18:57, Tuesday, 31.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რეგიონული ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურებმა მუშაობა შეწყვიტეს

16.07.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთში მოქმედი ტელეკომპანიებიდან თელავის და გურჯაანის ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურებმა მუშაობა შეწყვიტეს. თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნატო მეგუთნიშვილის განცხადებით, საინფორმაციო სამსახური მუშაობას, სავარაუდოდ, პირველი სექტემბრიდან განაახლებს. ამავე რიცხვში გეგმავს საინფორმაციო სამსახურის ამუშავებას ტელეკომპანია „გურჯაანის“ ხელმძღვანელობაც. მანამდე ტელეკომპანიების კორესპონდენტები იძულებით, უხელფასო შვებულებებში გაუშვეს.

თელავის ტელევიზიის ეთერით საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“ ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, დილის 10, საღამოს 20:30 და 22 საათზე გადიოდა. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს „თანამგზავრის“ კორესპონდენტები ამზადებდნენ და გადაცემა ძირითადად თელავის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ამბებს აშუქებდა. „მაცნე“ ეთერში პირველი ივლისიდან აღარ გადის. როგორც „თანამგზავრის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნატო მეგუთნიშვილი აცხადებს, საინფორმაციო სამსახურის მუშაობის დროებით შეწყვეტა ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია. „გასულ წლებშიც ვისვენებდით ხოლმე ივლისსა და აგვისტოში, მაგრამ წელს, საინფორმაციო სამსახურის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი ძირითადად ინფორმაციის დეფიციტი გახდა. ზაფხულია და თანამდებობის პირები შვებულებაში გავიდნენ, შესაბამისად პრესკონფერენციებსაც თითქმის აღარავინ აწყობს. ამასთან ერთად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა უწყებაში უარს ამბობენ კომენტარის გაკეთებაზე, რის გამოც ისედაც მწირი ადამიანური რესურსებით ძალიან გვიჭირდა საინფორმაციო გამოშვების მომზადება“, - ამბობს ნატო მეგუთნიშვილი. მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახური მუშაობას სავარაუდოდ პირველი სექტემბრიდან განაახლებს.

მანამდე „თანამგზავრის“ კორესპონდენტები უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას მათთან შრომითი ურთიერთობის თაობაზე არანაირი დოკუმენტი არ აქვს გაფორმებული და ხელმძღვანელობის მოთხოვნით, ივლისსა და აგვისტოში ისინი იძულებით გავიდნენ შვებულებაში. არადა, საქართველოს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად კი, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მიუხედავად კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა, თელავის ტელეკომპანიის ჟურნალისტები ხელმძღვანელების მიმართ პრეტენზიას არ გამოთქვამენ.

საინფორმაციო გამოშვებების ჩვენება 11 ივლისს შეწყვიტა გურჯაანის ტელევიზიამ, რომელიც კახეთის რამდენიმე რაიონში მაუწყებლობს. ტელეკომპანია „გურჯაანის“ ჟურნალისტები საინფორმაციო გადაცემას ყოველდღიურად ამზადებდნენ და ის ეთერში, დღეში ერთხელ, 22 საათზე გადიოდა. ტელეკომპანია „გურჯაანის“ დირექტორის, თამარ აბელაშვილის ცნობით, საინფორმაციო გამოშვება ეთერში შემოდგომიდან გავა, თუმცა არ არის გამორიცხული, საინფორმაციო სამსახურმა მუშაობა პირველ სექტემბრამდეც განაახლოს. „თანამგზავრის“ მსგავსად, გურჯაანის ტელევიზიის ჟურნალისტებიც შვებულებაში იმყოფებიან.

რეგიონული ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების მუშაობის შეწყვეტას დამოუკიდებელი ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.

ია ანთაძე, ჟურნალისტი, სამოქალაქო განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი: „მე ვფიქრობ, რომ როდესაც ტელეკომპანია წყვეტს საინფორმაციო გადაცემების მომზადებას და ჩვენებას, მას კარგად არ ესმის რა არის მისი მისია. ტელეკომპანიის თუ ნებისმიერი მედიასაშუალების ფუნქცია არის ის, რომ ადამიანებს მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ, მიუხედავად იმისა, ზაფხულია, ზამთარია, ცხელა თუ ცივა. დასვენება და ინფორმაციის ნაკლებობა არ შეიძლება იყოს საინფორმაციო სამსახურების მუშაობის შეწყვეტის მიზეზი“.

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: „ეს შემაშფოთებელი ფაქტია. საბოლოოდ საზოგადოება ინფორმაციის მიმართ ინერტული გახდება. ტელევიზიებში საინფორმაციო სამსახურები მუშაობას არ წყვეტენ ხოლმე და ასეთი რამ არც შეიძლება მოხდეს“.

რომან ქევხიშვილი, რადიო „ჰერეთის“ კორესპონდენტი თელავში: „კახეთში სიუჟეტის ან რეპორტაჟის მოსამზადებლად საჭირო ინფორმაციის მოპოვება, პრობლემა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებთან კომენტარებს არ აკეთებენ, ეს მიუღებელია, მაგრამ არ უნდა გახდეს საინფორმაციო სამსახურების მუშაობის შეწყვეტის მიზეზი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ადგილობრივ ტელეკომპანიებს თუ რეალურად აქვთ საინფორმაციო პრობლემები, ეს იმით არის გამოწვეული, რომ ხელისუფლებასთან კეთილგანწყობის თუ საბიუჯეტო დაფინანსების გამო, ისინი მწვავე თემებზე სიუჟეტების მომზადებას ერიდებიან ან საერთოდ უარს ამბობენ. რადიო `ჰერეთს~ ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვს“.

ფიქრია ჩიხრაძე, პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი: „ბოლო დროს საკმაოდ საგანგაშო ტენდენციაა. რომელი მედიასაშულებებიც ადვილად ექვემდებარებიან ხელისუფლების კონტროლს, მათ ყოველთვის აქვთ რაღაც მიზეზები. ძალიან სამწუხაროა, რომ ინფორმაციის სიმწირეზეა ლაპარაკი, იმდენი მწვავე პრობლემაა კახეთის რეგიონში. არჩევნების შემდგომ პერიოდში საინფორმაციო საშუალებებს უამრავი სამუშაო ექნებოდათ, მოვლენებს ობიექტურად რომ აშუქებდნენ. როცა ამის სურვილი ან შესაძლებლობა არ არის, შეიძლება ილაპარაკო ინფორმაციის ნაკლებობაზე და სიმწირეზე, რადგანაც პოზიტიური ინფორმაცია ნამდვილად ცოტაა“.

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC