კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოდური გეგმა ,,ოპტიმუს!” - ბაგა-ბაღების წინააღმდეგ

11 ივლისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის მუნიციპალიტეტი 2009 წლიდან ბაღების გამგეებს დაფინანსებას უმცირებს. რამდენიმე ბაღს გაერთიანება ემუქრება, რითაც შენობებიც გათავისუფლდება. ადგილობრივი ხელისუფლება ამ ქმედებას ,,ოპტიმიზაციას” უწოდებს და თან ბაღის გამგეებს უხსნის, რომ სიტყვა ,,ოპტიმუს” სიკეთეს, უკეთესობას ნიშნავს.

გორის საბავშვო ბაღების დირექტორები და გამგეები  დიდი ხანია მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვედრებს მიჩვეულები არიან. მათ ჯერ კიდევ მაშინ მოუხშირეს გამგეობაში სიარულს, როცა ორი წლის წინ ყოფილმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა გამგე დაითხოვა და ამ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ფიქტიური კონკურსის კვალობაზე თითქმის ყველა ბაღში ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა ახალი დირექტორი, რა თქმა უნდა ,,შენ-ჩემობის” პრიციპით დანიშნა.

მოგვიანებით, 2007 წლის სექტემბერში ახლად დანიშნულმა გუბერნატორმა ლადო გეგელაშვილმა მიხეილ ქარელის საწერ მაგიდის უჯრაში ,,შავი სია” იპოვა, სადაც ის საიდუმლო სქემა იყო აღბეჭდილი, ხელისუფლებასთან დაახლოებული პიროვნებების გვარებისა და სახელების მითითებით, რომლებიც შესაბამისად დანომრილ საბავშვო-ბაღებში „შავი გზებით“ განაწილდნენ. ეს „შავი სია“ ლადო გეგელაშვილმა კორუფციის კლასიკურ მაგალითად მონათლა და სამართლიანობის აღდგენის მოტივით ქარელისგან შერისხული ყოფილი გამგეები უკან დააბრუნა.

ამის შემდეგ გორის საკრებულოში საბავშვო ბაღების ოპტიმიზაციის საკითხზე ალაპარაკდნენ. ქალაქში რამდენიმე საბავშვო ბაღი გაერთიანდა კიდეც, სადაც შტატების შემცირება და შენობების გათავისუფლება მოჰყვა. როგორც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” შიდა ქართლის ოფისისთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ფაქტს ოპტიმიზაცია უწოდა.

სამაგიეროდ ბაღის გამგეები ასეთი ,,ოპტიმიზაციის” უკან სხვა ფარულ მიზნებს ხედავენ, კერძოდ  - კადრების შემცირებას და სარფიანი შენობების გათავისუფლებას. იმას რასაც ხელისუფლება ,,ოპტიმიზაციას” უწოდებს, საბავშვო ბაღებში ამას ,,რეპრესიებად” აფასებენ.

10 ივლისს გორის საბავშვო ბაღების გამგეები მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეკრიბეს და მათ უწყებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას ქალაქის ბაგა-ბაღები დირექტორები, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტის ფინანსური განყოფილების უფროსი ფრიდონ აფრიამაშვილი და კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ანა ჯებისაშვილი ესწრებოდნენ.

გორის პირველი ბაგა-ბაღის დირექტორი ლალი ბაიაძე აღნიშნავდა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიები მხოლოდ ხელფასებს ჰყოფნიდა და ბაღებში კვების თანხების მოზიდვაზე ფიქრისკენ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას.

მეორე ბაგა-ბაღში სახურავის პრობლემა ჰქონიათ, რომელიც ქარის დროს მთლიანად ეხდება, ხოლო წვიმის დროს წყალი ადვილად ჟონავს. გარდა ამისა, აღმოჩნდა ისეთი საბავშვო ბაღებიც, სადაც მისასვლელი გზა დანგრეულია და იქ მიღწევა ქარიან და წვიმიან ამინდში აბსოლუტურად მიუღწეველია.

მესამე ბაგა-ბაღის დირექტორმა სველ წერტილებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც აღმოჩნდა, თითქმის ყველგან სველი წერტილების პრობლემა არსებობს.

დანარჩენმა გამგეებმა ელექტროენერგიის გადასახადის რაოდენობაზე გამოთქვეს წუხილი.“ენერგო-პრო ჯორჯიას“ მითითებით, საბავშვო ბაღის დირექტორებმა საკუთარი სახსრებით უნდა იყიდონ მრიცხველი, დაამონტაჟონ და შემდეგ თავადვე გადაიხადონ გახარჯული ელენერგიის გადასახადი.

ცოტა ხანში დედაქალაქიდან, უფრო კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროდან ახლად დაბრუნებული ,,ფინგანის” გამგე ფრიდონ აფრიამაშვილი შეუერთდა ბაღის დირექტორების კრებას. მუნიციპალიტეტის ფინანსური განყოფილების უფრომა ბაღის გამგეებს იმის გამო უსაყვედურა, თუ რატომ გაანაწილეს მათმა ბუღალტრებმა მთელი სუბსიდიები მხოლოდ ხელფასებზე.

ფრიდონ აფრიამაშვილი: (ფინანსური განყოფილების უფროსი) - ,,არ იყო აუცილებელი მთელი გამოყოფილი თანხა მხოლოდ ხელფასებზე გაგენაწილებინათ. თქვენ კარგად იცით, რომ იქ შეიძლებოდა სხვადასხვა სამეურნეო ხარჯებზე გაწერა ამ თანხების. ამიტომ მიმაჩნია, რომ  თავიდანვე უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ თანხები სამართლიანად და ეფექტურად განაწილებულიყო.”

ფრიდონ აფრიამაშვილის სიტყვამ დარბაზში აღშფოთება გამოიწვია. აღმზრდელების ინტერესებს განსაკუთრებით მკვეთრად პროფკავშირების გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე დალი ედილაშვილი იცავდა. პროფკავშირების ლიდერს უსამართლოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ საბავშვო ბაღებიდან პედაგოგები მასიურად მიდიან უფასო საზაფხულო შვებულებაში.

სხვათა შორის, რამდენიმე ბაღის გამგემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილი არ არის პედაგოგმა ზაფხულის იმ პერიოდში, როდესაც იგი დატვირთული არ არის და ფაქტიურად სამუშაო არ აქვს, შვებულების ხელფასი აიღოს.

პედაგოგებისადმი ასეთ დამოკიდებულებას პროტესტი პროფკავშირების თავმჯდომარემ დალი ედილაშვილმა გამოუცხადა. ბაღების დირექტორებს ყურადღებისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ არ დაეშვათ პედაგოგების იძულებით გაშვება უფასო შვებულებაში.

საკმაოდ მწვავე დისკუსია ზაფხულის შვებულებისთვის გათვალისწინებულმა დღეების რაოდენობის განსაზღვრამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის რეკომენდაციით საბავშვო ბაღებში შვებულების დღეების რაოდენობა 24 დღით უნდა განისაზღვროს.

,,რატომ არ შეიძლება უფრო მეტ ხანს დაისვენოს პედაგოგმა ზაფხულის პერიოდში? ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა ძვირფასია ეს პერიოდში საბავშვო ბაღის პედაგოგისთვის, როდესაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მას უფლება აქვს დაისვენოს. კანონში წერია, რომ პედაგოგს შეუძლია გავიდეს შვებულებაში არანაკლებ 24 დღისა. მაინტერესებს, რაღა მაინც და მაინც ყველა მინიმალურ დღეს ვაძლევთ პედაგოგს, ხომ შეიძლება ადრე პრაქტიკაში მიღებული ვარიანტი - 36 დღე მივცეთ საშვებულებოდ პედაგოგებს?” - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ.

ამავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ გამგეობას უკვე შემუშავებული აქვს გეგმა, რომელი ბაღი რა თანხით დაფინანსდება. ფრიდონ აფრიამაშვილმა ბიუჯეტის პროექტის გაცნობაზე პედაგოგებს უარი უთხრა, თუმცა აღიარა, მიმდინარე წელთან შედარებით თანხები ოდნავ შემცირებულიაო...

სახლში წასულმა დირექტორებმა უკვე ფიქრი იმაზე დაიწყეს, თუ ვინ მოაყოლონ შემცირებაში საკუთარ ბაღში.

გორის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ტატიაშვილმა საბავშვო ბაღის გამგეებს უთხრა, რომ ,,ოპტიმიზაცია” არ ემუქრებათ, თუმცა აუხსნა, რომ თვითონ სიტყვა კარგი შინაარსის მატარებელია.
,,სიტყვა ,,ოპტიმუს” ნიშნავს სიკეთეს, ისე, რომ ჩვენ სიკეთე გვინდა თქვენთვისო...” - დაამშვიდა ნინო ტატიაშვილმა პედაგოგები.

ახალი ამბები