კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება „კავკასიასაც“ მიადგა

8 ივლისი, 2008

ბიზნეს-ტერორი გრძელდება

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ტელეკომპანია „კავკასიას“გადარჩენისათვის ერთადერთი გზა რჩება - საარსებო ფინანსები საკუთარ მაყურებელს სთხოვოს. სხვა არჩევანი მას ხელისუფლებამ აღარ დაუტოვა - ფინანსურ პოლიციაში დაბარებულ „კავკასიის“ პარტნიორ ბიზნესმენებს ამ ტელევიზიაში რეკლამის დაკვეთა შეაწყვეტინეს.

ამის გამო, ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს - ტელეკომპანიის გარდაუვალი გაკოტრებაა. რეკლამების შეწყვეტა „კავკასიისათვის“ მოულოდნელი არ ყოფილა. განსაკუთრებით ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ეს ტელევიზია პრაქტიკულად ერთადერთი იყო ტელე სივრცეში, რომელიც ინფორმაციას დაჩეხვის გარეშე ავრცელებდა. დღეს ბევრს საუბრობენ ამ ტელევიზიის ტენდენციურობასა და პროფესიონალიზმზე, რაც,  ალბათ, კიდევ ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ „კავკასიამ“ მაშინ ყველაზე მეტად შეასრულა ხალხის დაკვეთა - ადამიანები პირდაპირ ეთერში  ღიად საუბრობდნენ მიმდინარე მოვლენებზე, ოპოზიციას ჰქონდა ეთერი. ხელისუფლება კი იქ მისვლას, „კავკასიის“ მესვეურების თქმით,  უბრალოდ არ კადრულობდა.

ბიზნესმენების დატერორების გზით მედიაზე ზეწოლა რეგიონებშიც გახშირდა. „კავკასია“ უბრალოდ პირველი იყო, ვინც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადა. ბიზნესმენები, რომლებიც ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს, ღიად არ ჩანან. „კავკასიის“ ხელმძღვანელების, ნინო ჯანგირაშვილისა და დავით აქუბარდიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში მათი ნაწილი თანახმაა ჩრდილიდან გამოვიდეს. 

ისინი ფინანსურ პოლიციაში ივნისის ბოლოს დაიბარეს და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უბრძანეს ტელეკომპანია „კავკასიაში“ რეკლამის შეწყვეტა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კი პრობლემების შექმნით დაემუქრნენ.  ამ ე.წ. მოლაპარაკებებს მათთან ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები აწარმოებდნენ. მათი გვარები „კავკასიის“ ხელმძღვანელობამ ამ ეტაპზე, ისევ ბიზნესმენების კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, არ დაასახელა.

„კავკასიის“ ინფორმაციით, ფინანსურ პოლიციაში აქვთ ტელეკომპანია „კავკასიასთან“ თანამშრომლობაში „შემჩნეული“ კომპანიების გრძელი სია, სადაც კომპანიების გასწვრივ სხვადასხვა აღნიშვნებია გაკეთებული. ზოგი წითლად არის გადახაზული, ზოგს კი პლუსი აქვს გასწვრივ დასმული. ბიზნესმენების თქმით, ფინანსური თანამშრომლების მხრიდან ისმოდა მუქარა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას“ ფინანსური პრობლემები უნდა შეექმნას.

ფინანსთა მინისტრმა ამ ინფორმაციას, აქუბარდიას თქმით, დეზინფორმაცია უწოდა. ამავე კითხვას  -  რატომ აიძულებენ ბიზნესმენებს რეკლამის დაკვეთის შეწყვეტას, პრეზიდენტმა მხოლოდ ასე უპასუხა: ბოლო პერიოდში „კავკასია“ გაიფურჩქნა და დიდ წარმატებას აღწევსო. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

 "კავკასიის" ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დღეს ეს ტელევიზია ერთი და ორი ადამიანის კი არა, მთელი საზოგადოების საკუთრებაა, რადგან ის ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ხელისუფლებისგან არ კონტროლდება. „კავკასიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ ... ნოემბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლება მიზანში ამოღებული ტელეკომპანიის გასანადგურებლად არაფერს მოერიდება. იმას, რომ მათ ტელეკომპანია „კავკასიის“ განადგურება აქვთ გადაწყვეტილი, ხელისუფლების წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში არც მალავენ.

გვინდა მივმართოთ ყველა ადამიანს. დღეს, როგორც არასდროს ვგრძნობთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიის“ არსებობა მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის. მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ მისგან, შეწყვიტოს ბიზნესმენებზე ზეწოლა და მისცეს მათ საშუალება თავად გადაწყვიტონ, რა ჯობს მათი ბიზნესისათვის“.

ერთადერთი გამოსავალი, რომელიც „კავკასიას“ ასეთი ზეწოლის სემთხვევაში დარჩევა, მისივე მაყურებლის მხრიდან ფინანსური დახმარებაა. რა ფორმით მოხდება ეს, ჯერ ცნობილი არ არის, შესაძლოა ტელევიზიის დახმარების ფონდი შეიქმნას , სადაც ყველა მსურველი გარკვეულ თანხას ჩარიცხავს. მსურველი კი, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი იქნება და ეს „კავკასიის“ ეთერშიც არაერთხელ გაჟღერებულა. ეს სტატია ალბათ, აქ დასრულდებოდა, რომ არა ერთი სატელეფონო ზარი „ადამიანის უფლებათა ცენტრში’. ჩვენთან მოვიდა ადამიანი, ერთ-ერთი ცნობილი შპს-ს წარმომადგენლი, რომელმაც  ხელისუფლების მხრიდან კერძო მეწარმეებზე ზეწოლის სქემა დაგვიხატა. გამორიცხული არ არის, ზემოთ ნახსენებ ბიზნესმენებს ამ სქემითაც ხშირად ზღუდავენ:

 „ვთქვათ, ანგარიშზე გაქვს 12 000 ლარი. საქმე გაკეთებული გაქვს, დაკვეთა - შესრულებული. საბანკო ანგარიშზე ეს დარჩენილი  თანხა გეგულება. ერთ დღეს მიდიხარ ბანკში და აღმოაჩენ, რომ 12000 -ის ნაცვლად 4 000-ია დარჩენილი. 8 000 კი ანგარიშიდან გამქრალია... იწყებ გარკვევას ფინანსურ პოლიციაში, რა ხდება, რადგან თანხის ჩამოჭრის მოტივი - საგადასახადო დავალიანებაა. (კანონით, ამის უფლება შესაბამის სამსახურს აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს დავალინება შპს-ს რეალურად აქვს). მაგრამ როცა ეს მოტივაცია უსაფუძვლოა, ცხადია, ინტერესდები და იწყებ გარკვევას“.

ჩვენი რეპონდენტიც, რომელიც ნათელი მიზეზების გამო საკუთარ შპს-ს ვერ ასახელებს, გვიყვება, რომ დააახლოებით 40 წუთის განმავლობაში დადიოდა მათი ბუღალტერი შესაბამისი ქვითრებით და დოკუმენტებით საგადასახადოს დერეფნებში, რომ გაერკვია ამ ვირტუალური დავალიანების შესახებ.  მას გაუგებარ, ზოგად პასუხებს აძლედნენ, საბოლოოდ კი, ერთ-ერთმა „დაღლილმა ჩინოვნიკმა“ ასეთი პასუხი გასცა: ხომ იყო არჩევნები? ხოდა, გაქვთ დავალიანება, მიბრძანდით“.

ასეთი პასუხის შემდეგ ყველაფერი ნათელია. ხელისუფლება, რომელმაც ბიუჯეტი არჩევნების დროს გვარიანად დააცარიელა, სხვადასხვა ოდენობის თანხებს სწორედ ამ გზით აჭრის პირადი ანგარიშებიდან მეწარმეებს. პროტესტის ღიად გამოხატვა არავის უღირს, რადგან ამას აუცილებლად მოჰყვება რევიზია, ხოლო თუ ხელისუფლებამ მოინდომა, ისინი ნებიმიერ კომპანიას აღმოუჩენენ დარღვევებს.
ფინანსურ პოლიციაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან დონაძე აქუბარდიას განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ოფიციალურ პასუხს ისისნი მხოლოდ მას სემდეგ მიირებენ, თუ  ისინი თავადაც ოფიციალურ სტრუქტირებს მიმართავენ განცხადებით.

ახალი ამბები