კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ არღვევს ბავშვთა უფლებებს?

22 ივლისი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი-2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში  სიუჟეტი გავიდა, რომელშიც არასრულწლოვნებს პროსტიტუციაში საჯაროდ, ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების თანდასწრებით ამხელდნენ. საზოგადოება ზოგადად ფაქტით, უფრო მეტად კი, ამ ფაქტის დეტალების გამხმაურებლების მისამართით აღშფოთდა. 13-15 წლის გოგონების ცხოვრების „სამარცხვინო ეპიზოდები“ სააშკარაოზე  ბავშვთა უფლებების დამცველი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებმა გამოიტანეს. მოგვიანებით კი, ამ ყველაფერს შემდეგნაირი ახსნა მოუძებნეს.

„მართლა შეწუხებული ვარ იმის გამო, რომ მოვლენები ასე ცუდად წარიმართა. ჩვენ ამ ბავშვების მშობლებმა არაერთხელ მოგვმართეს და დახმარება გვთხოვეს. 13 წლის გოგონას ბებია თითქმის ყოველდღე მოდიოდა და გვემუდარებოდა, ბავშვს სახლში ვეღარ ვაჩერებ, როდის გადის და შემოდის, ვერ ვაკონტროლებ, იქნებ დამეხმაროთო. ბავშვი პრაქტიკულად 24 საათს ქუჩაში ატარებს. ამ დროს ადამიანს რა გული მოგითმენს, შესაბამისი ზომები არ მიიღო. ჩვენ ამ გოგოს ვეძებდით ქალაქის ცენტრალურ ბაღში, როცა ტელევიზიები მოვიდნენ. იქ ეს ამბავი და ამ ბავშვების პროსტიტუციაში მხილება სპონტანურად მოხდა. მოგვიანებით კი, ისე გამოვიდა, რომ ეს იყო სპეციალურად დადგმული“, - აცხადებს ბავშვთა უფლებების დაცვის ქუთაისის საქალაქო სამსახურის უფროსი მაგული გიორგაძე.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვნები პროსტიტუციაში დიდი ხანია ჩართული არიან. „არც მე მინდა ასე რომ ვცხოვრობდე, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ვიცი, ცუდ რამეს რომ ჩავდივარ. ამას მარტო მე არ ვაკეთებ“,- მოკლედ განმარტავს ამ ამბის ერთ-ერთი „მთავარი გმირი.“ იგი ფეხმძიმეა და სასწრაფოდ მკურნალობასაც საჭიროებს.

„ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მიღებაზე ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულება უარს ამბობს. გუშინ გვყავდა და დაუდგინეს, რომ ამ ბავშვს ფსიქიკა შერყეული აქვს. აშკარად არ არის კარგად. ამას ისიც ემატება, რომ შიდსზეც ავიღეთ ანალიზი და ახლა პასუხს ველოდებით. რა იქნება, არავინ იცის. ძნელია შორიდან, საქმეში ძირეულად გარკვევის გარეშე ამ საკითხის გამო ვინმეს განსჯა. ისე გამოვიდა, რომ მე და ჩემი სამსახური ამ ბავშვების მტრები ვართ. არადა, ღმერთმა იცის, რამდენი მსგავსი და უარესი ვითარებიდან დაგვიხსნია სხვადასხვა დროს არასრულწლოვნები. ჩვენ ამჯერადაც დახმარება გვინდა და ეს საზოგადოებამ ვერ გაიგო“,- ამბობს გიორგაძე.

„სხვანაირად როგორ უნდა გაგვეგო და აღგვექვა ფაქტი, როცა ის სამსახური, რომელიც პირიქით, უნდა იცავდეს ბავშვთა უფლებებს, სახალხოდ შეურაცხყოფს არასრულწლოვნებს. რა მნიშვნელობა აქვს პროსტიტუციაში არიან ისინი ჩართული თუ სხვა საქმეში. ჩვენი ქვეყანა 1999 წელს გაეროს ბავშვთა კონვენციას შეუერთდა, სადაც გასაგებადაა დაფიქსირებული, რომ ყველა ბავშვს აქვს პირადი ღირსება და არავის აქვს უფლება შელახოს იგი. ვინც ნახა ეს სიუჟეტი, დამეთანხმება, რომ ეს იყო საშინელება. გარდა იმისა, რომ ამ ბავშვების საქციელი სააშკარაოზე გამოიტანეს, ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს მათ. არამგონია, ეს ფაქტი ვინმემ გაამართლოს. ამას გამართლება უბრალოდ, არა აქვს“, - ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვებისა და პრევენციის სამსახურის სოციალური მუშაკი ნანა იდაძე.

რაც შეეხება ბავშვთა უფლებების დაცვის ქუთაისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, შესაძლოა, მათი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.


ახალი ამბები