიმრებს ხშირად პროფილაქტიკა სჭირდებათ. ახლა კი საუკეთესო შემთხვევაში, მტკივნეული კბილის ამოღებას თუ შეძლებენ. სხვა ტექნიკური საშუალება არ არსებობს. ექიმთა კონტინგენტი მცირეა. რამდენიმე თვის წინ ჩვენს საპყრობილეში ძველი სტომატოლოგიური სავარძელი აიტანეს. თუმცა სტომატოლოგის აყვანა არც მას შემდეგ მოხდა. საერთოდ, საპყრობილეებში ექიმების დანიშვნა პრობლემაა, რადგან ექიმები ამაზე უარს დაბალი ანაზღაურების და ტერიტორიული მდებარეობის გამო ამბობენ. პატიმრები ხშირად ითხოვენ ექიმს. სამწუხაროდ, „ლუმინალის ინსტიტუტი“ საკმაოდ „მყარია“.

ლევან ლაბაურმა უამრავი დასკვნა მოიპოვა, რომელშიც ექიმები ადამიანის ანატომიური ორგანოების იდენტიფიცირებას ვერ ახდენდნენ. მაგალითად, ზუგდიდელ პაციენტზე ექიმი წერს: ორივე ნათხემი ნორმალური აქვსო, არადა, ადამიანს ერთი ნათხემი აქვს. ბევრს საერთოდ, არარსებული ძვლები აქვს დასახელებული. არის შემთხვევები, როდესაც შეუსაბამობაშია მიკრო და მაკრო მორფოლოგიური მონაცემები.

„ერთხელ ასეთი შემთხვევაც გვქონდა: ხელი მოვკიდე ექიმს, მივიყვანე პატიმართან, რომელსაც სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა. ყველა გაწითლებულ ადგილზე მივუთითებდი და ვეუბნებოდი: არის, ბატონო, ეს ბუნებრივი ფერი? ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ექიმი თავისუფალია და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. ერთი საკითხია, რომ ექიმების დაბალი კვალიფიკაცია აქვთ და მეორეა, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება.

რუსთავის ერთ-ერთ საპყრობილეში ასეთი შემთხვევაც იყო: ექიმი პირადი საუბრის დროს ამბობდა, რომ პაციენტი საავადმყოფო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებს, მერე, რომ ვკითხე დასვა თუ არა ეს საკითხი ადმინისტრაციის წინაშე, არაო, მიპასუხა. როგორ წარმოვიდგინო, რომ იმ ექიმს პაციენტის სიკვდილი უნდოდა?“

ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ ყველა პატიმარს ისეთივე სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიონ, როგორიც საშუალო ფენის მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. რეალურად ასე არ ხდება.

პატიმრობის შესახებ კანონი გვეუბნება, რომ თუ დაწესებულებაში 100-ზე მეტი პატიმარია, სტაციონარული სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა აუცილებელია.

პატიმრებისთვის დღეს ორი სამედიცინო დაწესებულება არსებობს, ერთი თბილისში, ე.წ. ერ-ვე და მეორე ქსანში  - ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულება. ლიცენზია არც ერთს გააჩნია. არადა ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ვალდებულია სალიცენზიო პირობები გააკონტროლოს. იმის გასამართლებლად, რომ ამ დაწესებულებებს ლიცენზიები არ გააჩნიათ, იუსტიციის სამინისტროს ასეთი არგუმენტი მოჰყავს: საქართველოს კანონში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მეორე მუხლში შეტანილია ცვლილება, რომელშიც წერია, რომ, სამინისტროები და მათი საქვეუწყებო დაწესებულებები თუ თავად ახორციელებენ გარკვეულ საქმიანობას, არ ექვემდებარებიან ლიცენზირებას. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეორე პუნქტს, სადაც იმპერატიულად წერია, რომ სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაწესებულების ყველა ორგანიზაციას“.

პენიტენციალურ სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ სახალხო დამცველის მოხსენებაშიც წერია. იქ კონკრეტული ფაქტებზეც არის საუბარი. ლევან ლაბაური აღნიშნავს, ტრადიციად იქცა, რომ ბოლო წლებში პარლამენტი სახალხო დამცველის მოხსენებებს მხოლოდ ცნობად იღებს. ეს ცინიკური დამოკიდებულებაა. სახალხო დამცველის მოხსენებებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.


 

ახალი ამბები