20:41, Sunday, 29.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაუშვებს თუ არა მერია, რომ თბილისის ცენტრში კიდევ ერთი უსახური შენობა აშენდეს?

11.07.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეში მდებარე შენობის დანგრევა უკვე დაიწყო. ახალი შენობის პროექტი დამტკიცებული ჯერ არ არის. როგორც ირკვევა, ეს შენობა იმდენად მყარია, რომ მისი დანგრევა მუშებს საკმაოდ უჭირთ. თუმცა მერიის და მფლობელის მტკიცებით, ამ შენობას აღარაფერი ეშველებოდა...

ლეონიძის 2 ნომერში მდებარე შენობის სრული დემონტაჟი იწყება. კომპანია „რედიქსის“ კუთვნილი შენობის დანგრევას ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში „თბილისის ჰამქარი“ აპროტესტებადა. ორგანიზაციის წარმოამდგენელი ალეკო ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს ისტორიული შენობაა და მისი დანგრევა მაღალჩინოსნების ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტეს.

შენობის მფლობელი დეველოპერული კომპანია „რედიქსია“, რომლის გენერალური დირექტორი ლადო პაპაშვილია, საპროექტო ორგანიზაცია - შპს „ლებო“, სადაც გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია მოღვაწეობს., ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია „არქსტუდია პ მ“ გივი თარგამაძეს ძმას, ზაზა თარგამაძეს ეკუთვნის. მრავალფუნქციური საოფისე შენობის დაწყების და დასრულების თარიღი 2008-2010 წლებია.

ალეკო ელისაშვილი ამტკიცებდა, რომ ეს შენობა ისტორიული ძეგლი იყო. ხოლო როდესაც მისი დანგრევა გადაწყვიტეს, ისტორიული ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამ საკითხზე ვერც ძველი თბილისის  გამგეობა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თანხმდებიან. ძველი თბილისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნინო კორძახიას მტკიცებით, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან 2007 წლის ოქტომბერში ამოიღეს. ანუ შარშან, როდესაც მისი დანგრევა პირველად განიხილეს. მოგეხსენებათ, კულტურული ძეგლის დანგრევა კანონით იკრძალება.

ხოლო სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ეს შენობა ისტორიული ძეგლი არასდროს ყოფილა. ის მხოლოდ ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი იყო. ეს არის წინა ეტაპი, რომლის შემდგომაც შენობა ან იქცევა ძეგლად ან არ იქცევა. თუმცა ის მკაცრი დაცვის ზონაში მდებარეობს. ეს ფაქტი კი კანონის მიერ მის დაცვას მაინც ითვალისწინებს. შენობის დანგრევა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის დასაშვები, თუ მისი რეაბილიტაცია საერთოდ შეუძლებელია.

საკამათოა ამ შენობის დანგრევა-არდანგრევის აუცილებლობაც. როგორც კომპანია „რედიქსი“, ასევე  თბილისის მერია ირწმუნებიან, რომ ამ შენობის დანგრევა გარდაუვალია (აღსანიშნავია, რომ მერია ამას კომპანიის ექსპერტების ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს).

მეორე მხრივ, ძველი თბილისის გამგეობა და სამინისტრო ერთხმად აპროტესტებენ ლეონიძის 2 ნომერში მდებარე შენობის დანგრევას.
ძველი თბილისის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ნინო კორძახია: „ძველი თბილისის რაიონში შენობის 80 პროცენტი ავარიულ მდგომარეობაშია. პირადად არქიტექტორი  და რესტავრატორი ვარ. ასე რომ ვიცი, 21-ე საუკუნეში ნებისმიერი შენობის გადარჩენისთვის უამრავი ტექნოლოგია და ხერხი არსებობს. მისი გადარჩენა შესაძლებელი იყო. ბევრად უფრო მძიმე შენობებია, მაგრამ მათი დანგრევა არავის დაუგეგმავს”.

არქიტექტორი გოგა ბათიაშვილი ამბობს, რომ ამ შენობის რეაბილიტაციაც იყო შესაძლებელი. ის ხაზს უსვამს იმას, რომ ეს მისი პირადი აზრია, რადგან ასეთ საკითხებზე საუბარი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის გარეშე შეუძლებელია. 

„ამ საკითხს ძალიან მარტივად გადავწყვეტდი. ხომ ხედავთ როგორი მდგრადია ეს შენობა, ანგრევენ და ვერ დაანგრიეს. თუმცა შიგნიდან დამპალია. ეს შენობა იმ წლებშია აშენებული, როდესაც სართულებს შორის ხეს ხმარობდნენ. თან კანალიზაცია წვეთავდა და არავის აინტერესებდა. შიგნიდან შუშის კოლოფი უნდა აშენებულიყო. ანუ ეს შიგნითა შენობა გარეთას გაამაგრებდა. ასე უფრო იაფიც გამოვიდოდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ თქვა აიღეთო და აიღეს...“

სადავო შენობის ახალი პროექტი ჯერაც არ დამტკიცებულა, დემონტაჟი კი უკვე დაიწყო. ექსპერტები შიშობენ, რომ ძველი თბილისისთვის მნიშვნელოვან და თვალსაჩინო ადგილას მდებარე შენობა დაკარგავს თავის სილამაზეს, რაც ძველი თბილისის საერთო იერსახეს დაეტყობა.

კომპანია „რედიქსი“ ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ „ლეონიძისა და ტაბიძის კუთხეში აშენდება ძველი შენობის ზუსტი ასლი, დანიშნულებით – „A  კლასის ბიზნესცენტრი“.
როგორც თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსი მიხეილ ავალიანი ამბობს, მერია ქალაქის დამახინჯების უფლებას არავის მისცემს.

„არსებულ პროექტზე ვერ შევთანხმდით, ამიტომ 15 დღიანი ვადა მივეცით. არ დავუშვებთ, რომ ძველი თბილისის გამგეობაზე, რომელიც ამ შენობის გვერდით მდებარეობს, მაღალი იყოს, რადგან ეს საერთო ხედს დაამახინჯებს. თუ მათ მიერ შემოთავაზებული პროექტი არ მოგვეწონება და შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში ჩამოვართმევთ ამ  მიწის ნაკვეთს და სხვას მივყიდით. აღსანიშნავია, რომ მათი მხრიდან დაინტერსება არსებობს.  თუ შეძლებენ, რომ შიგნიდან მანსარდა გაუკეთონ, კარგი იქნება მათთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, გარედან 4 სართული უნდა იყოს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ისეთივე უსახური შენობა აშენდეს, როგორიც სასტუმრო „მარიოტია“. არც იმას დავუშვებთ, რომ თავისუფლებაზე ნანგრევები იყოს. დაახლოებით 1 თვეში, ან თვენახევარში სრული დემონტაჟი უნდა მოხდეს“.

აღსანიშნავია, რომ სართულების რაოდენობა ბოლო დროს გამოკრულ აბრაზე ერთით ნაკლებია, ვიდრე 1 თვისწინანდელ აბრაზე.

გიგა ბათიაშვილის თქმით, ამდენი უთანხმოება არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ ხელმძღვანელობას ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა ექნებოდა.

„ამ დოკუმენტის გარეშე ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ ქალაქის ღირებულებების შენარჩუნებაზე ზრუნვა დიდი ორკესტრისა და დირიჟორის მდგომარეობას ემსგავსება, რომლებმაც ნაწარმოები პარტიტურის გარეშე უნდა შეასრულონ. მიუხედავად იმისა, რომ ორქესტრი საუკეთესო შემსრულებლებით არის დაკომპლექტებული, ეს მიზიდულობა იკარგება. მუხლებზე დავუდგები მე, არქიტექტორი, ქალაქის იმ ხელმძღვანელს, რომელიც სურვილს გამოიჩენს და ამ დოკუმენტის მიხედვით თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად განახორციელებს“.

არქიტექტორის აზრით, გეგმა დღემდე იმიტომ არ შეიქმნა, რომ გეგმიურ მოქმედებებს მოითხოვს. ძველი თბილისის მონაკვეთი სახელმწიფო დაცვის ზონაა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომლებზეც გიგა ბათიაშვილი თავად მუშაობდა, ამ საზღვრებზე რეჟიმი დადგინდა. ყველა ცელკეულ უბანზე ინდივიდუალური რეჟიმი დადგინდა.

„ეს იმისთვის შეიქმნა, რომ ყველა კარის ერთი გასაღებით გაღების მცდელობა არ ყოფილიყო. მაგალითად კალაუბნის რეჟიმი სოლოლაკის რეჟიმისგან განსხვავდება და ა.შ. ეს რეჟიმი ითვალისწინებს ძირითადი მხატვრულ-ისტორიული ღირებულებების და ლანდშაფტის ღირებელებების ხელშეუხებლობას“.

არქიტექტორის თქმით, დღეს არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ქალაქმა თავისი მიმზიდველობა და ხიბლი დაკარგოს. ამის ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. შენობების აშენებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ვიზუალური მხარე, არამედ ისიც, სივრცეში როგორ იქნება წარმოდგენილი, რას გააკეთებს სივრცისთვის.

ჩვენი ინფორმაციით, ძველი თბილისის იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში ჩართვასთან დაკავშირებით ამჟამად იუნესკოსთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ურბანისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი გია შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ბევრი ის მოთხოვნა, რომელსაც იუნესკო ძეგლს უყენებს იმისთვის, რომ  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანოს, ვერ იქნა დაკმაყოფილებული.

კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის მაკა შავიშვილის  თქმით, ამ პროცესს საფრთხეს ის ყველაფერი უქმნის, რაც თბილისში მიმდინარეობს.

იუნესკოს ძეგლთა სიაში შესვლის შემთხვევაში, ასეთი სპონტანური მოქმედებები შესაძლებელი აღარ იქნება. ნინო კორძახიას მიაჩნია, რომ ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ამ სიაში შესვლის დაინტერესება მაინცდამაინც არ არის.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC