კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს

1 ივლისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 

„ჩემი ბოლო ჩამოსვლა საქართველოში ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. ამ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა. შუქი არ იყო და ხალხს ქუჩაში გასვლის ეშინოდა. აღმოვაჩინე, რომ პანაშვიდზე 6-7 საათის ნაცვლად (როგორც ეს ჩემს ბავშვობაში ხდებოდა) 3-4 საათზე დადიან, რადგან დაღამებამდე როგორმე სახლში წასვლა (ფეხით) მოასწრონ და ა. შ. ამის გამო ყოველთვის ვერიდებოდი ჩამოსვლას და ვამჯობინებდი, ახლობელი ადამიანები ჩემთან მიმეწვია. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, 2004 წელს ჩამოვედი და აღმოვაჩინე, რომ არაფერი შეცვლილა. ქვეყანა ისევ გაყინულ, ჯაბახანა ეკონომიკურ მდგომარეობაში დამხვდა. ეს იგივეა შენი ბინა ნახო უკარფანჯრო, კედლებდანგრეულ მდგომარეობაში. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში იფიქრებ, რომ რემონტი გარდაუვალია და კითხვის დასმა - რა საჭიროა რემონტის დაწყება - უბრალოდ, სისულელეა“,- ასე განმარტავს საქართველოში რეფორმების გარდაუვალობას პრემიერ- მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი კახა ბენდუქიძე.

„კითხვა - რატომ უნდა გატარებულიყო რეფორმები - აღარ  უნდა დაისვას“

რეფორმატორი ბენდუქიძის პათოსის ფონზე ქვეყანაში ადამიანებს, სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ამის მიუხედავად, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი წუხს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხალხს საკუთარი წარმატებების აღიარება უჭირს. თუმცა, თავს იმით იმშვიდებს, რომ არსებობს რეფორმის შედეგები და სტატისტიკა - რა და როგორ გაკეთდა.

შედეგები სახეზეა და ხალხის (რიგითი მოქალაქეების) თუ არ გვჯერა, ექსპერტებს მაინც უნდა დავუჯეროთ, რომლებიც ამ ყველაფერზე ყოველთვის გარკვევით და გასაგები ენით საუბრობენ. რაც შეეხება სტატისტიკას, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ესმენ ემბორდი მას შემდეგნაირად განმარტავს: „ბუნებაში არსებობს სამი ტყუილი - დიდი შავი ტყუილი, პატარა თეთრი ტყუილი და სტატისტიკა.“

სტატისტიკის არც ექსპერტებს სჯერათ. მათ ყოველთვის ურჩევნიათ ცოცხალი ფაქტებით ისაუბრონ. თუმცა, როცა საგადასახადო რეფორმაზე ჩამოვარდება სიტყვა, მის პოზიტიურ მხარეებზეც ამახვილებენ ყურადღებას.

მაინც რა დადებითის თქმა შეიძლება „რეფორმათა შორის გამორჩეულ“ საგადასახადო რეფორმაზე? ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: გადასახდების 22-დან 8-მდე დაყვანა; გადასახადების განაკვეთების შემცირება (ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 12%-მდე შემცირდა, დღგ - 20%-დან 18%-მდე, მოგების გადასახადი იურიდიული პირებისთვის 20%-დან 15%-მდე); 2007 წლიდან საწარმოთა რეგისტრაციის ახალი სისტემის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც რეგისტრაცია მხოლოდ საგადასახადო ორგანოებში ხორციელდება; საწარმოთა დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შემოღება; 2008 წლიდან საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ახალი სისტემის ამოქმედება და ა. შ.

„რეფორმა კარგია, როცა ხალხია კმაყოფილი. მაგრამ ახსოვს ვინმეს ხალხი? მე  დღეს ჩემს საკუთრებას მედავებიან და  თან აცხადებენ, რომ რეფორმა შედეგიანია. როგორ უნდა ვთქვა, რომ რეფორმა ჩემთვის და ჩემნაირებისთვის ხორციელდება, როცა ეს ყველაფერი უშუალოდ ჩემს თავს ხდება? - კითხულობს შპს „ბირჟა რიონის“ დირექტორი ტატო დვალიშვილი. ქუთაისის მერია მას საკუთრებას ედავება. მერიაში აცხადებენ, რომ „რიონს“ პრობლემა საკუთრების დაკანონებაში აქვს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უზენაესი სასამართლოს დადგენილება ქონების კანონიერების შესახებ.

საგადასახადო რეფორმას, რომლის გატარება საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო, საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმათაგან მსოფლიო მასშტაბით ყველაზე რადიკალურად მიიჩნევენ თავად ქართველი რეფორმატორები. თანაც, ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ რეფორმა გრძელდება და საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიმართულებით სიახლეები კვლავაც ინერგება.

„ლოგიკა მარტივია: მე - სახელმწიფომ მეწარმე-გადამხდელს ყველანაირი პირობა შეგიქმენი, რომ გამარტივებული პროცედურები აწარმოო. შენი მოქალაქეობრივი ვალია მიხვიდე და გადასახადები გადაიხადო. შესაძლოა, ადამიანებს ჯერჯერობით უჭირთ შეეგუონ სიახლეს. თუმცა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამ ყველაფერს შეეჩვევიან  და საბოლოო ჯამში, კმაყოფილი იქნებიან“, - ამბობს შემოსავლების სამსახურის მომსახურეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ამირან თავართქილაძე.

არსებობს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის საწინდარი კერძო ბიზნესი, მისი განვითარებაა. ამას ჩვენი მთავრობაც ხშირად იმეორებს. თუმცა, ხშირად, საზოგადოებას ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის „არტი ჯგუფის“ პრეცედენტი ახსენდება. ოპოზიციაში გადაბარგებული, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარს კომპანიაში ჯერ ფინანსური პოლიცია „შეუვარდა“, მოგვიანებით კი, იქაურობა ცეცხლის ალში გაეხვია. საეჭვო ხანძარზე საქართველოში დღესაც აქტიურად საუბრობენ. „სანამ ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო, კომპანიას არავინ ეხებოდა. მერე კი, მოხდა ის, რაც ამ ქვეყანაში გარდაუვალია“, - ასე ხსნიან რიგითი მოქალაქეები „არტი ჯგუფის“ ფაქტს.

„ქვეყანაში, სადაც ბიზნესი შეშინებულია, აზრი არა აქვს რეფორმებს. რად მინდა ობიექტის გახსნა, თუ ვიცი, რომ ჩინოვნიკი ან ვიღაც მამაძაღლი წილში უნდა ჩამიჯდეს. მირჩევნია საერთოდ არ ვაკეთო ბიზნესი“, - ამბობს მოქალაქე (ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს), რომელსაც რამდენიმე თვის წინ მცირე საწარმოს გახსნა ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც თვითონ განმარტავს, თავი მხოლოდ მას შემდეგ შეიკავა, რაც უთხრეს, რომ „წილის“ გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

ამ და სხვა ფაქტების მიუხედავად, „რეფორმატორი მამები“ შესაშური პირდაპირობით გვიცხადებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა და ეს სწორედ რეფორმების დამსახურებაა. რომ „რეფორმების გატარების გარეშე საქართველო ეკონომიკური უბედურებისკენ მიექანებოდა და იყო დიდი ალბათობა იმისა,  დედამიწის ზურგზე საერთოდ გავმქრალიყავით.“


ახალი ამბები