კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - კანონპროექტის დადებითი მხარე

27 ივნისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი, ზოგადად, დადებით შეფასებას იმსახურებს. ეს არის მცდელობა იმისა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო და ჭეშმარიტი მართლმსაჯულება,“ - ასეთი შეფასება მისცეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ახალ კანონპროექტს ქართველმა ადვოკატებმა.

კანონპროექტს საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტმა ორი მოსმენით მხარი დაუჭირა. მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, იგი, როგორც კანონი, უკვე ძალაში შევა.  აღნიშნული პროექტის მიხედვით, საქართველოში ახალი ინსტიტუტი - ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება.

„ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამით ჩვენს ქვეყანაში ახალი ინსტიტუტი - წინასასამართლო გამოძიება დამკვიდრდება. თუ როგორი იქნება ეს ინსტიტუტი, ამაზე საბოლოო პოზიცია ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიმე ვარიანტი განიხილება. არსებული ვერსიით პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მონაწილეობა მიიღოს, თუ ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც პროცესი მიმდინარეობს; შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას“, - აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ორგანიზაციის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და როგორც იურისტები განმარტავენ, ძირითადად პოზიტიური შედეგები სდევს თან.
 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტის ნანა ჩაფიძის აზრით: „ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გულისხმობს ხალხის მართლმსაჯულების განხორციელებას, როდესაც პირის დამნაშავეობის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობს არა მარტო მოსამართლე, არამედ რიგითი მოქალაქეები, ანუ ნაფიცი მსაჯულები. ისინი უსმენენ დაცვისა და ბრალდების მხარეების გამოსვლას სასამართოს წინაშე, ესწრებიან და აკვირდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისა და შეფასების პროცესს და საბოლოო ჯამში, ხმათა უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას განსასჯელის ბრალეულობის შესახებ - დამნაშავეა, თუ არ არის დამნაშავე.“

კანონპროექტში, გარდამავალი დებულებების მიხედვით, 2010 წლის 1 იანვრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქმედებს და მის ტერიტორიულ განსჯადობას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს.
დადებითი მხარეების გარდა, ადვოკატები კანონპროექტში არსებულ უარყოფით მხარეებზეც ამახვილებენ ყურადღებას. „პროექტით, პრაქტიკულად, შემოდის პროკურორის დისკრეციული დევნის ინსტიტუტი ანუ, 22-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. მთლიანობაში ეს ყველაფერი მისაღები და მისასალმებელია, თუმცა, ჩნდება შეკითხვები. საეჭვოა, რამდენად გაამართლებს სიახლე, რადგან უნდა არსებობდეს რაიმე ნორმატიული აქტი, მინიმუმ გენერელური პროკურორის მიერ მიღებული, რომელიც გაითვალისწინებს დევნის დაწყების კრიტერიუმებს. აგრეთვე, ეს შესაძლებელია,  შერჩევითი მართლმსაჯულებისა და კორუფციის საფუძველი გახდეს“, - ამბობს გიორგი ჭიქაბერიძე.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ 22-ე მუხლი ზრდის პროკურორის უფლებებს. „ამ უფლებამოსილების  მინიჭებით პროკურატურა გაცილებით ძლიერი ხდება, ვიდრე დღესაა და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პროკურორის პიროვნებაზე. მიჭირს თქმა, რამდენად გაამართლებს ეს დღევანდელ ქართულ რეალობაში. პროექტის მიხედვით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამკვიდრებს პროკურორის დისკრეციულ უფლებამოსილებას სისხლის სამართლებრივი დევნოს დაწყებისას. ანუ, დანაშაულის ფაქტზე პროკურორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა გამოძიება ამ ფაქტის გამო. ხოლო, თუ პროკურორი გადაწყვეტს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საჭირო არ არის, მისი უარი სასამართლოში არ გასაჩივრდება. ამ ინსტიტუტის დამკვიდრება კიდევ უფრო გააძლიერებს პროკურატურის პოზიციებს, რაც სკეპტიკურ დამოკიდებულებას იწვევს ამ ახალი კანონპროექტის მიმართ“, - განმარტავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ქუთაისის ოფისის იურისტი ნანა ჩაფიძე.

რა დადებით და უარყოფით შედეგს გამოიღებს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები და რამდენად წაადგება იგი ქართულ მართლმსაჯულებას, ეს მისი ამოქმედებისთანავე გახდება ნათელი. თუმცა, მასში პოზიტიური ცვლილებების შეტანა, რომლის საშუალება ახალი მოწვევის პარლამენტს მესამე მოსმენაზე მიეცემა, საბოლოო ჯამში, ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს განაპირობებს.

 

ახალი ამბები