კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხოჩაბექი - დასახლება წყლის გარეშე

10 ივლისი, 2008

გულო კოხოძე, ნინოწმინდა

ხოჩაბექი –ასე ჰქვია  დასახლებას ნინოწმინდის გარეუბანში, რომელსაც მოსახლეობა სოფელს უწოდებს და ხოჩაბექის სახელით მოიხსენიებს. ეზოში, ონკანიდან წყლის აღება ხოჩაბექელებისათვის აუხდენელი ოცნებაა. ყოველი დილა ერთნაირად იწყება, - ქალაქის ცენტრიდან, მანქანებით, ცხენებითა თუ ხელით მოსახლეობა წყალს ეზიდება.
                                       
ემა ბებოსთვის, რომელიც უკვე 75 წლისაა და ხოჩაბექის დასახლებაში ცხოვრობს ქალაქიდან წყალი მეზობლებს მოაქვთ.

,,ადამიანებს უამრავი ოცნება აქვთ, მაგრამ ჯურღმულში თუ არ ხარ ჩაგდებული, ისე სასმელ წყალს არ ინატრებ. ჩვენ ალბათ ამ ჯურღმულში ვართ დღე და ღამე რომ სასმელ წყალზე ვოცნებობთ”, - ამბობს მოხუცი და ამატებს ,,მეზობლების შეწუხებაც მეხათრება უკვე, იმდენი კი შემიძლია ეზოში გავიდე, მაგრამ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით უკვდავების წყაროზეც ვერ ჩავალ რევმატიზმებისაგან ისე მაქვს ფეხები დასიებული”, - გვითხრა მან.

ემა ბებოს მსგავსად დასახლებაში ბევრი მოხუცი პენსიონერი ცხოვრობს, რომლებსაც მადლიანი ადამიანების იმედი აქვთ.

,,ისე ვინ გაგვწირავს ერთი ჭიქა წყალი რომ არ შემოგვაწოდონ”, - ღიმილით მეუბნება 68 წლის არმენ აღაიანი.

ხოჩაბექელებს უწყლობა განსაკუთრებით ზამთარში უჭირთ.

,,როცა ყინვა მინუს 40 –მდე ადის როგორია წყლის მოტანა?”, - აქეთ გვეკითხება ადგილობრივი მანუშაკ აივაზიანი.

ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ხოჩაბექელების პრობლემა ნაცნობია. ამისათვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხაც არის გამოყოფილი.

,,პროგრამა „ნოდარისწყლის“ ფარგლებში დაგეგმილია ნინოწმინდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის წყალსადენის აღდგენა, რისთვისაც 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 27 ათასი ლარი წყალსაცავის რემონტისათვის, რომელიც ოცი წელიწადია არ შეკეთებულა. წყალსადენის ნორმალურად მუშაობისთვის, წყალსაცავის არსებობაა საჭირო.   ამიტომ ძველი წყალსაცავის გარემონტებაც გადავწყვიტეთ”, -  ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი სურენ მოსოიანი.
 
წყალსაცავის რემონტის დასრულება გამგებლის განცხადებით მალე იგეგმება.
 
,,წყალსაცავი ერთ თვეში, წყალსადენის აღდგენის პროცესი კი ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის ხოჩაბექში წყალი იქნება“, - განაცხადა სურენ მოსოიანმა.

როგორც ჩანს აქაურებისათვის ნაცნობია დაპირების დაპირებად დარჩენა.

,,ღმერთმა ქნას წყალი მოგვივიდეს, მაგრამ  . . . ” , - არ ამთავრებენ ფრაზას ხოჩაბექელები.

მაგრამ და დაუსრულებელი წინადადებები მოსახლეობის მხრიდან  გაგრძელდება მანამდე სანამ აქაურები საკუთარი თვალით ეზოებში ონკანიდან გადმოსულ წყალს არ დაინახავენ.

მანამდე კი ხოჩაბექელებს დაპირებების არ სჯერათ.
 

 

 


 

 

ახალი ამბები