კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი შერვაშიძე: „თუ ეს საქმეც არ გამოიძიეს, გამოდის ხელისუფლების გაკეთებულია“

27 ივნისი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

„ჩუმად მირტყამდნენ, ძირითადად წიხლებით, ეტყობოდათ, რომ კარგად იცოდნენ თავის საქმე. ერთი სალანძღავი სიტყვაც არ დასცდენიათ. რას აკეთებთ მეთქი, ამის თქმა მოვასწარი და გონება დავკარგე. როცა აზრზე მოვედი, ზემოდან დამყურებდნენ. შემდეგ ისევ განაგრძეს ცემა კიდევ 30 წამის განმავლობაში.  ჩემი მეუღლე ამას აივნიდან უყურებდა, მის ხმაურზე მეზობლებიც გამოვიდნენ და ისინიც ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით ეზოდან გავიდნენ“, - 19 ივნისს მომხდარი ამ თავდასხმის ამბავი საქართველოს შინაგანი ძალების ყოფილ სარდალს და ახლა პოლიტიკური ბლოკი „დემოკრატების“ წევრ  გიორგი შერვაშიძეს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ახსოვს.

ის ბოლომდე ჯერაც არ გამოჯანმრთელებულა. დაჟეჟილი აქვს ნეკნები, მოტეხილი ხელი, ტვინის შერყევა და ა.შ  19 ივნისს, საღამოს რვა საათზე ოთხმა უცნობმა პირმა ის საკუთარი სახლის სადარბაზოსთან სასტიკად სცემა.

„ჯერ კიდევ დღე იყო, არ ბნელოდა სახლში რომ მოვედი, ძრავი არ გამომირთავს, მანქანა უნდა დამეყენებინა და ავტოფარეხის  კარი გამოვაღე. სწორედ ამ მომენტში დამესხნენ თავს. იმასაც ვერ მივხვდი, მიწაზე როგორ აღმოვჩნდი, ზემოთ რომ ავიხედე,  სამი-ოთხი ადამიანი დავინახე. სახლის აივანზე ძაღლი მყავს და ამ ხმაურზე ყეფა ატეხა. ჩემმა მეუღლემ გაიგონა რაღაც რომ ხდებოდა, ცხადია, ატეხა წივილ-კივილი.  მე პრინციპში წესიერად ვერც ვხედავდი რამეს, რადგან გონებას ვკარგავდი. ჩემმა მეუღლემ დააფიქსირა, რომ სამი ადამიანი მირტყამდა თურმე და ერთს ყელში ჰქონდა ხელი წაჭერილი.  ეტყობა არტერია გამითიშეს. უცნაურია, რომ მაგ დროს ეზოშიც არავინ იყო. სადღაც 25 წუთი ვიყავი გათიშული და მერე სასწრაფოც მოვიდა. როგორც ჩანს, მაინც ცოტა ხნის განმავლობაში მირტყამდნენ, თორემ მეტად დამაზიანებდნენ. ეცვათ შავი სპეცფორმა, ბათინკები, ერთს ნიღაბიც არ ეკეთა.   სპეციალური გასაშლელი ხელკეტები ეკავათ და იარაღიც ჰქონდათ. ძირითადად  ფეხებით მცემდნენ.  ერთადერთი, რაც მოვასწარი, რომ ვეცემოდი, რას აკეთებთ მეთქი, ეს ვიყვირე და მერე აზრზე რომ მოვედი უკვე თავზე მადგნენ და კიდევ დამიმატეს. 30-40 წამი მიბრახუნებდნენ. ეს საკმაოდ  დიდი დროა, როცა წინააღდეგობას ვერ უწევ და თან ოთხი კაცი გირტყამს“, - მოგვითხრობს გიორგი შერვაშიძე.

მისმა მეუღლემ და შემდეგ უკვე მეზობლებმაც დაინახეს, რომ თავდამსხმელები თავად შერვაშიძეზე მაღლები (ამ დროს თავად  შერვაშიძე 1 მეტრი და 90 სმ-ია) იყვნენ.  ყველაფერს უხმოდ აკეთებდნენ. არც გინება დასცდენიათ. არც გაღიზიანება ეტყობოდათ.  ჩუმად ასრულებდნენ სამუშაოს. მეზობლების  მონათხრობის მიხედვით, როდესაც „საქმეს მორჩნენ“, მათ ცოტა აჩქარებული ნაბიჯებით დატოვეს ეზო, ტაშკენტის ქუჩაზე ვერცხლისფერ ავტომობილში ჩასხდნენ და მიიმალნენ.

რეანიმაციიდან გამოყვანის შემდეგ გიორგი შერვაშიძე სამართალდამცველებმა დაკითხეს. თუმცა, არც საკუთარი კოორდინატები დაუტოვებით და იმ დღის შემდეგ არც გამოჩენილან. შერვაშიძე ვარაუდობს, რომ ეს „დაკითხვა“ უბრალოდ მოვალეობის მოხდას ჰგავდა და ძალიან ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

მთავარი კითხვა, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს უჩნდება, ცხადია ის არის, ვის აწყობდა გიორგი შერვაშიძის ანგარიშსწორება და რა მიზეზით სცემეს მას მაინცდამაინც ახლა, როცა ის პოლიტიკურ ბლოკ „დემოკრატებში“ გაერთიანდა და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები სწორედ მას აქვს ჩაბარებული.

„მე რაღაც პროცესებში - კრიმინალებთან ბრძოლას ვგულისხმობ,  მაქვს მონაწილება მიღებული, რადგან შინაგანი ჯარი შსს-და დაქვემდებარებაში იყო, მე კი რვა წელი ვიყავი სარდალი. მაგრამ ისეთ რამეში არ მიმიღია მონაწილეობა, რომ ვიღაცისთვის ცუდი გამეკეთებინა. პანკისის მოვლენების დროსაც კი  იქ დაცვის გარეშე დავდიოდი.
ჩემი და ჩემი მეგობრების ვარაუდით, ეს ამბავი უფრო ჩემს ახლანდელ პოლიტიკურ მოღვაწეობას უკავშირდება. პირადი მტრები არ მყავს.  პოლიტიკურ ბლოკ „დემოკრატებში“  ჩემი ძირითადი საქმიანობა აფხაზეთს უკავშირდება, ბოლო სამი წელია ძალიან აქტიური ურთიერთობები მაქვს აფხაზებთან.  ეტყობა, ძალიან ჩავერიე აფხაზურ საკითხებში და ეს კი ხელისუფლებას არ აწყობს.
ჩვენი ძირითადი მიმართულება ამ ხალხთან  როგორმე საერთო ენის გამონახვაა. . მაგალითად, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სულ მალე იქ  ხატი უნდა ჩაგვებრძანებინა. ასევე, 1992-ში ე.წ. ქურუმებმა დაწყევლეს საქართველო და უნდა ჩატარებულიყო წყევლის მოხსნის უმნიშვნელოვანესი რიტუალი...
მაგრამ საქმე ისაა, რომ მე რაც უნდა კეთილი სურვილები მამოძრავებდეს აფხაზეთის მიმართ, ერთადერთი, ვისაც რაღაცის რეალურად გადაწყვეტა შეუძლია, ხელისუფლება და მისი ნებაა“.

გიორგი შერვაშიძე ამბობს, რომ ასეთი ფორმებით პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან გამკლავება მეტად უარყოფითი მოვლენაა, რამაც საქართველოში უკვე საკმაოდ ხშირი ხასიათი მიიღო. ის ამბობს, რომ თუ ამ საქმეზე გამოძიება შეჩერდა, კიდევ უფრო გაუმყარდება ეჭვი, რომ მის ცემაშიც ხელისუფლების ხელი ურევია.



ახალი ამბები