კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კეთილარელები მიწებისთვის იბრძვიან

11 ივლისი, 2008

 ნანა ფაჟავა, აბაშა   

აბაშის რაიონის სოფელ კეთილარის მოსახლეობა მიწის იმ ფართობებისათვის იბრძვის, რომლითაც ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. კეთილარში არსებული 175 ჰექტარამდე მიწა საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა. სოფლის მოსახლეობის ერთადერთი საარსებო წყარო - სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები უახლოეს მომავალში შესაძლოა ინვესტორების მფლობელობაში გადავიდეს.

კეთილარელები ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და ხელისუფლებისაგან მიწების პირდაპირი წესით მიყიდვას მოითხოვენ. 4 ივლისს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია სოფლის მოსახლეობამ სწორედ ამ მოთხოვნით გამართა. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, კეთილარელები დედაქალაქში თოხებით ჩასვლას და სახელმწიფო კანცელარიასთან აქციის გამართვით იმუქრებიან. 

მას შემდეგ, რაც კეთილარის მოსახლეობამ მოსალოდნელი აუქციონის ჩატარების შესახებ შეიტყო, აბაშის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა გადაწყვიტა. 200-მდე კეთილარელი გურამ გუნავას კაბინეტში მიადგა.

ზურაბ გაბუნია: „რაიონის გამგებელმა გვითხრა კეთილარის მიწებზე მეცხოველეობის კომპლექსი უნდა აშენდეს, 5 000 სული პირუტყვი ჩამოგვყავსო. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გლეხმა რა ქნას მიწას რომ წაართმევ და ოჯახს სარჩოს გარეშე რომ დაუტოვებ?! იმ ფერმებში ყველა ხომ ვერ დასაქმდება?! რის ვაი-ვაგლახით მოგვყავდა ის სიმინდი, შიმშილით ოჯახიც და საქონელიც რომ არ დაგვეხოცა. 21-ე საუკუნეშიც მიწას გუთნით რომ ვამუშავებთ, სადღაა მათი ტრაქტორები, სად გაქრა ის ტექნიკა რაიონის ცენტრში თვეობით რომ იყო ჩამწკრივებული მტრის გულის მოსაკლავად?! თუმცა გლეხ კაცს სამართალი როდის უპოვია?!“

თამილა კვირცხალია:  „როგორ, რაიონის გამგებელმა ხალხის ინტერესი არ უნდა დაიცვას, არ უნდა მოუსმინოს და პრობლემა არ გადაუჭრას?! გუნავას რომ შევჩივლეთ, გვიპასუხა: „იკმარეთ ის, რაც გაქვთ, ისედაც უკანონოდ სარგებლობდით წლების განმავლობაშიო. რაიონში საქმეებს უთქვენოდაც გადავწყვეტთო, წლევანდელი მოსავალი აიღეთ და ადრე რაც ისარგებლეთ მშვიდობაში მოგახმაროთო“. ამათ მხოლოდ არჩევნებამდე ვახსოვდით. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოფელს ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაც წაართვეს, მანამდე საზეიმოდ რომ გადასცეს“.

კეთილარის 450-მდე ოჯახი, როგორც მთელ საქართველოში, სოფელში არსებული მიწებით საბჭოური დროიდან სარგებლობდა ისე, რომ გადასახადს არც არავინ სთხოვდა. ადრეულ წლებში პრივატიზებული და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები ამ სოფელში ძალიან ცოტაა, მაგრამ კეთილარელებს კარგად ახსოვთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებული პირობა, რომლის მიხედვითაც 5 ჰექტარამდე მიწის მფლობელი გლეხი გადასახადს აღარ გადაიხდიდა. გლეხები კი ახლა უკვე დარწმუნდნენ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის მოცემული პირობა მხოლოდ ტელესივრცეში დარჩა.

მიწების უკანონო მფლობელობაზე საუბრობს რაიონის გამგებელიც. კეთილარელების პრეტენზიებს იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს და მოსახლეობას ურჩევს, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღოს.

გურამ გუნავა: „მიწის პრივატიზების საკითხს მხოლოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წყვეტს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მიწის გადასახადსაც არავინ იხდიდა. ახლა კი, რაიონში მეცხოველეობის განვითარებით უკრაინაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დაინტერესდა. აშენდება მეცხოველეობის კომპლექსი, რძისა და ხორცის კომბინატები, დასაქმდება ადგილობრივი მუშა-ხელი. ჩვენი მიზანია აბაშაში მეცხოველეობის ტრადიციული დარგი აღორძინდეს“.

რაიონის გამგებლისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, რომან ბჟალავას მისამართით უკმაყოფილებას კეთილარელები ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზეც გამოთქვამდნენ.

თემურ ნიკურაძე: „რომან ბჟალავამ თქვენთვის არ მცალია, გულზე ქირურგიული ოპერაცია მაქვს გასაკეთებელიო. მოსყიდვით იყო თუ გაყალბებით, მაინც გახდა დეპუტატი. საქმის კეთება თუ არა ხალხის მოსმენა მაინც ხომ უნდა შეეძლოს?! გურამ გუნავამ ისიც კი მაკადრა: „შენ მიწა რაღად გინდა, შენს ფართობებზე სარეველები ხარობსო“. მოვიდეს ნახოს, როგორი მოვლილი ყანები მაქვს, თუ ერთ სარეველას იპოვის, ორივე ხელი მომაჭრას. გუნავა აბაშის რაიკომის მდივანი იყო და ახლაც საბჭოთა კომუნისტივით აზროვნებს, გლეხის სატკივარს არად დაგიდევს“.

სამხარეო ადმინისტრაციასთან კეთილარელები გუბერნატორთან შეხვედრასაც მოითხოვდნენ, მაგრამ მის ნაცლად მათ ზაზა გოროზიას პირველი მოადგილე, ალექსანდრე ახვლედიანი შეხვდა. კეთილარის მოსახლეობას პირობა მანაც მისცა.

ალექსანდრე ახვლედიანი: „საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მიწები უსასყიდლოდ გასხვისდეს. ამჟამად გლეხების სარგებლობაში არსებული 75 ჰექტარი მიწის ფართობი საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი. გასაგებია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ღია აუქციონში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს, ვინაიდან მიწის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება. ამიტომაც, შესაბამის სამსახურებთან ერთად მაქსიმალურად შევეცდებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას. შესაძლოა სპეცაუქციონიც ჩატარდეს. ყველა შემთხვევაში კეთილარელები მიწის გარეშე არ დარჩებიან. ეს საკითხი ახლა განხილვის სტადიაშია და იმ პირობაზე, რომელიც ხალხს მივეცი, პასუხისმგებელი ვარ“.

მშობლიურ სოფელში იმედიანად დაბრუნებულ მოსახლეობას მეზობელ სოფლებთან, კვათანართან, ეწერთან და გულეკართან ერთად სხვა პრობლემაც ხვდება - ნაპირსამაგრების არარსებობის გამო ჯერ კიდევ მათ მფლობელობაში არსებული ყანები ადიდებულ მდინარე რიონს მიაქვს. თუმცა, როგორც აბაშელები ამბობენ, რა მნიშვნელობა აქვს, მათ მიწებს წყალი წალეკავს თუ ინვესტორი.

ახალი ამბები