05:53, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მოსე მწერალი გამგებლები

09.07.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნომერ პირველი პრობლემა სასმელი წყლით მომარაგებაა. ამას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილიც არ უარყოფს, თუმცა სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების #1 პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა. ამისათვის ბიუჯეტიდან 904 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა ბიუჯეტის 28,5% შეადგენს. ცალკეა საკრებულოს და გამგეობის საკანცელარიო ხარჯებიც, რომელიც ჯამში 23 ათას ლარს შეადგენს. ამ ხარჯის დიდი ნაწილი - 16080 ლარი საწერ ქაღალდზე მოდის, ანუ საკრებულოსა და გამგეობას წლის განმავლობაში დაახლოებით 1 მილიონი ფურცელი სჭირდება, რაც ყოველ სამუშაო დღეზე 3831 ცალ ფურცელს შეადგენს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის გამოკითხვებით, სიღნაღის რაიონის მოსახლეობა, უკვე რამდენიმე წელია რაც პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრას ითხოვს. 2007 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 596 ათასი ლარი სოფლებში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისათვის. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი ეს თანხები ქალაქ სიღნაღის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა. ქ. სიღნაღში რაიონის მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს.

სოფლებში სასმელი წყლის პრობლემას ბიუჯეტში წელსაც საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია.

განვითარებულ ქვეყნებში მიღებული სტანდარტების თანახმად, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები მთელი ბიუჯეტის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, სიღნაღში კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაცილებით მეტია.

მაგალითად, ადგილობრივი საკრებულოს წევრები წლის განმავლობაში საავტომობილო საწვავში დახარჯავენ 15 ათას ლარს, საშუალოდ ყოველდღიურად საწვავში დაიხარჯება 60 ლარი, რაც შეადგენს 400 კილომეტრ გარბენს ყოველ სამუშაო დღეზე. მსგავსი მდგომარეობაა გამგებლის ბენზინით მომარაგების კუთხითაც. გამოდის, რომ გამგებლის გადაადგილებაზე გამოყოფილი ბენზინით ყოველდღიურად შესაძლებელია საშუალოდ 400 კილომეტრის გავლა, ანუ დღეში, უხეშად რომ ვთქვათ, 6-7 საათი მანქანით მოძრაობა.

საკრებულოსა და გამგეობის წევრების მონო ბარათების შეძენისთვის 2008 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია 13 600 ლარი. ეს ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობილურ ტელეფონზე 800 საათი განუწყვეტლივ უნდა ილაპარაკოს.

"აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სამუშაო დღეებში სამსახურში პრაქტიკულად არ უნდა იყოს. შესაძლოა, ამითაც არის განპირობებული ეკონომიკური საქმიანობის და საბინაო - კომუნალური მეურნეობის შემცირებული დაფინანსება, რადგანაც მათ ამ საქმისთვის უბრალოდ არ ეცლებათ. ეს ფაქტები მეტყველებს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას, მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები ნაკლებად ადარდებს, ხოლო საკუთარი თავის ბიუჯეტის ხარჯებს ყოველდღიურად ზრდის", - აცხადებენ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში. ორგანიზაცია საბიუჯეტო პროცედურების კვლევას და ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს.

ცენტრის შეფასებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში დაუგეგმავი შემოსავლების არსებობა საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას თავისი შეხედულებებით გადაანაწილოს "დაუგეგმავი" შემოსავლები და გაზარდოს საკუთარი ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები, რაც არაერთხელ მომხდარა. კერძოდ, 2007 წლის დასაწყისში სიღნაღის მუნიციპალური ბიუჯეტიდან საკრებულოს და გამგეობის შენახვაზე დაგეგმილი იყო 1 024 900 ლარის დახარჯვა. 2007 წლის ბოლოს კი ადმინისტრაციული ხარჯების შესრულებამ 1 736 767 ლარი შეადგინა, ე.ი. წლის განმავლობაში შემოსული თანხებიდან ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები 711 867 ლარით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტში 9700 ლარით განისაზღვრა პოლიციის ხარჯი. ექსპერტი მამუკა ისკანდარაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კანონის უხეში დარღვევაა. "საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის I პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან პოლიციის ხარჯებზე 9700 ლარის გამოყოფით "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ორგანული კანონი და "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ" კანონი დაირღვა", - აღნიშნავს ისკანდარაშვილი.

- როგორც ვიცით, განახორციელეთ თელავის მუნიციპალიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის ანალიზიც. რა დარღვევები გამოვლინდა, თელავშიც დიდია ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები?

- თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯების მონიტორინგისას საყურადღებოა ოფისის, კომუნალური, ტრანსპორტის, ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა შენახვის ხარჯების შესწავლა. საგულისხმოა, რომ მუნიციპალიტეტის ჯამური დანახარჯები ქაღალდზე 9 ათას ლარს აღემატება. აქედან 8800 ლარი ქსეროქსის ქაღალდზე მოდის. ამ პირობებში მუნიციპალიტეტი მხოლოდ 10 კარტრიჯის შეძენას გეგმავს, რაც აშკარად არ ეყოფა ამდენი ქაღალდის გამოყენებას. გამოყოფილი თანხებით მუნიციპალიტეტმა ყოველდღიურად 3 ათას ცალზე მეტი ფურცელი უნდა გამოიყენოს. ცხადია, რომ ამ რაოდენობის ქაღალდს დღევანდელი მუნიციპალიტეტი უბრალოდ ვერ გადაამუშავებს. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტი ცალკე 5 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს ქსეროასლებით მომსახურებაზე".

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი 2008 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციის შენახვის ხარჯების გაზრდას იმით ხსნის, რომ "სიღნაღი ვითარდება და შესაბამისად, ხარჯებიც იზრდება".

- ბატონო ზაზა, ექსპერტების შეფასებით, ბიუჯეტის ხარჯები არ ემთხვევა მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს.

- ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არ არის ჩემი პრობლემა. სიღნაღის 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი ყოფილი გამგებლის, რამაზ ხატიაშვილის მიერ არის შემუშავებული.

- ადმინისტრაციის შენახვის ხარჯები ბიუჯეტში #1 პრიორიტეტადაა მოცემული, არადა არაერთხელ განაცხადეთ, რომ მუნიციპალიტეტის პირველი პრობლემა სასმელი წყლით მომარაგებაა. მაგალითად, სოფელ ვაქირში მოსახლეობას სასმელი წყალი აზბესტის მილებით მიეწოდება, რაც ადამიანების ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

- ასეა. ადმინისტრაციას დიდი ხარჯები გვაქვს. კი მაგრამ, თქვენ რატომ ნერვიულობთ?

-  ბატონო ზაზა, ბიუჯეტის მიხედვით ყოველდღიურად გამგეობა და საკრებულო 3831 ცალ ფურცელს მოიხმართ. რაში და როგორ ახერხებთ?

- რამდენ ფურცელს მოვიხმართ, არ მახსოვს. ალბათ გვჭირდება ამდენი და ბიუჯეტშიც იმიტომ არის გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტების გამგეობების საქმიანობას ზედამხედველობას რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია უწევს. გუბერნატორის მოადგილის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მისთვის უცნობია სიღნაღში ადმინისტრაციის ხარჯების მკვეთრი ზრდის შესახებ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC