კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში ტელეკომპანიები პოლიტიკური ფულით ფინანსდებიან

2 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ეჭვი მეპარება მედიის მხარდასაჭერად რამე რომ მოხდეს, მხოლოდ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მიმართულებით თუ მოხდება რამე, ახლა პრობლემები შეექმნება გაზეთებს და ტელეკომპანია „კავკასიას“.
„ყველაფერი მორევაზეა და მოხერხებაზე. არ ვიცი ისინი რას აპირებენ, მე ვიცი, მე რას ვაპირებ“. ჟურნალისტების ია ანთაძისა და ნინო ჯანგირაშვილის ეს კომენტარები ტელეკომპანია “მზის” საინფორმაციო გამოშვების დახურვას მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას მიკერძოებაში ხშირად ადანაშაულებდნენ, „საინფორმაციოს“ დახურვამ შექმნილი ვითარება მეტად დაძაბა.

ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო გამოშვება „მზერის“ სავარაუდო დახურვის შესახებ წინასწარ თითქმის არც ერთმა თანამშრომელმა იცოდა. მათთვის ეს ინფორმაცია იმავე დროს გახდა ცნობილი, რა დროსაც დანარჩენი საზოგადოებისათვის.

დავით ლიკლიკაძე, ტელეკომპანია „მზის“ ქუთაისისბიუროს ჟურნალისტი: „ეს ამბავი წინა დღით გავიგე, ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ დამირეკა. მე, რა თქმა უნდა, არ მივაქციე ყურადღება, რადგან „მზის“ გახსნის პირველივე დღიდან საუბრობდნენ, ხან დახურავენო, ხან გასართობი არხი იქნებაო, ხან საერთოდ არ იქნებაო ტელევიზია. დავრეკე ჩემს ტელევიზიაში, იქ მითხრეს, რომ ასეთი არაფერი გვემუქრება, მშვიდად იყავიო. თუმცა მოგვიანებით იგივე კოლეგებმა დამირეკეს და მითხრეს, სხვათაშორის, მართალი ყოფილხარო. ჩვენი ოპერატორი კადრებს იღებდა. დავურეკე და ვუთხარი, აზრი არ აქვს, მგონი ეს მასალები აღარ გავა ეთერში-მეთქი“.

როგორც დავით ლიკლიკაძე ამბობს, დახურვა კი იყო მოულოდნელი, თუმცა ასეთი შედეგი მაინც მოსალოდნელი იყო, რადგან ის თავადაც ხვდებოდა, ეს ტელევიზია აღარავის სჭირდება.
მალხაზ ბასილიამ, ტელეკომპანია „მზის“ ზუგდიდის ბიუროს კიდევ ერთი ჟურნალისტმა უმუშევრად დარჩენის შესახებ საინფორმაციოების მეშვეობით გაიგო.
26 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე „მზის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ფარულავა  ირწმუნებოდა, რომ  მედიაჰოლდინგში შემავალი ტელეარხების  ხელმძღვანელების  გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებიც „მზეზე“ახალ ამბებს  აშუქებდნენ და  რამდენიმე წლის განმავლობაში  ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს  ქმნიდნენ, „ძალიან მალე“  სხვადასხვა ტელევიზიებში დასაქმდებოდნენ. საინფორმაციო სამსახურის  შეჩერების ოფიციალურ მიზეზად  რეორგანიზაცია დასახელდა.

ჰოლდინგ „საქართველოს მედიის გაერთიანების" ხელმძღვანელის, ზაზა თანანაშვილის თქმით, სატელევიზიო მარკეტინგის თვალსაზრით,  ერთ ჰოლდინგში ორი მსგავსი ტიპის ტელევიზიის არსებობა მიუღებელია“.

ჰოლდინგ „საქართველოს მედიის გაერთიანებაში“, რომელიც  2006 წელს შპს „ჰოლდინგ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ დააფუძნა, ტელეკომპანია „მზე“,  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“,  ტელეკომპანია „პირველ სტერეო“ და საინფორმაციო სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი“ შედიან.  ერთ-ერთი დამფუძნებელი ხელისუფლებასთან დაახლოებული  პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი გახლავთ.

ალექსანდრე ფარულავას დანაპირები ზოგი ჟურნალისტისთვის ასრულდა კიდეც და „მზის“ ჟურნალისტები, ნაწილი -„რუსთავი2“-ში, ნაწილი კი -„იმედში“ „გაუშვეს“, თუმცა ყველა არა.

მალხაზ ბასილია: „ჯერ-ჯერობით ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან ჩემთან არავის დაურეკავს და დასაქმებაზე საუბარი არ ყოფილა. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში რაღაც სამასახურს მაინც შემომთავაზებენ, რომ გარეთ არ დავრჩე. ჩემი და ჩემი ოჯახის ერთადერთ წყარო ტელეკომპანია „მზე“ იყო“.

„მზერას“ დახურვის შემდეგ ბევრს საუბრობდენენ იმაზე, თუ რატომ დაიხურა ეს გადაცემა. უმრავლეს შემთხვევაში ამას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ ფაქტს უწოდებენ. თუმცა ჟურნალისტ, ია ანთაძის თქმით, დანამდვილებით იმის თქმა, თუ რატომ დაიხურა საინფორმაციო გადაცემა, ძნელია.

„ჩვენ შეგვიძლია ტენდენციებზე ვისაუბროთ. ვფიქრობ, მედიაში მიმდინარე პროცესი („7 დღის“ და „მზერის“ დახურვას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნესმენებს შორის მოლაპარაკებებს ვგულისხმობ, რომ მათ ზოგ გაზეთში და ტელეკომპანია  „კავკასიაში“ რეკლამა აღარ განათავსონ) უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესს დავუკავშიროთ“.

მისი აზრით, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არჩევნები ხალხის მიერ ხელისუფლების შევიწროებისთვის კარგი შანსი იყო. ახლა ხელისუფლება ეცდება საზოგადოებას მეტად მოახვიოს თავისი შეხედულებები ქვეყნის განვითარების შესახებ. ხელისუფლებამ საზოგადოებასთან დიალოგზე ხელი აიღო. სისტემა უფრო მონოპოლიზებული და ცენტრალიზებული გახდა.

ტელეკომპანია "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვებისხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის აზრით, ტენდენციაზე საუბარი უკვე  გვიანია, რადგან ეს უკვე ფინიშია, ტენდენცია კი 4 წლის წინ დაიწყო, რადგან ყველა არხი, „კავკასიის“ გარდა ხელისუფლების ხელშია.

არაოფიციალური ინფორმაციით, „მზერის“ დახურვის მიზეზად „იმედის“ სავარაუდო გახსნა სახელდება, ანუ დავით ბეჟუაშვილს კიდევ ერთი ტელევიზიის დაფინანსება გაუჭირდებოდა. ამიტომ პრიორიტეტი ტელეკომპანია „იმედს“ მიენიჭა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, რომელმაც დასახელებისგან თავს იკავებს, აღნიშნავს, რომ საქართველოში მედია ბაზარი ბუნებრივად არ ვითარდება. ფული, რომელიც მედია ბაზარზე ტრიალებს, პოლიტიკურია. „იმედის“ შემთხვევაშიც ეს რუსეთში მოპარული ფული იყო და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ის, რომ ქართული მედია პოლიტიკური დაფინანსებით არსებობს, თავად ციფრები მეტყველებენ.

მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ საქართველოს ყველა მედია საშუალების შემოსავალი რეკლამის სახით 20 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს კი ძალიან მცირე თანხაა, რადგან, მაგალითად, ტელევიზიას მხოლოდ თანამგზავრთან დასაკავშირებლად თვეში 35 ათასი დოლარი სჭირდება, 1 090 000 იმისთვის, რომ ტერიტორია დაფაროს, 500 ათასი კი ლიცენზირებული ფილმებისთვის. აქ მოყვანილია ხარჯების მხოლოდ გარკვეული ნაწილი. ცხადია, ასეთ პირობებში ტელეკომპანიებს საკუთარი თავის დამოუკიდებლად რჩენა გაუჭირდებათ. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის თქმით, საქართველოს ტელეკომპანიებს ბუნებრივად განვითარების პერსპექტივა აქვს. თუმცა საკუთრების კონცენტრაცია ამ პროცესებს მნიშვნელოვნად უშლის ხელს. თითქმის ყველა ძირითადი მედიასაშუალება კონკრეტული პირების ხელშია კონცენტრირებული. არ არსებობს სარედაქციო დამოუკიდებლობის ტრადიცია.

„სამსახურის დაკარგვის შიშით ჟურნალისტები თავადაც არ იცავენ დამოუკიდებლობას. პრობლემებს არაპროფესიონალიზმიც ქმნის, რადგან არაპროფესიონალებით მანიპულირება გაცილებით იოლია. არ არსებობს ჟურნალისტური სოლიდარობა და პროფკავშირი, რომელიც ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული“.

ალბათ სწორედ ამიტომ შეიკრობნენ „მზის“ ჟურნალისტები და აუღელვებლად ელოდებოდნენ, როდის დაასაქმებდნენ მათ სხვა და სხვა ტელეკომპანიებში.

„მზერის“ დახურვა „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებების აღდგენას დაემთხვა. ამიტომ ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ დავით ბეჟუაშვილი იძულებული იყო “მზერა” დაეხურა, რადგან ამდენი ტელეკომპანიის დაფინანსებას უბრალოდ ვერ გაწვდებოდა.

ის, რაც მოხდა „მზეზე“, არ მინდა შევაფასო როგორც ქმედება თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვეულებრივი, გარდაუვალი აქცია, იმიტომ, რომ თითქმის ყველა ტელეკომპანია კონკრეტული ფინანსური ჯგუფის მიერ იმართება და ყველა მათგანი დოტაციურია. ზოგადად არანორმალური ვითარებაა მედიის, როგორც ბიზნესის, მედიის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციის განვითარების მხრივ. კარგად მესმის, რომ დავით ბეჟუაშვილს არ აქვს ამდენი ფული, რომ “რუთავი 2”, “მზე” და კიდევ “იმედი” დააფინანსოს“, რადგან ხელისუფლებას არ აწყობს ბრენდი “იმედის“ დახურვა“

“მზერის” დახურვას მთელი რიგი პოლიტიკური თოქ შოუებისა და სხვა გადაცემების დახურვა უძღოდა წინ. ამიტომაც საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი იმისა, რომ “მზერის” დახურვა არ იქნება ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლების  შესაზღუდად გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯი. პირდაპირი ქმედებების გარდა, მაგალითად, ტელეკომპანიის დახურვა, ლიცენზიის ჩამორთმევა, დაინტერესებულ მხარეს სხვა ხერხების გამოყენებაც შეუძლია. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენებს „კავკასიაზე” რეკლამის განთავსებას უკრძალავენ.

თუმცა ნინო ჯანგირაშვილის თქმით „კავკასიასთვის” ეს პროცესი საშიში არ არის, რადგან ტელეკომპანია შეჩვეულია ექსტრემალურ პირობებში მუშაობას.

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ტელევიზიის განვითარებას ვერ მოვახერხებთ. ყველაფერი არის მორევაზე და მოხერხებაზე. არ ვიცი, ისინი რას აპირებენ, მე ვიცი, მე რას ვაპირებ. საზიზღარი და ამაზრზენი თავად ფაქტია, რომ ბიზნესისთვის მოიცალეს. ბოლო თვეების განმავლობაში ეს ზეწოლა შეწყვეტილი იყო და ჩვენს არხს დაეტყო კიდეც.“.
ია ანთაძე ეჭვობს, რომ რამე ახალი გაიხსნას, რადგან მარეგულირებელი კომისია ლიცენზიების გაცემას ფრთხილობს. ამიტომ არ გამორიცხავს საინფორმაციო სივრცის კიდევ უფრო შეზღუდვას.

“ძნელია იმის თქმა, რა მოხდება მომავლაში, ყოველ შემთხვევაში ეჭვი მეპარება მედიის მხარდასაჭერად რამე რომ მოხდეს, მხოლოდ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მიმართულებით თუ მოხდება რამე, ახლა პრობლემები შეექმნება გაზეთებს და ტელეკომპანია „კავკასიას“.

ზვიად ქორიძე კი რადიოების შეზღუდვას ელოდება.

 

ახალი ამბები