კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ,,სამხეცე“ მოუწყვეს

23 ივლისი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მამუკა ტყემალაძეს პრემიერა ,,ერთხელ სამხეცეში“ ძვირად დაუჯდა. სპექტაკლი შინაარსობრივად პრეზიდენტის რწმუნებულის კარზე დაარსებული ,,მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაზეც კი გაირჩა. საბჭოს წევრების უმრავლესობამ, რომელსაც სპექტაკლი ნანახიც კი არ ჰქონდათ, სპექტაკლი დაიწუნა. ცოტა ხანში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის განყოფილებაში დაიბარეს და განთავისუფლების თაობაზე განცხადების დაწერა კატეგორიულად მოსთხოვეს.

მამუკა ტყემალაძეს 5 თვის განმავლობაში გორის თეატრში კაბინეტიც კი არ ჰქონდა. ერთ დღეს თბილისიდან რეჟისორი თემურ ჩხეიძე მამუკა ტყემალაძის სანახავად როდესაც ჩავიდა, დიდი მსახიობი ,,მმართველებმა" ფოიეში ალოდინეს. გარდა ამისა, თეატრის ტექნიკური რეჟისორის, გიორგი საურის თქმით, როდესაც დარბაზში რეპეტიციას მამუკა ტყემალაძე მართავდა, თეატრის მმართველი და მისი მომხრე მსახიობების ჯგუფი ხმაურით და ჩხუბით რეპეტიციას ხელს უშლიდნენ.

მამუკა ტყემალაძე: ,,კულტურის განყოფილების უფროსი ზურაბ ჩხეიძე  მეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილია სამხატვრო ხელმძღვანელის შტატის გაუქმება და რეორგანიზაციის მიზნით საჭირო იყო განცხადების დაწერა, რაც არ გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემი დასის შემოქმედებით და ტექნიკურ პერსონალს მიადგნენ. თეატრის მმართველმა ჩემთან კონსულტაციების გარეშე საკადრო ცვლილებები მოახდინა, რაც კანონის დარღვევაა".

თეატრის მმართველი ილია თოდაძეა. მას 18 ივლისს დავუკავშირდით და გვითხრა, სამ დღეში  თეატრიდან მეც ვაპირებ წასვლასო. თოდაძე და ტყემალაძე ყოფილმა გუბერნატორმა ლადო გეგელაშვილმა ერთად მიიყვანა თეატრში. მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტიდან ლადო გეგელაშვილი წავიდა, თეატრშიც სიტუაცია აიწეწა. ახალი გუბერნატორის მოთხოვნით, ,,მრჩეველთა საბჭოს" თეატრის ახალი მმართველის ვინაობაზე უნდა ეზრუნა.

ილია თოდაძემ 2008 წლის 18 ივლისს გორის თეატრის შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალის 14 თანამშრომელი დაითხოვა. მათ მაგიერ კი ახლებს გაუფორმა ხელშეკრულებები. ამის მიზეზს თოდაძე იმით ხსნის, რომ ძველებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, გარდა ამისა, ბევრი ზედმეტი შტატი მოვიცილეო.

განთავისუფლებული პერსონალი კი აცხადებს, რომ თუკი თოდაძეს შტატების შემცირება უნდა, გათავისუფლებულის ნაცვლად ახლები  რატომ მიიღო?

ილია თოდაძე: (თეატრის მმართველი) - ,,დიახ, 14 კაცი გავუშვი თეატრიდან, ეს იმიტომ, რომ ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ და აღარ გავუგრძელე. თეატრში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და ამ რეფორმის შედეგად ბევრი ზედმეტი შტატი გავაუქმე.

- როგორც ვიცით, თქვენ დიდი ხანია თეატრიდან წახვედით და უკან რატომ დაბრუნდით? შტატები როგორ  შეამცირეთ, როცა მათ ადგილზე  სხვა პიროვნებები მიიყვანეთ?

- მე სამ დღეში ისედაც მივდივარ და დამატებითი დეტალები აღარ მაინტერესებს.

თეატრიდან ,,გაქცეული" მმართველი ილია თოდაძე ერთი თვის წინ თეატრში უკან მიატრიალეს, რათა დიდი ,,რეორგანიზაცია" გაეჩაღებინა. თეატრში ორხელისუფლებიანობის ,,დამხობის" იდეაც გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უნდა გაერთიანებულიყო თეატრის მმართველისა და სამხატვრო ხელმძღვანელის შტატები.

გიორგი საური: ,,როდესაც ეს იდეა გაჩნდა, სხვა და სხვა დაჯგუფებას თავისი პროექტი ჰქონდა. ანუ სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის მმართველის ფუნქციები უნდა გაერთიანებულიყო. თავდაპირველად, თეატრში შეგროვდა ხელმოწერები, რომლითაც მოითხოვეს ამ ორი შტატის გაერთიანება და მისი ფუნქციების მთლიანად მამუკა ტყემალაძესთვის დაკისრება. ეს წერილობითი სახით გუბერნატორის სახელზე დაიწერა“.

ამ განცხადების შეტანის დროს ადგილობრივ ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ თეატრი ხელიდან ეცლებოდათ, რადგან მამუკა ტყემალაძეს კულტურის სამინისტრო მფარველობს და ამიერიდან თეატრში  ადგილობრივ ჩინოვნიკებს ფეხს არავინ ჩააყოფინებდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ ,,ორხელისუფლებიანობის" გაუქმების იდეა დაიწუნეს. ამან ,,მრჩეველთა საბჭოს" სხდომაზეც გაიჟღერა. ლადო ვარძელაშვილს ახლა უკვე თეატრის დასის მეორე ნაწილმა მისწერა - ,,თეატრის მმართველად ნოდარ მდინარაძე დაგვინიშნეთო".

ნოდარ მდინარაძეს ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს. გორის მაჟორიტარის, გიგა ტატიშვილის საარჩევნო კლიპებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, სწორედ  ნოდარ მდინარაძე ახმოვანებდა.

შიდა ქართლის გუბერნატორს ლადო ვარძელაშვილს ნოდარ მდინარაძის მხარდამჭერი განცხადება ჯერ წესიერადაც არ ჰქონდა განხილული, რომ მას გორის თეატრიდან შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალის ნაწილის მიერ შედგენილი, რიგით მესამე განცხადება დაუდეს მაგიდაზე. ამ მესამე წერილით თეატრის მმართველად არა ნოდარ მდინარაძის, არამედ  ნოდარ ყველაშვილის დანიშვნას ითხოვდნენ. ანუ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დარჩენილიყო მამუკა ტყემალაძე, ხოლო თეატრის მმართველად ნოდარ ყველაშვილი.

საგონებელში ჩავადნილ გუბერნატორს წინ სამი განცხადება ედო. ორი მამუკა ტყემალაძის სასარგებლოდ, ერთი  მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების სასარგებლოდ. ის, რომ თვით გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილიც საგონებელში იყო ჩავარდნილი, ეს ბოლო ,,მრჩეველთა საბჭოს" სხდომაზეც გაირკვა. ლადო ვარძელაშილის ადმინისტრაციაში სულ საბჭოს 5-მდე ასეთი სხდომა გაიმართა, ხუთივე სხდომაზე მთავარი საკითხი თეატრი იყო.

გორში რეალურად მოქმედი და თანაც არასატელიტური არასამთავრობო ორგანიზაციის უდიდესი წარმომადგენლების აზრით, მრჩეველთა საბჭოში უმრავლესობა პირადი ინტერესების მიზნებით შეიყვანეს, რომელთა უმრავლესობა საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჩხეიძემ სამხატვრო ხელმძღვანელი კაბინეტში დაიბარა და განცხადების დაწერა აიძულა. ეს ის ზურაბ ჩხეიძეა, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან რომ გამოარჩია საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ. სწორედ ზვიად ხმალაძის პროტექტორობით დაინიშნა ჩხეიძე კულტურის განყოფილებაში.

ზურაბ ჩხეიძემ 21 მაისის არჩევნების წინ სკოლის დირექტორები დაიბარა და სულ კუდით ქვა ასროლინა - შეწყვიტეთ სკოლებში „კავეენების“ ჩატარებაო. სკოლის მოსწავლეები თურმე ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე ამზადებდნენ იუმორისტულ ნომრებს, რაც ხელისუფლებას არ მოეწონა.

კულტურის სამმართველოს უფროსს 18 ივლისს მუნიციპალიტეტის შენობაში უშედეგოდ ვეძებდით. როდესაც ,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა" გორის თეატრში არსებულ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი კულტურის სამმართველოს უფროსთან დაკავშირება.

ზურაბ ჩხეიძე: ,,არავითარი ძალადობა არ ყოფილა. ჩვენ ვაპირებთ თეატრში რეორგანიზაცია ჩავატაროთ. არ არის აუცილებელი თეატრს სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავდეს, ეყოლება მმართველი და ის გადაწყვეტს, რომელი რეჟისორი მოიწვიოს და რომელს დაადგმევინოს სპექტაკლი. ამის შესახებ კულტურის სამინიტროს ვაცნობეთ და იმედია ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ. არ გამოვიყენე ის ფაქტი, რომ მამუკა ტყემალაძემ 300-ზე მეტი რეპეტიცია გააცდინა."

ტენიკური რეჟისორი გიორგი საური აცხადებს, რომ 5 თვის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელია გორის თეატრში 300 სპექტაკლი ჩატარებულიყო. მარინა ჯაფარიძის თქმით, ოფიციალურად სულ 74 რეპეტიცია ჩატარდა, აქედან რეპეტიციების გაცდენის მიზეზი ის იყო, რომ თეატრის მმართველი სცენას აქირავებდა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შიდა ქართლის ოფისი გორის თეატრის მმართველის ილია თოდაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას როგორც ადმინისტრაციული, ასევე სასამართლო წესით გაასაჩივრებს. გარდა ამისა, მოითხოვს მუნიციპალიტეტის მხრიდან კულტურის სამმართველოს უფროსის ზურაბ ჩხეიძის მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას და დაადგინოს, მართლაც მოხდა თუ არა ზემოთაღნიშნული ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში.


ახალი ამბები