კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანების წამება დღემდე გრძელდება

26 ივნისი, 2008
თეა თოფურია, თბილისი

26 ივნისს, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და ,,წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრმა“ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთობლივი აქცია გამართა. 26 ივნისი გაეროს წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეა. რევოლუციის შემდეგ იყო მოლოდინი, რომ საქართველოში ადამიანების წამების ფაქტები აღარ დაფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხს დღემდე აწამებენ. ,,არ აწამო, იწამე ადამიანი“ - ამ დევიზით ვერის პარკში თეატრალური ჩვენება მოეწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პლაკატებით ხელში რუსთაველი გაიარეს და სახალხო დამცველის ოფისში იგივე თემაზე მოწყობილ შეხვედრას შეუერთდნენ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“  მონაცემებით, განსაკუთრებით ხშირია პატიმრების წამების შემთხვევები, მათგან აღიარებითი ჩვენების მიღების, დაშინების ან შურისძიების მიზნით.  წამების მეთოდები დღესაც იგივეა: ცემა (ხელკეტით, იარაღით, ჩექმებით...), სისტემატური ცემა,  მუქარა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გაუპატიურება, დახრჩობა (წყლით, ჩანთით, გაზის ნიღაბით), დაწვა (სიგარეტით, ცხელი უთოთი)...

გარდა ამისა, მიმართავენ წამების ფსიქოლოგიურ მეთოდებსაც: პატიმრის  სხვებისგან ჩამოშორება, იზოლაცია, სხვათა წამების ხმების მოსმენა,  ოჯახის წევრების ან სხვა ახლობლების წამება,  დამცირება, არაადამიანური მოპყობა,  სამედიცინო დახმარების არაღმოჩენა, გაუპატიურების საშიშროება,  სხვა წამების მსხვერპლთან ერთად პატიმრის მოთავსება  იზოლატორში და ასე შემდეგ.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ თვალსაზრისით,  არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთი ფაქტია ის, რომ დღეს საპატიმროებში, თითოეულ საკანში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ეს ნორმით არის გათვალისწინებული. გარდა ამისა, ერთად არიან ჯანმრთელი და გადამდები დაავადებების მატარებელი პატიმრები.  
წამების ფაქტები ფიქსირდება არ მხოლოდ საპატიმროებში, არამედ სხვა ადგილებშიც, როგორც ეს სანდო გირგვლიანის შემთხვევაში იყო. ხშირია  ადამიანებზე თავდასხმის, ცემის, ანგარიშსწორების შემთხვევები. ძირითადად ამგვარი თავდასხმების მსხვერპლნი ხელისუფლებისთვის არასასურველი პიროვნებები ხდებიან. 

განსაკუთრებული პრობლემაა ის, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები წამების მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ. არ ხდება წამების ფაქტების გამოძიება, დამნაშავეების დასჯა და დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემა.



ახალი ამბები