კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიბლიოთეკაში დაპირისპირებას წიგნები ეწირება

3 ივლისი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

მე-10 დღეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში სიღნაღის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი სამსახურიდან სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით გაათავისუფლეს, იმ მიზეზით, რომ წინასაარჩევნოდ, მისი და სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აგიტაციის კარდაკარ გაწევაზე უარი განაცხადეს.

ოფიციალურად, სიღნაღის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებად ლიანა ხატიაშვილი, ელეონორა გელაშვილი და სხვები, ბოლოს ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით მუშაობდნენ, თუმცა ამის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო. დამსაქმებელს, სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს ნატო უსენაშვილს, დასაქმებულებისთვის არც ბრძანება ჩაუბარებია თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ და არც ხელშეკრულება. სამუშაოზე მიღების ბრძანების პირობებს, ბიბლიოთეკარები სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გაეცნენ.

„სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორის ბრძანება #21. 2008 წლის 7 მაისი. დაინიშნოს ელეონორა გელაშვილი სიღნაღის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარად შრომის კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის, მე-3 ნაწილის და მე-9 მუხლის I ნაწილის თანახმად“.

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. კოდექსის მე-9 მუხლის I ნაწილი ადგენს, რომ შესრულებულ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, კანდიდატთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. ამასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

კოდექსის ამ მოთხოვნის მიუხედავად, სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორსა და ბიბლიოთეკარებს შორის შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. თუმცა კონტრაქტი რომ გაფორმებულიყო, გამოსაცდელი ვადის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენა მაინც ვერ მოხდებოდა, რადგან 2007 წლის მარტიდან სიღნაღში ბიბლიოთეკა აღარ ფუნქციონირებს. ქალაქის საბავშვო და ცენტრალური ბიბლიოთეკების კუთვნილი 70-ათასამდე წიგნი 1200-მდე ტომარაშია მოთავსებული და საჯარო სკოლის ნესტიან სარდაფში ყრია.

„იმის ნაცვლად, რომ სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორმა ნატო უსენაშვილმა ბიბლიოთეკისთვის ფართი მოითხოვოს და წიგნებს მიხედოს, რომლებიც სარდაფში დაობდა, სპეციალისტებს გვდევნის და არაკვალიფიციურ კადრებს იღებს“, - აღნიშნავს ლიანა ხატიაშვილი.

- თქვენ აცხადებთ, რომ სამსახურიდან სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ აბულაშვილის დავალებით გაგათავისუფლეს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე, 18 აპრილს, ბიბლიოთეკის თანამშრომლები, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ზედელაშვილმა დაგვიბარა. შეხვედრას სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანთლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნატო უსენაშვილიც ესწრებოდა. გამგებელმა შემოგვთავაზა, რომ წინასაარჩევნოდ დეპუტატობის კანდიდატის ნუგზარ აბულაშვილის სასარგებლოდ გვემუშავა. მე მას ავუხსენი, რომ მის თხოვნას ვერ შევასრულებდი, იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად ვმუშაობ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენლად სიღნაღის რაიონში. სხვა ბიბლიოთეკარებმაც აღნიშნეს, რომ კარდაკარ აგიტატორებად ვერ ივლიდნენ. სახელისუფლებო პარტიის რაიონული შტაბიდან გამოსვლამდე, გამგებელმა გაგვაფრთხილა, რომ გვეფიქრა მის წინადადებაზე, რადგან ჩვენი სამსახური ამაზე იყო დამოკიდებული. შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ნატო უსენაშვილმა სამსახურიდან გაგვათავისუფლა.

- თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ საფუძვლად რა მიგითითათ?

- შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტა. პროტესტის ნიშნად მე გამგეობის შენობიდან გასვლაზე უარი ვთქვი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით, გამგეობის შენობიდან გამაძევეს. მანამდე სიღნაღის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ფიზიკურად იწევდა. მიყვიროდა, ვინც ჩვენიანი არ არის, ის სამსახურში არ უნდა იყოსო.
მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ზედელაშვილმა თავად დამირეკა და მითხრა, რომ ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე აღმადგინეს. 22 ივნისს კი შემატყობინეს, რომ სამსახურიდან ისევ გავთავისუფლდი“, - ამბობს ლიანა ხატიაშვილი.

ყოფილი ბიბლიოთეკარი ელეონორა გელაშვილიც მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ აბულაშვილს უკავშირდება: „ნატო უსენაშვილს ვთხოვე, აეხსნა რატომ გამათავისუფლა სამსახურიდან. მან პირდაპირ მითხრა, რომ ნუგზარ აბულაშვილისთვის მიმემართა და თუ დეპუტატი გადაწყვეტილებას შეცვლიდა, სამსახურში აღმადგენდნენ“.

სიღნაღის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნატო უსენაშვილი ყოფილი ბიბლიოთეკარების განცხადებებს უარყოფს. „დეპუტატს ბიბლიოთეკის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებასთან კავშირი არ აქვს. სიცრუეა ისიც, თითქოს გამგებელმა, ჩემი თანდასწრებით, წინასაარჩევნოდ მათ მმართველი პარტიის და მისი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა მოსთხოვათ. მათგან განსხვავებით მე არავის არაფერში ვადანაშაულებ. ამჟამად ვიკვლევთ რა დარღვევები აქვს ქალბატონ ლიანას. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მას ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორად მუშაობისას გაუქმებული აქვს რამდენიმე სასოფლო ბიბლიოთეკა, წიგნად ფონდში კი დანაკლისია. რაც შეეხება იმას, რომ სიღნაღის ბიბლიოთეკის კუთვნილი წიგნები ტომრებით სკოლის სარდაფშია მოთავსებული, მაქსიმალურად ვმუშაობთ რომ წიგნები იქ არ გაფუჭდეს. მე მესმის უმუშევრად დარჩენილი ადამიანების, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება დამაშანტაჟონ.

- რას გულისხმობთ, ვინ გაშანტაჟებთ?

- როცა რამდენიმე მათგანმა თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ჩასაბარებლად სამსახურში მოგვაკითხა, იცით რა მითხრეს? იმდენად იყვნენ აღშფოთებულები, რომ ფანჯარას გამოხსნიდნენ და პროტესტის ნიშნად გადახტებოდნენ. ამ ადამიანებს ფსიქიატრიული შემოწმება სჭირდებათ“, - აცხადებს ნატო უსენაშვილი.

ყოფილმა ბიბლიოთეკარებმა დახმარებისათვის კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულსაც მიმართეს, მაგრამ გუბერნატორი ლევან ბეჟაშვილი ამ საქმით არ დაინტერესდა. აქციის მონაწილეები დახმარებას საქართველოს სახალხო დამცველს სთხოვენ.


ახალი ამბები