კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამცხე-ჯავახეთში ამბულატორიებს აწესრიგებენ

21 ივლისი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

,,ამბულატორია ყველა სოფელში”, - ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო   დაპირება ჯერ შესრულების პროცესშია,  რომელსაც პრობლემები და გაურკვევლობები ახლავს თან. საბჭოურ პერიოდში თითქმის ყველა სოფელში ამბულატორია იყო, სადაც ექიმებს არა მარტო პირველადი დახმარების სრულფასოვნად გაწევა, არამედ მშობიარეების მიღებაც შეეძლოთ.

შემორჩენილი შენობები ახლა ნახევრად დაშლილია, ზოგან კი მთლიანად არის განადგურებული. სამედიცინო ინვენტარი: სკალპელი, პინცეტი, შპრიცები, დანები, ფერად –ფერადი პლატაკები ჰიპოკრატეს ფიცით, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი მოთხოვნის წარწერით სოფლის ბავშვებმა გაზიდეს და სათამაშოდ გამოიყენეს.

,,იმ დროს ყველა ექიმობანას ვთამაშობდით”, - ღიმილით იხსენებს სოფელ აწყურის მკვიდრი ლია გოგოლაძე.

სოფლის ექიმებმა კი ავადმყოფებთან ოჯახებში სიარული დაიწყეს და ჰიპოკრატეს ფიცს არ უღალატეს.

2008 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება #62 -  სოფლის ექიმის კერძო პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე.

პროგრამა ითვალისწინებს სოფლის ამბულატორიების მოწესრიგებას და მის აღჭურვას საოფისე ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით. 

ამბულატორიების მოწესრიგება შეკეთებასა და კოსმეტიკურ რემონტს გულისხმობს. თითოეული ამბულატორიისთვის საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან 2000 ლარი გამოიყო.

ამბულატორიებში სოფლის ექიმი იმუშავებს. სამცხე-ჯავახეთში სოფლის ექიმისთვის შესაბამისი ლიცენზია 57 ექიმს აღმოაჩნდა.

57 სოფლის ექიმიდან ახალციხის მუნიციპალიტეტზე, სადაც 49 სოფელია, 16 ექიმი მოდის, ანუ რამდენიმე სოფელს ერთი ექიმი ემსახურება.

16 ამბულატორიიდან რამდენიმე შეკეთდა. მათ შორისაა  სოფელ ურავლის ამბულატორია.

„ამბულატორია 1955 წელსაა აშენებული. შენობა ავარიულია. 2000 ლარით ახალს ვერ ავაშენებდით. სახურავი და კიბე შევაკეთეთ და კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ“, - ამბობს სოფელ ურავლის უბნის ექიმი მაგული იველაშვილი.

უბნის ექიმებს თანხა პირად ანგარიშზე დაერიცხათ. ზოგს ჩარიცხული თანხა ჯერ მთლიანად არ აუთვისებია.

არიან ისეთებიც, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო თანხის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

სოფელ მინაძის უბნის ექიმი მარგარიტა ბალახაშვილი ამბობს, რომ თანხის ათვისება არ დაუწყია, რადგან „რაღაც ნიუანსებია გასარკვევი“. იგი ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის ექიმებზე საუბრობს, რომლებიც პარალელურად სოფლის ექიმებად მუშაობენ. ასეთი ამბულატორიები კი პოლიკლინიკის დაქვემდებარებაშია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვაჟა ჩიტაშვილი აცხადებს, რომ საკითხი გარკვეულია. პოლიკლინიკის ექიმებს, რომლებიც პარალელურად სოფლის უბნის ექიმებად მუშაობენ, შეუძლიათ თანხა იგივენაირად აითვისონ, როგორც დამოუკიდებელი ამბულატორიების ექიმებმა.

ზოგიერთ სოფელში ამბულატორიის შენობის პრობლემა დგას. სოფელ ანის ექიმმა გულიკო თათეშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, სად განთავსდება ამბულატორია, რომელიც ოთხ სოფელს (ანი, წყრუთი, წირა, ელიაწმინდა) ემსახურება. შენობა, რომელშიც ამჟამად სამედიცინო უბანია განთავსებული, ავარიულია. გამაგრებას 2000 ლარი არ ეყოფა.

„ალბათ, სამინისტროდან მოგვცემენ დირექტივას“, - ამბობს იგი.

მუნიციპალიტეტის გამგებელი კი ასეთ შემთხვევებში სოფლის ექიმების წინადადებებს ელოდება: „შეუძლიათ თავად შემოგვთავაზონ, სად შეიძლება განთავსდეს ამბულატორია, საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ დავეხმარებით“.

არის კიდევ ერთი გარემოება. ზოგიერთი ამბულატორია ახალი შეკეთებულია, შესაბამისად, რემონტი არ სჭირდება. ასეთი უბნის ექიმების აზრით, ჩნდება საფრთხე, რომ თანხა უკან გაითხოვონ, როცა შეიძლება ის სხვა დანიშნულებით გამოიყენონ. 

სოფელ კლდის უბნის ექიმი ნუნუ ლაბაძე ამბობს, რომ კლდეში ამბულატორია გარემონტებულია. მას სურს 2000 ლარი ამბულატორიის კომუნალური ხარჯებისთვის (მაგ. შეშა, ღუმელი და ა.შ.) გამოიყენოს, მაგრამ ჯერ არ იცის, აქვს თუ არა ამის უფლება: „გამგეობაში მითხრეს, რომ მათ მითითებას უნდა დაველოდო“.

ვაჟა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი - შეიძლება თუ არა მიღებული თანხის კომუნალური ხარჯებისთვის გამოყენება, შესაბამის სამინისტროში უნდა გაირკვეს: „ამისათვის შეუძლიათ ან მე დამიკავშირდნენ ან სამინისტროს წარმომადგენელს დათო მაისურაძეს. თუმცა, გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ამ თანხით ტაქსებით ვერ ივლიან, როგორც ერთმა ექიმმა განაცხადა“.

მისივე თქმით, არავითარ შემთვევაში არ მოხდება თანხის უკან წაღება სამინისტროს მიერ: „თუ ამბულატორია გარემონტებულია, სავარაუდოდ, ამ თანხით ექიმებს დამატებითი სამედიცინო ინვენტარის შეძენის უფლება მიეცემათ“.

რაც შეეხება საოფისე ავეჯს, თუ სამედიცინო ინვენტარს, ისინი მუნიციპალიტეტის გამგეობაშია. ექიმები გამგეობიდან ინვენტარის გამოთხოვას მას შემდეგ აპირებენ, რაც ამბულატორიებს მოაწესრიგებენ.

 

ახალი ამბები